მილიონი იშოვნა, ბევრი... - რა წერია და რა არ წერია ივანიშვილის გავლენიანი მაღალჩინოსნის, დავით საგანელიძის დეკლარაციაში?!
მილიონი იშოვნა, ბევრი... - რა წერია და რა არ წერია ივანიშვილის  გავლენიანი მაღალჩინოსნის, დავით საგანელიძის დეკლარაციაში?!

A+ A-

14:10 27/04/2020

ეკონომისტი, ექიმი, იურისტი და პოლიტიკოსი, ამჟამად კი, „საპარტნიორო ფონდის“ გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე იმ მაღალჩინოსანთა შორისაა, ვისი ყოველთვიური ანაზღაურება 5-ნიშნა ციფრებშია გამოხატული, ხოლო ქონება - მილიონებში. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დეკლარირებული მილიონერია.

ის ფლობს ბინებსა და აგარაკებს თბილისში, მცხეთაში, რაჭაში, აჭარაში, თურქეთში...მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ეს ყველაფერი არ არის... მას კარგი კავშირები აქვს ჩინეთში. მათ შორის, ვინც აბრეშუმის გზასა და ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს-ეკონომიკურ ნაკადებს აკონტროლებს, როგორც ამბობენ, დავით საგანელიძეც არის.

 

„საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა - ეკონომისტმა, ექიმმა, იურისტმა და პოლიტიკოსმა დავით საგანელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ გავლენიანი და მაღალანაზღაურებადი მაღალჩინოსანი „მსუყე“ უძრავი ქონების პატრონიცაა.

ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები...

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, დავით საგანელიძე ფლობს - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 250 კვ.მ.-სა და 413 კვ.მ.-ის ბინებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წელს - ჯამში 450 000 ლარად უყიდია. თუმცა, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება მაშინაც ბევრად მეტი იყო და ახლა - მითუმეტეს. ყველაზე უხეში დათვლებით, საგანელიძის მხოლოდ ამ ორი საცხოვრებელი ბინის ფასი რამდენიმე მილიონი ლარია.

გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო, მცხეთაში, სოფელ არმაზში ფლობს 300 კვ.მ. ფართობის აგარაკს, რომელიც განთავსებულია 1200 კვ.მ. მიწის ფართობზე და რომლის საბაზრო ღირებულებაც ასევე მილიონებში ითვლება. თუმცა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის საკუთრებაში არსებული აგარაკი მას 1998 წელს 15 000 ლარად შეუძენია.

საგანელიძემ 2016 წელს, 70 000 დოლარად, ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიაში" მდებარე 126 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინაც შეიძინა. ეს ის ცნობილი „მაგნოლიაა“, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ აშენებდა და რომლის გამოც, ისევე როგორც სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებისა და დაზარალებული მოქალქეებისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები სასჯელს იხდიან.

გარდა ამისა, საგანელიძე ასევე ფლობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 14-14 კვ.მ. ფართის ავტოფარეხებს, რომლებიც მას 5000-5000 ლარად აქვს შეძენილი. მას ასევე ეკუთვნის თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე 80 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომლის შეძენის თარიღად 2009 წელია მითითებული და მასში 8 000 ლარია გადახდილი.

დავით საგანელიძეს 2009 წელს 82 000 ევროდ თურქეთში, კარჩიჯაკში, 65 კვ.მ. ფართობის ბინაც უყიდია. როგორც დეკლარანტი აზუსტებს, თურქული სესხით.

აღსანიშნავია, რომ საგანელიძეების ოჯახი ატენის ქუჩაზე ფლობს კიდევ ერთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც საგანელიძის ბოლო დეკლარაციიდან გაქრა.

ჯერ კიდევ 2016 წლის დეკლარაციაში კი, ატენის ქუჩაზე მდებარე 71 კვ.მ. ფართობის ბინა შეტანილი იყო, რომელიც დედის, ლილი ბოჭორიშვილის სახელზე რეგისტრირებული.

საგანელიძეების წინა წლის დეკლარაციაში ასევე ეწერა, რომ მისი დედა ლილი ბოჭორიშვილი და მეუღლე სოფიო ფარცხალაძე 25-25%-იან წილს ფლობდნენ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, რომლის ფართობიც 4142.00 კვ.მ-ია. ხოლო დანარჩენი წილის მესაკუთრე მანანა გვასალია იყო. ამ ქონების შესახებ საგანელიძის ახალ დეკლარაციაში აღარაფერი წერია.

დავით საგანელიძე რაჭაში, ონის რაიონის სოფელ წმენდაურაში ფლობს 306 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ფართს და 8792 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც „ოცნების“ მაღალჩინისანს 2003-2010 წლებში შეუძენია.

 

საგანელიძის მეუღლის, სოფიო ფარცხალაძის საკუთრებაში კი ხონში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე განაშენიანების ფართია, რომლის ფართობი 219 კვ.მ.-ია. მას თავის დროზე აჩუქეს ასევე, ხონში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 901 კვ.მ. და 2724 კვ.მ. მიწის ფართობები. საგანელიძის მეუღლეს ამ ქონებასთან დაკავშირებით თანამესაკუთრეებიც ჰყავს - თამარ ფარცხალაძე და მარინა სანოძე.

დავით საგანელიძის დეკლარაციაში ასევე წერია, რომ მის მეუღლეს მიწა უყიდია, სამომავლო გადახდის პირობით, თუმცა სად მდებარეობს ეს მიწა, რამდენია მისი ფართი, რა ფასად იყიდა და როდის უნდა დაფაროს მისი საფასური, - უცნობია.

როგორც ჩანს, დავით საგანელიძეს „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს. მას 5 იპოთეკური სესხი აქვს აღებული, ჯამში 465 000 ლარისა და 240 000 დოლარის ოდენობით, რომელიც საბოლოოდ, 2028 წელს უნდა დაფაროს.

 ძმისთვის უსარგებლოდ, უსასყიდლოდ და უვადოდ მისესხებული მილიონები

თითქმის არც ერთი დეკლარანტის ქონებრივ დეკლარაციაში არ წერია ის, რაც „ოცნების“ მაღალჩინოსნის დეკლარაციაში გვხვდება - დავით საგანელიძე თავად ვალებს იღებს, ამ ვალებს იხდის, ხოლო საკუთარ ძმაზე სესხებს გასცემს განუსაზღვრელი ვადით, უსარგებლოდ.

დავით საგანელიძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ მან 2012 წლის პირველ მარტს, საკუთარ ძმას, გია საგანელიძეს, უსასყიდლოდ და უვადოდ ასესხა 465 000 ლარი და 150 000 დოლარი. ეს დოკუმენტი ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან გაფორმდა.

ზუსტად 4 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავით საგანელიძემ დეპუტატის მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობა ვადაზე ადრე დატოვა და საპარტნიორო ფონდის დირექტორი გახდა, კვლავ ასესხა ფული საკუთარ ძმას, 2016 წლის 25 იანვარს, 150 000 დოლარი, ასევე განუსაზღვრელი ვადით, უსასყიდლოდ და სარგებლის გარეშე. ეს ფინანსური ხელგაშლილობაც ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან გაფორმდა.

ძმაზე უსასყიდლო, სარგებლის და უვადო სესხის გაცემის ტრადიცია საგანელიძემ არც 2018 წელს დაარღვია და მან ძმას, გია საგანელიძეს 100 000 დოლარი ასესხა და ეს სესხიც რუსუდან ფიფიამ დაანოტარიუსა. ამ „ტრადიცულ ძმურ ხელგაშლილობას“ წინ უძღოდა ასევე „თიბისი ბანკში“, ასევე 2028 წლამდე იპოთეკური სესხის აღება. საგანელიძემ ამჯერად ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკიდან 150 000 დოლარი წამოიღო.

 

როგორც ჩანს, საგანელიძე-ფარცხალაძის წყვილს არ უყვარს ძვირადღირებული ფერწერული ტილოები ან სხვა ტიპის მდიდრული აქსესუარები. ყოველ შემთხვევაში ამის შერსახემ საგანელიძის ქონებრივ დეკლარაციასი არაფერი წერია.

