ფსიქოლოგის 8 რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად გამოგადგებათ
ფსიქოლოგის 8 რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად გამოგადგებათ

A+ A-

19:25 18/04/2020

მსოფლიო პანდემიის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის ფსიქიკის სტრესისგან დაცვაა. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა თავი დააღწიონ პანიკას და შიშს, რომელიც, გახანგრძლივების შემთხვევაში, ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„2020NEWS“  ფსიქოლოგ მერი ტარიელაშვილს ესაუბრა, რომლის რჩევებიც იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ძალიან დაეხმარება:

  • პანიკა და შიში ადამიანისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი განცდის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია და იწვევს იმუნიტეტის დეფიციტს. გარდა ამისა, პანიკის დროს ემოციური ფონი ძლიერდება, რის გამოც ადამიანის კოგნიტური პროცესები, ვგულისხმობ ლოგიკურ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას, მეხსიერებას, შეფერხებულად მიმდინარეობს. ამ დროს საუბარიც კი აღარ გვაქვს პროდუქტულობაზე. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ჩამოთვლილ 5 ფაქტორს და განსაზღვროთ, რამდენად და რა სიხშირით გახასიათებთ ისინი:
  • 1. ვიქტანტილური ნიშნები: მაგალითად ძილის ციკლის არევა, კვებითი აშლილობა - მადის დაკარგვა ან პირიქით - მადის გაძლიერება (როდესაც სტრესის გავლენით ადამიანი გაუჩერებლად იწყებს ჭამას), კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუარესება.
  • 2. ფსიქოსომატურ-ნევროტული ნიშნები: გამოიხატება ე.წ. წიკებით, მაგალითად თვალის უკონტროლო ხამხამით, სუნთქვის გაძნელებით ან მეტყველების შეფერხებით, როდესაც კორონავირუსზე ლაპარაკობენ, გტკივათ მუცელი ან თავი, თავბრუ გეხვევა.   
  • 3. გუნება-განწყობილების მოშლა - თუ განიცდით მწვავე ნეგატიურ ემოციებს, რომლებსაც ცრემლებამდე, კივილამდეც კი მიყავხართ.
  •  4. თავს ისე გრძნობთ, თითქოს ჰიპნოტოზურ მდგომარეობაში იყოთ, გამუდმებით, დღეში ათჯერ უყურებთ ახალ ამბებს კორონავირუსზე, სხვა ყველაფრის მიმართ კარგავთ ინტერესს. აქ საჭიროა გამიჯნოთ, როცა კონკრეტული რაციონალური მიზნებიდან გამომდინარე უყურებთ და განიხილავთ ახალ ამბებს. მაგალითად, საზღვარგარეთ გაფრენას გეგმავთ და გაინტერესებთ ხელი ხომ არ შეგეშლებათ, ეს სხვა საკითხია. აქ იგულისხმება, რომ თქვენ ვერ წყდებით შიშის ობიექტს, მუდმივად უბრუნდებით და უბრუნდებით მას, სხვათაშორის ახლაც ამას აკეთებთ, კითხულობთ სტატიას კორონა ვირუსზე.
  • 5. გაუაზრებელი პანიკური ქცევები - მიდიხართ და ყიდულობთ 30 კილოგრამ წიწიბურას, მაშინ როცა სინამდვილეში, ალბათ 1 კილოგრამი გჭირდებათ, ან გეუბნებიან, რომ არ წახვიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თქვენ კი ზომბირებულივით პირდაპირ იქ მიდიხართ.თუ ჩამოთვლილთაგან სამი მაინც შეგესაბამებოდათ, ე.ი. თქვენს ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვირუსმა.

 

  • და რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, ასეთი ტიპის კრიზისების დროს როგორ უნდა მართონ ემოციები და საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა?
  • კრიზისები ყოველთვის იყო, არის და იქნება. თუმცა ბოლო პერიოდში სამყაროში ცვლილებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ადამიანების უმეტესობას უჭირს მათთან ადაპტაცია. სპეციალობებსაც რომ შევეხოთ, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ერთ სფეროში განათლების მიღებას ვერ ვასწრებთ, რომ მიღებული ცოდნა უკვე არააქტუალური ხდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, საზოგადოებას უკვე ძალიან უჭირს მომავლის დაგეგმვა, ხანგრძლივი პერსპექტივით მიზნების დასახვა. მომავალი, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუმცა ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, რწმენა მომავალთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას დღეს.
  • მაგალითად, თუ გეტყვიან რომ მძიმე სენით ხარ დაავადებული, ეს იწვევს ქცევის ცვლილებას. ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება, ისაა, რომ მიზნების დასახვის და მიღწევისადმი ინსტინქტი იკლებს. არაერთხელ განცდილი კრიზისის და არასტაბილურობის გამო, ადამიანები კარგავენ ხვალინდელი დღის რწმენას. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა მივიღოთ ერთი პოსტულატი - ცხოვრება არ არის სტაბილურობა - ცხოვრება მოძრაობაა, ცვლილებებია. მაგალითისთვის გაიხსენეთ სერფერების სტილი. ისინი სერფბორდზე მუცლით წვანან და ცურავენ, ელოდებიან ტალღას და როცა დიდი ტალღა მოდის, სერფბორდზე ფეხებით დგებიან და ამ ზვირთებზე სრიალებენ, რისგანაც იღებენ სიამოვნებას. თუ ამ დროს სპორტსმენი შეცდომას დაუშვებს, მას ტალღა წაიღებს, ქვებზეც ახოხიალებს, ატკენს... მოკლედ ცხოვრებაში ცვლილებები ზვირთია - და შენ ან ახერხებ მასზე ცურვას, ან იძირები წყალში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ ტალღაზე ცურვა, ვისწავლოთ კრიზისების მართვა.

 

  • თქვენი, როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაცია რა არის?

-  მე გთავაზობთ 8 რეკომენდაციას, რომელიც გამოგადგებათ კორონავირუსით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად:  პირველი - უნდა მიიღოთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ თქვენ თავში დარწმუნდეთ და თქვათ „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო და რაც ჩემზე იყო დამოკიდებული...“ მიყევით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. მეორე - შეუზღუდეთ საკუთარ თავს ახალი ამბების ყურება ვირუსზე და ნუ გააკეთებთ ამას დღეში ათჯერ. დაფიქრდით, რა რაციონალური მიზნებისთვის გჭირდებათ ამდენჯერ ვირუსის განხილვა. მოიწყეთ ენერგო-საინფორმაციო დიეტა ვირუსთან დაკავშირებით და გადაწყვიტეთ მის განხილვას ცხოვრების რამდენ დროს დაუთმობთ.

ზოგი უთმობს მას ერთ საათს და ზოგიც მთელ დღეებს. მესამე - მოერიდეთ ნეგატიურ წარმოსახვას და ფანტაზიებს იმასთან დაკავშრებით, რა შეიძლება მოხდეს, ყველა დავიხოცებით და ა.შ. არანაირი აზრი არ აქვს წინასწარ განიცადოთ ის მოცემულობა, რომელიც ჯერ არ დგას. მეოთხე - გააანალიზეთ, რომ ახლა სიტუაცია ცოტა შეცვლილია, შესაძლოა დისტანციურად გიწევთ მუშაობა, შეგეცვალათ გრაფიკი, დროებით მოწყდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. აჯობებს იფიქროთ ამ პერიოდისთვის თქვენი დროის ორგანიზებაზე, შრომის ნაყოფიერების ზრდაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ... შეიმუშავეთ დღის ახლებური რეჟიმი და სტრუქტურა. მეხუთე - მოერიდეთ ემოციურ დისკუსიებს კორონავირუსთან დაკავშირებით, საკუთარი სიმართლის მტკიცებას, დამნაშავის და უპასუხისმგებლოს ძებნას.

თითოეულ ზრდასრულ ადამიანს აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლის და ჩვენც ზუსტად ისე მოვიქცევით, როგორც სწორად მიგვაჩნია. მეექვსე - პანიკა გადამდებია - ალბათ გარშემო არიან აფორიაქებული ადამიანები, რომლებიც მოდიან თქვენთან, გადმოგცემენ ნეგატიურ ემოციებს და თქვენშიც იწვევენ უფრო მეტ შფოთვას... მოერიდეთ მათ... მაგრამ თუ მაინც გინდათ რომ დაეხმაროთ, ნუ ეტყვით - „მოეშვი პანიკას“, „დამშვიდდი“... გაიხსენეთ თქვენი თავი, როცა განიცდიდით, ნერვიულობდით და ვინმეს უთქვამს „დამშვიდდი“, როდესმე ეს დაგხმარებიათ? - როგორც წესი, პირიქით, უფრო მეტ შფოთვას და აგრესიას იწვევს.

უმჯობესია, თუ კითხავთ კონკრეტულად რა აწუხებს, კიდევ რა აღელვებს, როგორ გადაწყვეტილებებს ხედავს, ადამიანმა უნდა გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და ემოციები. მეშვიდე - მოერიდეთ ნეგატიური შინაარსის საუბრებს არა მხოლოდ კორონავირუსზე, არამედ საერთოდ. ეცადეთ ახლა არ გაარჩიოთ ურთიერთობები, არ იჩხუბოთ, არ გამოხატოთ აგრესია, არც მისწეროთ ვინმეს ნეგატიური, სამართლიანი ტექსტები. ეს თქვენს შფოთვასაც გაზრდის და ადრესატისასაც. მერვე - ამ რთულ მდგომარეობაშიც კი ეცადეთ დაინახოთ სარგებელი, დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს, წაიკითხეთ წიგნები - მხატვრული, პროფესიული, სამეცნიერო ლიტერატურა, იმეცადინეთ - გაიღრმავეთ ცოდნა თქვენთვის საინტერესო სფეროში, ისწავლეთ უცხო ენა, რომლისთვისაც აქამდე დრო ვერ გამონახეთ და ა.შ.

- ფსიქოლოგიურად რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური მოლოდინის ქონა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა?

- ძალიან მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ აუცილებლად მოვახერხებთ ვირუსის დამარცხებას, მჯერა რომ ამ კრიზისსაც გადავიტანთ და უფრო მეტად ვისწავლით ერთმანეთის ფასს.ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას - როგორც ფიზიკურს ასევე ფსიქიკურს.