აფხაზებს ერთი ინფექციონისტი ჰყავთ და ლაბორატორია არ აქვთ - მამუკა არეშიძე
აფხაზებს ერთი ინფექციონისტი ჰყავთ და ლაბორატორია არ აქვთ - მამუკა არეშიძე

A+ A-

13:03 30/03/2020

საგანგაშო სიგნალი ოკუპირებული აფხაზეთიდან: უახლოეს მომავალში იქ, შესაძლოა, მძიმე სურათი გამოჩნდეს, რადგან რეგიონში მხოლოდ ერთი ინფექციონისტი ჰყავთ და ვირუსის დასადგენი ლაბორატორია არ აქვთ.

“აფხაზეთში არ არის არანაირი ინფრასტრუქტურა და არ არიან სპეციალისტები, რომლებიც კორონავირუსს დაადგენენ. აფხაზეთში ჰყავთ ერთადერთი ინფექციონისტი, რომელსაც ვირუსის დასადგენად, ტექნიკური საშუალება არ გააჩნია“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აფხზეთში, კორონავირუსის გამო, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

“აფხაზეთში საგანგებო ზომები ფორმალურ ხასიათს ატარებს. საზღვარი ფსოუზე, გუშინწინ დაიხურა, მანამდე ღია იყო. თუ აფხაზეთში არსებულ უკონტროლო სიტუაციას, არაორგანიზებულობასა და უფულობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში იქ ვირუსის გავრცელების მხრივ, მძიმე სურათი გამოჩნდება “, - განაცხადა არეშიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. ამ დროისთვის დე-ფაქტო აფხაზეთში, ოფიციალურად, ვირუსის არც ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. საზღვარი ერთმა მოქალაქემ მალულად გადმოკვეთა, მეორე, 50 წლის ქალბატონი კი, ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ ქალბატონის კორონავირუსზე ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე