მთავრობა სარესტორნე ბიზნესს არსებულ სესხებზე 30%-იან თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს, ახალზე კი - 90%-იანს - თურნავა
მთავრობა სარესტორნე ბიზნესს არსებულ სესხებზე 30%-იან თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს, ახალზე კი - 90%-იანს - თურნავა

A+ A-

15:09 07/05/2020

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს არსებული საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, 30%-იანი თანაუზრუნველყოფით დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სესხების მოზიდვის დროს კი, სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს 90%-იან თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს.

„ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სტრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი.

გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს.

ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, – განაცხადა თურნავამ.