ცხინვალმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ცხინვალმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

A+ A-

18:22 02/04/2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. რამდენიმე დღით ადრე თავად რუსეთის ფედერაციამ გადადგა ეს ნაბიჯი და როკის გვირაბთან არსებული გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

მოქალაქეებს ცხინვალიდან რუსეთისკენ გადაადგილება ეკრძალებათ. ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ისიც აშფოთებს, რომ მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 4 შემთხვევა გამოვლინდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, თავად შეამოწმა ცხინვალის ადგილობრივი საავადმყოფო და დარწმუნდა, რომ ექიმები და ექთნები სათანადოდ არ არიან აღჭურვილნი. დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიითაც მიმართა და მათი დამშვიდება სცადა. მისი თქმით, რუსეთთან გზის დაკეტვამ სამხრეთ ოსეთს დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.

„ჩვენ დროში მოვიგეთ და გვაქვს შესაძლებლობა უარესი სცენარისთვის მოვემზადოთ. იმედი მაქვს, რომ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. არ გვაქვს დაინფიცირების შემთხვევები, მაგრამ მოქალაქეებს ვირუსის გამოსავლენად ტესტირებას ვუკეთებთ. ჩემი დავალებით, საჭიროების შემთხვევაში, მუშავდება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გეგმა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს ამის საჭიროება არ დგას. კიდევ ერთხელ გთხოვთ იყოთ პასუხისმგებლიანები, იმისთვის რომ ჩვენს რესპუბლიკაში არ დავუშვათ ინფექცია. ამ მიზნის მიღწევა ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბიბილოვმა სატელევიზიო გამოსვლისას.

"რადიო თავისუფლება"