ხვალიდან, საქართველოში, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება - პრემიერი გახარია
ხვალიდან, საქართველოში, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება - პრემიერი გახარია

A+ A-

17:21 30/03/2020

„საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქვეყანაში ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. ეს გადაწყვეტილება ხვალ 21 საათიდან შევა ძალაში“, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეების ფეხითა და ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება.

ამასთანავე, მოქალაქეებს ხვალ, დილის 8 საათიდან, გადაადგილების დროს, თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ.

სახლიდან გარეთ გასვლა და გადაადგილება ეზღუდებათ 70 წელს ზემოთ, ასაკოვან ადამიანებს. მათ მხოლოდ აფთიაქებსა და მაღაზიებში გასვლა შეეძლებათ.

ქვეყანაში წესრიგის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

ყველა რეგიონში ასევე იქმნება ოპერატიული შტაბები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების პროცესს გააკონტროლებენ. ოპერატიული შტაბების ხელმძღვანელის ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.

გარდა ამისა,  5 ქალაქის -  თბილისის, ქუთაისის,  გორის, ბათუმის, ფოთის - შესასვლელებთან მოეწყობა საგუშაგოები, სადაც გადაადგილებული მოქალაქეების თერმოსკრინინგი ჩატარდება.

პრემიერის თქმით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი 144, რომელიც უფასო იქნება და ყველა მოქალაქეს შეეძლება დარეკვა.

„ამ მოთხოვნების ხაზი გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა. ჩვენ ყოველთვის ვიპოვით საერთო ენას ეკლესიასთან.
მე ვერ წარმომიდგენია უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ეკლესიისთვის“, - განაცხადა გახარიამ და ყველა მოქალაქეს მოუწოდა, დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის წესებს.

შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, დღეს კი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.