თურქეთმა ევროკავშირის მხარდაჭერა დაკარგა - რატომ მიიჩქარის პრეზიდენტი ერდოღანი შეიხი პუტინისკენ?
თურქეთმა ევროკავშირის მხარდაჭერა დაკარგა - რატომ მიიჩქარის პრეზიდენტი ერდოღანი შეიხი პუტინისკენ?

A+ A-

16:31 03/03/2020

„სირიაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდება... თურქეთი ცდილობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, რომელიც 5-6 მარტს გაიმართება, უპირატესობები მოიპოვოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდაზე უფრო მეტი სავაჭრო ჰქონდეს, რადგან თურქეთს, პრაქტიკულად, მოკავშირე არ ჰყავს... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდანაც თურქეთს მხარდაჭერა არ აქვს“, - ამის შესახებ "2020NEWS“-ს აღმოსავლეთმცოდნემ დავით კობერიძემ განუცხადა.

კობერიძის თქმითვე, თურქეთი ევროკავშირს შანტაჟის ენით ესაუბრება და ეს ძალიან მძიმედ იმოქმედებს მის პოზიციებზე ევროკავშირთან მიმართებაში. 

როგორც აღმოსავლეთმცოდნე აცხადებს, ევროპის ქვეყნები და მათ შორის, საქართველოც სირიელი ლტოლვილების საბუთს ამოფარებილი ტერორისტების მიგრაციის საფრთხის წინაშე დგებიან.

- მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს სირიის საჰაერო ძალებმა, რუსეთის ავიაციასთან ერთად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა, სირიაში მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება. როგორ ფიქრობთ, არსებული დაძაბულობის ფონზე სირიაში როგორ განვითარდება პროცესები?

- სირიაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდება, არამხოლოდ იდლიბის პროვინციაში, არამედ სირიის სხვა ტერიტორიებზეც.

იდლიბში თურქეთი ცდილობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, რომელიც 5-6 მარტს გაიმართება, უპირეტასობა მოიპოვოს, რათა მოლაპარაკაბების მაგიდაზე უფრო მეტი სავაჭრო თემა ჰქონდეს.

იდლიბის პროვინციაში ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა, თურქეთი წინ ვერ წაიწევს. მათ ეგონათ, რომ დამასკოში შევიდოდნენ და იქ ილოცებდნენ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან სირიის პროცესებში რუსეთია ჩართული.
რუსეთს სირიაში თავისი დიდი ინტერესები აქვს და უფრო მეტი ამბიციები, ვიდრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

- სირიელი მიგრანტების რაოდენობა, რომელიც ევროპის საზღვარს ყოველდღე კვეთს, დღითიდღე იზრდება. თურქეთი ევროკავშირს დაემუქრა, რომ სირიელ მიგრანტებს თავისი სახელმწიფოს საზღვრებში აღარ შეაჩერებს. ისინი აუცილებლად ევროპას მიაწყდებიან. საბერძნეთმა საზღვარიც კი ჩაკეტა. როგორც ფიქრობთ, ამ კუთხით როგორ წარიმართება პროცესები?

- სირიელი მიგრანტების საკითხი ძალიან მძიმე თემაა. თურქეთი ცდილობს, ევროკავშირს შანტაჟის ენით ესაუბროს. ეს ძალიან მძიმედ იმოქმედებს მის მოსალაპარაკებელ პოზიციებზე ევროკავშირთან მიმართებაში.

თურქეთი ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერას ბოლომდე დაკარგავს და შეიძლება, ითქვას, რომ უკვე დაკარგულიც აქვს.

თურქეთს პრაქტიკულად მოკავშირე არ ჰყავს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თურქეთს აშკარად, ღიად თუ ფარულად უჭერს მხარს, ეს არის კატარი. ეს არის, სახელმწიფო განუსაზღვრელი ფინანსებით, მაგრამ თურქეთს პოლიტიკური მხარდაჭერაც სჭირდება.
ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მხრიდან თურქეთს მხარდაჭერა არ აქვს, გარდა მორალურისა. უბრალოდ, სიტყვიერად ეუბნებიან, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და თურქეთის შეიარაღებული ძალები, როცა დაიბომბა, ჯარისკაცები, როცა დაიღუპნენ, მას ვერავინ დაეხმარა და ვერც დაეხმარებოდა იმიტომ, რომ ეს სამხედრო ოპერაციები თურქეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლი ვერ ამოქმედდება და თურქეთს ვერავინ ვერ დაეხმარება. ამასთანავე, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ საქმეში ბირთვული ზესახელმწიფო - რუსეთია ჩართული.

სირიელი ლტოლვილები, დაწყებული საბერძნეთიდან და ბულგარეთიდან, ევროპის ქვეყნებს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიან.

რა თქმა უნდა, მიგრანტები საბერძნეთსა და ბულგარეთში დარჩენას არ აპირებენ. მათი სამიზნე დასავლეთ ევროპაა, გერმანია და ჩრდილოეთ სკანდინავიის ქვეყნები, სადაც ცხოვრებისათვის ძალიან შეღავათიანი პირობებია. იქ მათი დიასპორები ცხოვრობენ.
თუმცა, ევროპელებმა მშვენივრად იციან, რომ ლტოლვილების დიდ ნაწილს საერთოდ არაფერი აკავშირებს იდლიბის პროვინციასთან. ისინი სხვა რეგიონებიდან, ან შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ.

საერთოდაც მიგრანტების შემადგენლობა ჭრელია და დიდი ეჭვია, რომ მათ შორის, ტერორისტები და მათი ოჯახის წევრებიც იქნებიან.

ასეთი ამბავი არაერთხელ მომხდარა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს ლტოლვილების ძალიან დიდი ტალღა მოადგება, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ხალხი, თურქული პასპორტებით აღჭურვილები, სარფის საბაჟოსთან მოვლენ.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა, რომ საჰაერო დაპირისპირებები პირდაპირ სახმელეთო შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- რუსეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირება არ მოხდება. ეს არავის აწყობს და არც უნდა, არც თურქეთს და არც რუსეთს. თუმცა, არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც პროცესების ასე განვითარება აწყობთ, მაგრამ ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებას იმდენად დიდი ამბები მოჰყვება, ძალიან ბევრი და დიდი სახელმწიფო იქნება ამ პროცესებში ჩათრეული. პირდაპირი დაპირისპირება არ იქნება იქიდან გამომდინარეც, რომ იდლიბის პროვინციაში საჰაერო სივრცე დაკეტილია.

თუ დააკვირდით, როცა თურქეთმა სირიის გარკვეული პოზიციები დაბომბა, ეს ყოველივე დრონებით განახორციელა.

ვიდრე რუსებს ეს სივრცე დაკეტილი აქვთ, იდლიბის პროვინციაში თურქეთის ვერცერთი თვითმფრინავი შეფრინდება.

- რამდენიმე დღის წინ, თურქეთი და რუსეთი სირიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ვხედავთ, რომ პროცესები სხვანაირად განვითარდა და სირიაში ისევ ადგილი ჰქონდა სამხედრო შეტაკებებს. როგორ ფიქრობთ, 5-6 მარტს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, რამდენად ნაყოფიერი იქნება პუტინ-ერდოღანის მორიგი შეხვედრა?

- საქმე ისაა, რომ თებერვლის შეხვედრებზე თურქეთი-რუსეთი ვერაფერზე შეთანხმდა. სწორედ ამიტომაც განვითარდა ასე პროცესები.

ახლა ამიტომ მიიჩქარის პრეზიდენტი ერდოღანი შეიხი პუტინისკენ, რომ იქნებ რაიმეზე შეთანხმდნენ.

როგორც წესი, პირველი პირების შეხვედრა უშედეგოდ არ სრულდება. ამ საკითხს ორივე სახელმწიფოს მხრიდან დიდი ეკონომიკური შემადგენელი ნაწილი აქვს, ამიტომ ისინი მოილაპარაკებენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან.

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა არც შედგეს. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესები და სადამდე ითავხედებენ თურქები სირიის ტერიტორიაზე.

თუკი თურქები სირიაში ძალიან არ ითავხედებენ, პუტინი და ერდოღანი შეხვედრისას რაიმეზე შეთანხმდებიან. თუმცა, ეს თურქეთის სასარგებლო შეთანხმება არ იქნება.

- თუ თურქეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები არ შედგება, როგორ ფიქრობთ, სირიაში დაპირისპირებები გაგრძელდება იქამდე. ვიდრე თურქეთი-რუსეთი მოლაპარაკებისას რაიმე რეალურ შედეგს არ მიაღწევს?

- სირიაში ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება დაპირისპირებები იმიტომ, რომ იქ საკმაოდ მძლავრი ძალაა ჩართული.

„ალ კაიდას“ სირიულ ფილიალს თავისი სამართალმემკვიდრე ჰყავს - ,,ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ სახით, რომელსაც სირიაში რამდენი ათეულობით ათასი მებრძოლი ჰყავს. ისინი არც იარაღს დაყრიან და არც სადმე წავლენ. სად უნდა წავიდნენ? ვერსად წავლენ.

გარდა ამ შენაერთისა, სირიაში 10-ზე მეტი მსხვილი და საშუალო სიმძლავრის ტერორისტული დაჯგუფებებიცაა, მათ შორის, კავკასიური დაჯგუფება. მათ მოუწევთ იქ დარჩენა, ბრძოლა და ომი. ასე რომ, ეს ამბები ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

ანა ქორჩილავა