ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა სამ ეტაპად მოხდება - ეკონომიკის მინისტრი
ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა სამ ეტაპად მოხდება - ეკონომიკის მინისტრი

A+ A-

16:05 07/05/2020
ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა სამ ეტაპად მოხდება. ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
 
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ინდუსტრია მომზადდება, მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება. მესამე ეტაპზე კი, ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.
 
„ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა, რომლითაც მოვემზადებით გახსნისთვის. პირველ ეტაპზე, ესაა რასაკვირველია ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები.
 
იგივე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში, გიდებთან. როგორც კი დამტკიცდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, მათ დავნერგავთ. მანამდე ლოკალური გაიდლაინებით ვამზადებთ ამ ინდუსტრიას. ეს ეხება სატრანსპორტო კომპანიებს.
 
ასევე, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადახვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც უკვე დაიწყეს ერთმანეთში საზღვრების გახსნის პროცესი და ჩვენ ამის თანამონაწილე უნდა გავხდეთ. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ. გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება და რა არის ამისთვის გასაკეთებელი.
 
რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. მეორე ეტაპი, 15 ივნისი ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის გახსნის თარიღია. ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები.
 
15 ივნისიდან, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს, ესტუმროს სასტუმროებს. მესამე ეტაპია - პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით განხორციელდება და ამ ეტაპისთვის ფრენები ეტაპობრივად აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.