იტალიის მთავრობა პანიკაშია, მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადადის და თავშესაფარს ეძებს - ქართველი ემიგრანტი
იტალიის მთავრობა პანიკაშია, მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადადის და თავშესაფარს ეძებს - ქართველი ემიგრანტი

A+ A-

14:58 10/03/2020

იტალიის მთავრობა პანიკაშია. მთავრობა კორონავირუსს მოუმზადებლი შეხვდა. ქვეყანში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია, რადგან მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადადის და თავშესაფარს ეძებს. ამის შესახებ „2020NEWS”-ს  იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა  მაკა ჩხაიძემ განუცხადა.

 „მთავრობა  ვირუსს მოუმზადებლი შეხვდა და შეშინებულია. მარტო მოსახეობა კი არა, მთავრობაც პანიკაშია. ყველაფერზე სერიოზულ კონტროლს ახორციელებს. სასწავლო დაწესებულებები 3 აპრილამდე დაიხურა, ყველგან სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხშირად გამოდიან ტელევიზიით და რეკომენდაციებს გასცემენ, რომ ხელები ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

ძალიან მაღალი რისკი არის რომ ჩვენთანაც, ქალაქ ბარშიც გავრცელდეს კორონავირუსი, რადგან ჩრდილოეთიდან ხალხი გამორბის და აქ - სამხრეთში ეძებს თავშესაფარს. პოლიცია და მთავრობა გვაფრთხილებს, რომ ქუჩაში არ გავიდეთ. თუ ვინმე აუცილებელად უნდა წავიდეს  სამსახურში და გარეთ გავა, მას პოლიცია აუცილებლად ამოწმებს და ითხოვს  დოკუმენტს სამუშაოს შესახებ. კარაბინელები აზუსტებენ, ნამდვილად მიდის თუ არა ესა თუ ის პირი სამსახურში“, - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, მოსახლეობამ უკვე დაიწყო საკვები პროდუქტებისა და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ყველა ცდილობს სახლში დარჩეს და არ ჰქონდეთ კონტაქტი ერთმანეთთან.

„ჩვენ ვისთანაც ვმუშაობთ, მათაც გაგვაფრთხილეს, რომ სახლიდან არ გავიდეთ. ყველა ქართველი სახლში ვართ ჩვენს ბებიებთან ერთად.  ვისაც ახლოს აქვს მარკეტი შეიძლება გავიდეს, მაგრამ მე სულ სახლში ვარ. იტალიელებიც  ერიდებიან გარეთ გასვლას. იმარაგებენ პროდუქტს, ასევე სადეზინფექნციო საშუალებებს. ქალაქ ბარში ჯერ არ დაფიქსირებულა ვირუსი,  მაგრამ მაღალი რისკის ქვეშ ვართ და ყველას გვეშინია“,  - განაცხადა ემიგრანტმა მაკა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1797 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია  - 97.