ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მოქალაქე ნაცემია
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მოქალაქე ნაცემია

A+ A-

18:33 07/03/2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი - რომელიც ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ნაცემია. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობას გუნდიშვილის მეუღლემ მიაწოდა და ექიმების დახმარება ითხოვა.

ელდარ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს. მისი ცოლი მაშინ აცხადებდა, რომ საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას ეზოს მახლობლად, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

გუნდიშვილი მომდევნო დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან დაკავებისას ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ჰქონდა.

ელდარ გუნდიშვილი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 7 მარტს კიდევ ერთხელ გადაიყვანეს.

8 მარტს აძვში ჩასვლას გეგმავს ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალების მხრიდან დაზარალებულ მოქალაქეს მოინახულებს და მას საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებასაც გაუწევს.

"რადიო თავისუფლება"