აფხაზეთი კორონავირუსის გავრცელების ზღვარზეა - რატომ არ ამზადებს სოფელ რუხის საავადმყოფოს საქართველოს მთავრობა "COVID-19"-თან საბრძოლველად?
აფხაზეთი კორონავირუსის გავრცელების ზღვარზეა - რატომ არ ამზადებს სოფელ რუხის  საავადმყოფოს საქართველოს მთავრობა "COVID-19"-თან საბრძოლველად?

A+ A-

16:14 25/03/2020

მსოფლიო პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია მიშვებულია. ადამიანები თავშეყრის ადგილებში იკრიბებიან და უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ოკუპანტი ქვეყნის ქალაქ სოჭში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, ფსოუსთან კი, მანქანების მიმოსვლა არ წყდება.

თუმცა, საქართველოსთან საზღვრის გადაკეტვა - ენგურის ხიდთან, აფხაზებმა უკვე უზრუველყვეს. ამ ჟესტით, მათ უარი თქვეს საქართველოსგან დახმარების მიღებაზე.

რატომ არ მზადდება სოფელ რუხის საავადმყოფო ვირუსთან საბრძოლველად?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოკუპირებულ რეგიონს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა და განაცხადა, რომ თუ მეორე მხრიდან სურვილი იქნება, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას დაეხმარება.

თუმცა, ერთი კია, საქართველოს მთავრობას ამ დახმარების კონკრეტული გეგმა არ გაუხმოვანებია.

ამ ნაწილში ხელისუფლებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონების დახმარების რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.

„ზუგდიდის რაიონში, საოკუპაციო ზოლთან, სოფელ რუხში აშენებულია თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო. რატომ არ ამზადებს მას სახელმწიფო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისთვის? რატომ არ სთავაზობს მას აფხაზურ მოსახლეობას, გაუგებარია“, - ამის შესახებ ხაზრაძემ პარტიის ოფისიდან, ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

მართალია, ენგურის ხიდი ჩაკეტილია, ვირუსი აფხაზეთში ჯერ არ ბობოქრობს, მაგრამ ამ საავადმყოფოს მომზადებას ახლავე თუ დაიწყებს ხელისუფლება, საქმეს წინ ნამდვილად წაიგდებს, რადგან რუსეთისგან უპატრონოდ მიტოვებული აფხაზეთის დღის წესრიგში კორონავირუსი აუცილებლად „დააყენებს“ საქართველოსგან დახმარების მიღების საჭიროებას.

თუმცა, როგორც ჩანს, იქ მოსახლეობის ნაწილი კარგად ხედავს და ობიქტურად აანალიზებს ვითრებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა არ შეუძლიათ.

გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, ზურაბ აჩბამ სოციალურ ქსელში უკვე დაწერა, რომ აფხაზეთი კორონავირუსის გავრცელებას არ ებრძვის. აჩბა ოკუპირებულ რეგიონში ჩატრებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამბობს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ასე არ იქცევიან.

ნაწყვეტი ექიმის სტატუსიდან:

"როგორ ებრძვიან აფხაზეთში კორონავირუსს? – არანაირად არ ებრძვიან! საარჩევნო უბნების ყველა ფოტო და ვიდეომასალა დავათვალიერე და ეს არის ჩვენი სრული მარცხი. დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი, ყველა უნიღბოდ და უხელთათმნოდ იყო, არც მაგიდებზე იდგა სადეზინფექციო ხსნარები, ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.

რა ხდება?! საზღვრები თითქოს დაკეტილია, არადა, სინამდვილეში, ვებ-კამერებით სრულიად საწინააღმდეგოს უყურებ. იქ მანქანები თითქმის არ არის, აქ კი – კილომეტრიანი რიგია.

ბევრი რუსი ვიცი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად აქეთ ჩამოდის. საქართველოს საზღვართანაც თითქმის იგივე ხდება. სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არის – არც ნიღბები, არც სადეზინფექციო საშუალებები.

გადახედეთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს – მსოფლიოს ყველა ქალაქი დაცარიელებულია, ქუჩებში ადამიანს ვერსად დაინახავთ, ყველაფერს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, რადგან ამ მოთხოვნებს არ ვასრულებთ? ჩვეულებრივ ვიქცევით, არა? – ეგებ და, დავუძვრეთ! გარწმუნებთ, ვერ დავუძვრებით.“, - წერს ექიმი, რომლის სტატუსის თარგმანს “პალიტრანიუსი“ ავრცელებს.

მძიმე სიტუაცია აფხაზეთში

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გავრცელების ზღვარზეა. იქ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების ეშინია და პანიკაშია“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსახლეობა პანიკაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქ სოჭში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.
თუმცა, როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსთან საბრძოლველად, შესაბამისი ზომები მიღებული არაა.

“ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, თუმცა ეჭვები არსებობს, რომ ვირუსის შემთხვევა იქაც დაფიქსირდა. საერთოდ, აფხაზეთში ძალიან მიშვებული სიტუაციაა. ადამიანები თავშეყრის ადგილებში იკრიბებიან და უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ.

არადა, სოჭში კორონავირუსის ერთი შემთხვევა, თუ მეტი არა, უკვე დადასტურდა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ფსოუსთან კი, მანქანები თავისუფლად მოძრაობენ.

ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ კორონავირუსი აფხაზეთშიც ოფიციალურად მალე დაფიქსირდეს. აფხაზეთში ვირუსის გავრცელების ბევრ ადამიანს ეშინია. იქ ხალხში პანიკაა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მის ნათქვამს ადასტურებს აფხაზი ექიმის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიც.

ზურაბ აჩბა: „ნორმალურ სახელმწიფოში არჩევნებს გადადებდნენ, ყველა საარჩევნო უბანს დახურავდნენ, გადადებდნენ ქორწილებს, არ მივიდოდნენ პანაშვიდებზე, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დახურავდნენ ბაზრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, საერთო სასადილოებს, მაღაზიებს (გარდა აფთიაქებისა და სასურსათოებისა), საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებით გააჩერებდნენ, აუცილებელი საჭიროების გარდა, ადამიანებს ქუჩაში სიარულს აუკრძალავდნენ, ყველაფრის გასაკონტროლებლად ქუჩაში ჯარსა და მილიციას გამოიყვანდნენ და კიდევ… შეიძლება მთელი დღის განმავლობაში განვაგრძო ჩამოთვლა. ჩვენთან მსგავსს არაფერს აკეთებენ“.

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ოკუპირებული რეგიონი ინფიცირებულთა მკურნალობას ვერ შეძლებს. ზაქარეიშვილის თქმით, დაინფიცირების შემთხვევაში, პაციენტებს რუსეთში გააგზავნიან, ან მათი მკურნალობა საქართველომ უნდა უზრუნველყოს.

“იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში ვირუსი დაფიქსირდება, მაშინ აფხაზეთს პაციენტების გადაყვანა რუსეთში მოუწევს, ან პაციენტების მკურნალობა საქართველომ უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის ალყაშია მოქცეული, თუმცა ამ დროსთვის, იქ ოფიციალურად ვირუსის არც ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

რუსა მუმლაძე

ეკატერინე ზარნაძე