ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, ოპოზიცია მხარს დაუჭერს
ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, ოპოზიცია მხარს დაუჭერს

A+ A-

10:28 20/03/2020

დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

თუკი კომიტეტი ლორთქიფანიძეს მხარს დაუჭერს, მას პლენარულ სხდომაზე, დღესვე კენჭს უყრიან.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ,,ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმშია გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ისინი მხარს დაუჭერენ.

„ევროპული საქართველო“ მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებით, სამივე ფრაქციით მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კანდიდატურას და გვსურს, ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰქონდეს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელიც აღნიშნული თანამდებობის პირს ეკისრება“, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.