ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს - დონალდ ტრამპი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს - დონალდ ტრამპი

A+ A-

17:57 09/04/2020

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს",-ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტედროს ადჰანომ გებრიესუსმა ამერიკის ლიდერს საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია.

„ისინი ამბობენ, ბევრად მეტი ცხედრების ჩანთა იქნება. ის (ტედროს ადჰანომ გებრიესუსი) ბევრად უკეთესად მოემსახურებოდა იმ ხალხს, რომელთათვისაც უნდა ემსახურა, სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა. ყველაფერი მიკერძოებული იყო ჩინეთის მისამართით: ყველაფერი კარგად იქნება, გადამდები არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, მას ორგანიზაციისთვის რომ დაეჯერებინა, საზღვრები არ უნდა დაეკეტა.

„მას უნდოდა, რომ საზღვრები არ დამეკეტა. მე მაინც დავკეტე საზღვრები, რაც რთული გადაწყვეტილება იყო იმ დროისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მივიღეთ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია აშშ-ს უსამართლოდ მოექცა.

„ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან“, - ამბობს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო მონაცემებით ინფიცირების 435 289 და გარდაცვალების 14 818 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება აღარ გააგრძელოს, რადგან ამ ორგანიზაციამ ინფორმაცია ვირუსის თაობაზე დროულად არ გაავრცელა.