გარდა ამისა, საგანელიძე ფლობს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე საწარმოს - შ.პ.ს "პულსს". მასვე ეკუთვნის 2007 წელს 12 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა " ლინკოლნ- ნავიგატორი".

საგანელიძეს, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე სამ ვალუტაში უფიქსირდებოდა 56 092 ,03 ლარი 34 577,67 დოლარი და 1 692,32 ევრო. ხოლო ნაღდი ფულის სახით მას უფიქსირდებოდა 8000 ლარი და 5000 დოლარი. რაც შეეხება საგანელიძის მეუღლეს - სოფიო ფარცხალაძეს, იგი დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით ფლობდა 5000 ლარს და 2000 დოლარს, ანგარიშზე კი - 3054 ლარი ჰქონდა. თავად სოფიო ფარცხალაძის წლიური შემოსავალი კი 4200 ლარი იყო. კერძოდ, სოფიო ფარცხალაძეს, 2019 წელს უნივერსტეტ „ჯორჯიაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელის პოზიციაზე მუშაობისას მიღებული აქვს 1000 ლარი, ხოლო შპს „თს ჰოლდინგში“ კონსულტატის პოზიციაზე 3200 ლარი.

დავით საგანელიძის წლიურმა გასავალმა ორ ვალუტაში სესხებსა და იპოთეკურ გადასახადებში შეადგინა 44 527.63 ლარი და 34 026.1 დოლარი.

როგორც ჩანს საგანელიძე-ფარცხალაძის ოჯახი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა და 2019 წელს ქველმოქმედებაში მათ 64 000 ლარი დაუხარჯავთ.

საგანელიძე-ფარცხალაძის წყვილს სამი შვილი ჰყავთ - ნოდარ, ელენე და ანდრია საგანელიძეები.

მილიონერი მაღალჩინოსნის წლიური შემოსავალი

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დავით საგანელიძის წლიური შემოსავალი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 237 231,28 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად, თითქმის 20 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს: 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით, სააგნელიძის წლიური შემოსავალი, 2011 წელს, 54 000 ლარი იყო. 2012 წელს - 29 800 ლარი; 2014 წელს - 84465 ლარი, ხოლო 2015 წელს, 156 634.89 ლარი. აქედან, დავით საგანელიძემ საქართველოს პარლამენტი წევრობისთვის 49 634.89 ლარი, ხოლო სს-საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 84 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო შ.პ.ს "ოფის სუითი"-დან, რომლის პარტნიორიც 1996 წლიდან არის, 23000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად 2015 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე ის, 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა.

ცნობისათვის, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობაა საქართველოში, რაც, როგორც ჩანს, „გაწეული დამსახურებისთვის და ერთგულებისთვის“ გადასცა ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ მაღალჩინოსანს.

საპარტნიორო ფონდი

სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. მის საკუთრებაშია საქართველოს რკინიგზის - 100% წილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის - 100% წილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის - 100% წილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერირების - 100% წილი და სს თელასის - 24.5% წილი.

და ბოლოს - ეკონომისტი, ექიმი, იურისტი და პოლიტიკოსი დავით საგანელიძე 1960 წლის 17 ივნისს თბილისში დაიბადა. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 წელს; 1998 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2001 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2002 წელს ბიზნეს-სკოლის სრული კურსი.

1983-1985 წლებში იყო მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, 1986-1993 წლებში ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის, 1986-1993 წლებში თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი. 1987 წელს სამედიციონო ფირმა "პულსის" დამფუძნებელი; 1994-1999 წლებში კორპორაცია GHF-ის პრეზიდენტი.

დავით საგანელიძე 1999-2016 წლებში 3 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მათ შორის მე-8 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი. 2010-2012 წლებში თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო.

უფრო ადრეულ წლებში კი - გასული საუკუნის 90-იან წლებში (1996-1999) კი სს „თიბისი ბანკისა“ და სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახლდათ.