სკანდალი: კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა - FOX NEWS
სკანდალი: კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა - FOX NEWS

A+ A-

14:01 16/04/2020

"ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მედია ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით "წყაროები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში, ჩინეთის აშშ-თან კონკურენციის ფარგლებში".

ექსკლუზიურ მასალაში გამოცემა იუწყება, რომ ლაბორატორიაში ვირუსი შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობის ნაწილი, დემონსტრირება მოეხდინა, რომ მისი ძალისხმევა ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის შესაძლებლობების ტოლია ან აღემატება მას.

ფოქს ნიუსის“ ერთ-ერთი წყარო  ვარაუდობს, რომ თავდაპირველად, ვირუსის გადაცემა ღამურიდან ადამიანზე მოხდა და პირველი ინფიცირებული უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც შემდეგ ქალაქის მოსახლეობაში გავიდა.

"ფოქს ნიუსი" წერს, რომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელიც თავდაპირველად ვირუსის წარმოშობის ადგილად დასახელდა, ღამურები არასდროს იყიდებოდა. ფარული წყარო მედიასაშუალებას უყვება, რომ ზღვის პროდუქტების ბაზრის დადანაშაულება იყო ჩინეთის მცდელობა, რომ ბრალდება უხანის ლაბორატორიისთვის აერიდებინა, რომელსაც თან ახლდა ქვეყნის ხელისუფლების აშშ-სკენ და იტალიისკენ მიმართული პროპაგანდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა 2018 წლის იანვარში განაცხადეს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინსტიტუტში უსაფრთხოება საკმარისად დაცული არ იყო და გაავრცელეს ინფორმაცია იმ მეცნიერებზე, რომლებიც ღამურების კორონავირუსებზე სარისკო კვლევებს აწარმოებდნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ თქვა, რომ მტკიცებულებები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, თუმცა დადასტურებულად არც ამის თქმა შეიძლება.

„ფოქს ნიუსის“ წყარო ამბობს, რომ ჩინეთმა 100% დამალა და შეცვალა მონაცემები, ნიმუშები განადგურდა, დაბინძურებული ტერიტორიები გაიწმინდა და აკადემიური სტატიები დამალეს.

ექსკლუზიურ მასალაში აღნიშნულია, რომ ის ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც ვირუსის გავრცელების, მისი გადამდები ბუნებისა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საშიშროებაზე საუბრობდნენ, „გაუჩინარდნენ“.

მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით

ანა ქორჩილავა