სკანდალი: ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სასულიერო პირის ოჯახის წევრები სცემეს
სკანდალი: ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სასულიერო პირის ოჯახის წევრები სცემეს

A+ A-

18:12 08/04/2020

ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სასულიერო პირის ოჯახის წევრები სცემეს. ნაცემი ქალბატონები ჭიათურის პოლიციის უფროსის, ფილიმონ აბრამიშვილის და მისი მოადგილის, ვარლამ პაპიძის თანამდებობიდან გადაყენებას და დასჯას ითხოვენ. საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი აწარმოებს. 

“2020NEWS”-მა მომხდარი შემთხვევის ექსკლუზიური დეტალები მოიპოვა. სასულიერო პირის ოჯახის წევრები სააგენტოს თავად დაუკავშირდნენ.

ყველაფერი 5 ღერი სიგარეტის გამო დაიწყო და პოლიციელების მიერ სასულიერო პირის ოჯახის წევრების ცემით და 15-ათასლარიანი ჯარიმით დასრულდა. თუმცა, დასრულდა ამ ეტაპზე, რადგან ნაცემი ქალბატონების საჩივრის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. დაზარალებულები უკვე დაიკითხნენ, უახლოეს მომავალში კი თვითმხილველელბის დაკითხვა მოხდება.

ეკატერინე მეგრელიშვილი, დაზარალებული: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარმა ირაკლი კაპანაძემ, რომელიც ჩვენი მეზობელია, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სადარბაზოში ვცხოვრობთ, ჩემს მეუღლეს სიგარეტი სთხოვა, ყიდვა ვერ მოვასწარიო. 5 ღერი სიგარეტის გამოსართმევად გამოვიდა თავის სადარბაზოდან ჩვენს სადარბაზომდე. ჩვენ მას სიგარეტის ღერები აივნიდან მივაწოდეთ, ქვემოთ ჩავუგდეთ. ზუსტად იყო 10-ის 3 წუთი. კომენდანტის საათი დაარღვია ზუსტად 3 წუთით.

არ ვიცი საიდან, ასე სწრაფად როგორ შემოვიდნენ პოლიციელები ჩვენს ეზოში და დააკავეს ირაკლი, კომენდანტის საათის გამო უნდა დაგაჯარიმოთ 3 ათასი ლარითო და მიათრევდნენ პოლიციის განყოფილებაში. ირაკლიმ ჯერ უთხრა, არაფერი დამირღვევია, მეგობარს სიგარეტი გამოვართვი და სახლში ავდივარ, არ დამიწერო ჯარიმა, ვერ გადავიხდიო, მაგრამ ვინ გაუგონა. მერე უთხრა, თუ მაჯარიმებ დამაჯარიმე, პოლიციის განყოფილებაში რაღატომ მიგყავართო. ამ ყველაფერს მე ვუყურებდი აივნიდან, რადგან მე ჩავუგდე სიგარეტის ღერები ირაკლის და დავუძახე პოლიციელებს, რატომ აჯარიმებთ-მეთქი და გამოვესარჩლე.

ბიჭს სიგარეტის ფული არ აქვს, თორემ ხომ იყიდდა და 3-ათას ლარიანი ჯარიმა როგორ უნდა გადაიხადოს-მეთქი. თან ჩავედი ქვემოთ, ზემოდან რომ ვერაფერი გავაგებინე. რომ მივედი მათთან, მომიწოდეს, ნუ ერევი და კანონს ნუ არღვევთ, თორემ თქვენც დაჯარიმდებით, ადით სახლშიო. არ ამოვედი და გავაგრძელე ირაკლის გამოსარჩლება, არ მინდოდა ჯარიმა რომ დაეწერათ და ვუხსნიდი, რაც მოხდა, რომ სიგარეტი სთხოვა ჩემს მეუღლეს და სახლიდან მხოლოდ ამიტომ ჩამოვიდა ერთი სადარბაზოდან მეორე სადარბაზოსთან. რამდენიმე ნაბიჯი გამოიარა ეზოში.

მერე ცოტა აუწიეს ტონს ამ პოლიციელებმა და ყვირილი დაიწყეს. ამ ყვირილზე ხალხმა გადმოიხედა, რა ხდებაო. ჩემმა მეუღლემ რომ გაიგო ეს ამბავი, ბუნებრივია, ჩამოვიდა ქვემოთ. ამ პოლიციელებმა დამხმარე ძალა გამოიძახეს და რამდენიმე წუთში მოვიდა მთელი პოლიცია, მათ შორის პოლიციის უფროსი, ფილიმონ აბრამიშვილი და ორი მოადგილე, მათ შორის ვლადიმერ პაპიძე. მოსვლისთანავე დაგვიწყეს უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება, მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს აბრამიშვილი ყვიროდა - წავიდა თქვენი დრო, მორჩა თქვენი პარპაში, თქვენი ასე და ისეო. თან იცოდნენ, ჩვენ სასულუერო პირის ოჯახის წევრები რომ ვართ და ალბათ მამა ამირანს (მოდებაძე) გულისხმობდა, არ ვიცი. აბა რა ვიპარპაშეთ ან სად ვიპარპაშეთ - არ ვიცი.

ამ დროს ჩემი 5 წლის შვილი აივანზე იყო და რომ დაინახა რომ მის დედ-მამას პოლიცია მიათრევდა, ყვირილი დაიწყო. ერთი სიტყვით, ჩვენც ხომ დაგვაჯარიმეს და თან პოლიციაში მიგვათრევდნენ და ასე გინებით და ცემა-ტყეპით ჩამტენეს მანქანაში. ჩემმა შვილმა ეს რომ დაინახა, ბოლო ხმაზე ყვიროდა. მისი ხმა რომ გაიგონა ჩემი მეუღლის ძმამ და ძმისშვილმა, ისინიც ჩვენს კორპუსში ცხოვრობენ, გამოვარდნენ გარეთ, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა. ჩამოვიდა მთელი ოჯახი და ახლა იმათ დაუწყეს გინება და გაწევ-გამოწევა. საბოლოოდ, ჩვენი ოჯახის 5-ივე წევრი ჩაგვტენეს მანქანებში და წაგვიყვანეს განყოფილებაში. სახლში მარტო, აივანზე დამიტოვეს ჩემი 5 წლის შვილი, რომელიც ბოლო ხმაზე კიოდა.

ვეხვეწებოდი, გამიშვით, ბავშვს მეზობლებს ჩავაბარებ, რამე არ დაემართოს-მეთქი და არ გადმომიშვეს მანქანიდან. ჩემი ატირებული და შეშინებული შვილი მარტოდმარტო დამიტოვეს, რომელსაც მერე მეზობლებმა მიხედეს, ვიდრე მე განყოფილებაში გადამიყვანეს. იქ რომ მიგვიყვანეს 15 წუთში გამოგვიტანეს ოქმები, სადაც ვიყავით დაჯარიმებული 3-3- ათასი ლარით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო და არ გაინტერესებთ რა წერია ოქმში? - კომენდანტის საათის დროს ოჯახი ღამე ქუჩაში დასეირნობდაო. თან აქვთ თვითონაც გადაღებული ყველაფერი, რა როგორ მოხდა. ჩვენ ოქმს ხელი არ მოვაწერეთ. ერთი, რომ არ ვეთანხმებით და მეორე - ამხელა ჯარიმას ვერ დგადავიხდით, წარმოიდგინეთ ერთი ოჯახი დაგვაჯარიმეს 15 ათასი ლარით. ირაკლისაც ხომ დაუწერეს 3-ათას ლარიანი ჯარიმა. ჯამში 18 ათასი ლარის ჯარიმა დაწერეს.

ახლა რომ ვაცნობიერებ, ჩემი პატარა შვილი რომ აივნიდან გადმოვარდნილიყო ან რამე დამართნოდა, რა უნდა ექნათ, ან მე რა უნდა მექნა? - ბავშვი ისეთი შეშინებულია, ღამე არ სძინავს, შეშინებულს ეღვიძება და 3 დღეა ერთი და იგივეს მეკითხება - პოლიცია ხომ არ წაგიყვანსო. გუშინ პატრულის მანქანა დაუნახავს ეზოში შემოსული და გიჟივით მორბოდა, ჩემს დედიკოს და მამიკოს წაიყვანენო. ამიხსენით, ასეთ დროს, რაც მე ახლა თქვენ მოგიყევით, ერთი წუთი მაინც დაფიქრდები, რომ ამ პოლიციელების დასჯა არ მოითხოვო?!

  • - და რას აპირებთ?
  • - საჩივარი შევიტანეთ და ვითხოვთ მათ დასჯას. ჩავიტარეთ ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ჩვენზე - განსაკუთრებით ჩემზე და ჩემი ძმის მეუღლეზე განსაკუთრებულად იძალადეს, სულ დალურჯებული გვაქვს ხელები და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცემია ირაკლი კაპანაძეც, ვის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი.
  • - რატომ გცემდნენ?
  • - არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ არ შევეპუეთ და ვთხოვდით, რომ არ დაეწერათ ჯარიმა და ალბათ იმიტომაც, რომ ჩვენი ოჯახის ჯავრი ჰქონდათ. ფაქტი არის ის, რომ ნაცემი ვართ, 15 ათასლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს და თან იძახდნენ, თქვენი დრო წავიდა, გაჩვენებთ სეირს, თქვენს პარპაშს დავასრულებთო.
  • - „პარპაშში“ რა იგულისხმება?
  • - არ ვიცი, მამა ამირანს რომ მთელი ქალაქი პატივს სცემს ალბათ ეს არ მოსწონთ, არ ვიცი. სხვა რა პარპაშზე ლაპარაკობენ არ ვიცი, არავის არაფერს ვუშავებთ.

“2020NEWS” ჭიათურის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსს, ფილიმონ აბრამიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იმყოფებოდა.

  • - გიდასტურებთ, ნამდვილად ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილზე.
  • - რატომ, პოლიციის უფროსები ასე დადიან შემთხვევის ადგილებზე?
  • - თავდაპირველად იქ ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ და სიტუაცია რომ დაიძაბა, მოხდა პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება და წავედით ჩვენც, მე და ჩემი მოადგილეები.
  • - დაზარალებულები თქვენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადანაშაულებენ.
  • - ყველაფრის ვიდეომასალა და მტკიცებულება არსებობს.
  • - ბატონო ფილომონ, პირადად თქვენ გადანაშაულებენ მამა ამირან მოდებაძის ოჯახის წევრი ქალბატონები ცემაში. ამას ადასტურებთ?
  • - გიმეორებთ, ყველაფრის ვიდეომტკიცებულება არსებობს. მიჩივლონ და ყველაფერი გაირკვევა.
  • - უკვე გიჩივლეს ბატონო ფილიმონ, საქმეა აღძრული.
  • - შსს-ს პრესსამსახურშია ყველა მტკიცებულება და იქ მოიკითხეთ.

“2020NEWS” შეეცადა აღნიშნული საქმის გამომძიებელთან, ვლადიმერ ხურციძესთან გაერკვია, სამართლებრივი დეტალები, მაგრამ გამომძიებელმა ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. მათ შორის, ჩვენთვის უცნობია, რა მუხლით აღიძრა საქმე შს იმერეთის სამხარეო პოლიციაში.

“2020NEWS”-მა აღნიშნული საქმის სამართლებრივი დეტალები ვახტანგ გომელაურის უწყებაში მოიკითხა, საიდანაც ლონდა თოლორაიას აპატარში გადაგვამისამართეს. სახელმწფო ინსპექტორის სამსახურში  კი აცხადებენ, რომ საქმეს უახლოეს მომავალში, შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიებენ.