აფგან მუხთარლი თავისუფალია
აფგან მუხთარლი თავისუფალია

A+ A-

10:33 18/03/2020

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ცნობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის ძმა რამაზან მუხთარლი ავრცელებს.

“ჩემი ძმა გაათავისუფლეს. იგი პირდაპირ აეროპორტში იქნა გადაყვანილი, საიდანაც გერმანიაში გაფრინდა“, - წერს რამაზან მუხთარლი სოციალურ ქსელში.

როგორც “Meydan TV” იუწყება, 17 მარტს მუხთარლი, გათავისუფლების შემდეგ, ციხიდან პირდაპირ გერმანიაში გაამგზავრეს, სადაც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ცხოვრობს.

აფგან მუხთარლი, 2015 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, საიდანაც 2017 წლის 29 მაისს ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და ფარულად, აზერბაიჯანს გადასცეს. ჟურნალისტი გატაცების ორგანიზებაში საქართველოს ხელისუფლებას და შსს-ს კრიმინალურ პოლიციას ადანაშაულებდა. მუხთარლის თქმით, პრემიერმა კვირიკაშვილმა ილჰამ ალიევის ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

2018 წელს აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა" და "არადეკლალირებული თანხის კონტრაბანდის ბრალდებით" გაასამართლეს. „ის დაპატიმრებული იყო გამოგონილი ბრალდებებით და იმსახურებდა თავისუფლებას. აზერბაიჯანში ყველა პოლიტპატიმარი იმსახურებს თავისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა მუხთარლის გათავისუფლებას აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მუსავატის“ ლიდერი არიფ ჰაჯილი.

2017 წლის ოქტომბრიდან სწორედ გერმანიაში ცხოვრობს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, შვილთან ერთად. აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს.