მარნეულზე, კორონავირუსზე მოსახლეობის გამოსაკვლევად, 1000 ტესტია განსაზღვრული - ეკატერინე ტიკარაძე
მარნეულზე, კორონავირუსზე მოსახლეობის გამოსაკვლევად, 1000 ტესტია განსაზღვრული - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

19:35 25/03/2020

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია. კარანტინში მყოფ მარნეულის მოსახლეობას ნაცხებს აუღებენ და ტესტების საშუალებით, თბილისში მოხდება კვლევა იმის დასადგენად, არიან თუ არა ისინი ინფიცირებული კორონავირუსით. ამ ქალაქისთვის 1 000 ტესტია განსაზღვრული.

ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა, მინისტრმა ადგილზე თავად შეამოწმა ტესტირებისთვის საჭირო პროცესის მიმდინარეობა.

„დღეს, როგორც იგეგმებოდა, საქართველოში ჩამოვიდა სწრაფი ტესტები. ამ ტესტების საშუალებით, ანალიზის პასუხებისთვის საჭირო დრო 6 საათი, 1 საათამდეა შემცირებული. ყველა ტესტი ჩამოტანილია, ხოლო აქ, ადგილზე, მარნეულში სპეციალისტები უკვე მუშაობენ.“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს კიდევ 1000 ტესტის ჩამოტანას ელოდებიან. საერთო ჯამში კი, საქართველოს 200 ათას ტესტზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

„ველოდებით დამატებით ტესტებს და მათაც მალე ჩამოიტანან. მარნეულსა და ბოლნისში მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა მიდის. 8 ათასი ოჯახი შერჩეულია ამ ჯგუფებისთვის და უტარდებათ საჭირო შემოწმება. 1000 ტესტია ჩამოტანილი. დამატებით 1000 ტესტს ველოდებით კვირის ბოლოს, შემდეგ კიდევ 2 ათასი ტესტი ჩამოვა.

საბოლოო ჯამში , 200 ათასი ტესტის შეძენაზე გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. დღეს ჩამოტანილი. 1000 ტესტი მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის არის განსაზღვრული, რადგან აქ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ყველაფერს ვაკეთებთ, სიტუაცია რომ არ დამძიმდეს“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით კი., მარნეულში 15 ათასი მოქალაქე შემოწმდა და მხოლოდ 4 ადამიანს ჰქონდა სიცხე.