საქართველო სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილი არ უნდა იყოს - არჩვაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
საქართველო სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილი არ უნდა იყოს - არჩვაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

A+ A-

15:48 07/05/2020

ხელისუფლების მიერ ტურიზმის  ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის პარალელურად, ეკონომიკის ექსპერტები “ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, ძირითადი აქცენტები სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთოს.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში ბევრი პროდუქტი ადგილზე უნდა იწარმოებოდეს, რათა ქვეყანამ ტურიზმთან ერთად, ეკონომიკა განავითაროს.

საქართველოში ფრინველის ხორცის მოხმარების მხოლოდ 30% გვაქვს შიდაწარმოება, 70%  არის  იმპორტიმეტ-ნაკლებად ანალოგიური ვითარებაა სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით.

ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის სავიზიტო ბარათია. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის სამყოფი სასურსათო-სანოვაგე პროდუქტი ადგილზე  უნდა იყოს წარმოებული. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარება“, -  განაცხადა არჩვაძემ.

ექსპერტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში მაქსიმალურად გააკონტროლოს, რათა კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

“ჩვენ გარკვეული სიფრთხილე დაგვჭირდება ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ, თუ საზღვარგარეთ, კორონავირუსთან დაკავშირებით,  მდგომარეობა არ დასტაბილურდა, მაშინ ჩვენთანაც პრობლემები იქნება, მიუხედავად შიდა ძალისხმევისა.

იმისათვის, რომ ტურიზმის მოძრაობა დაიწყოს, საჭიროა, ხელისუფლების მხარდაჭერა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს - საუბარია, მათ შორის, საგადასახადო შეღავათებზე. ტურიზმი შეძლებს ნელ-ნელა სახე და კონკურენტუნარიანობა დაიბრუნოს“,- განაცხადა არჩვაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ხელისუფლებამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე