ვისაც რაგბის განვითარებისთვის კარგი რჩევა ექნება, ყველას მოვუსმენ, რაგბი ჩვენი, ყველას თამაშია - ირაკლი აბუსერიძე
ვისაც რაგბის განვითარებისთვის კარგი რჩევა ექნება, ყველას მოვუსმენ, რაგბი ჩვენი, ყველას თამაშია - ირაკლი აბუსერიძე

A+ A-

19:25 26/02/2020

ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატთან, პარლამენტის წევრ, ირაკლი აბუსერიძესთან:

ერთი თვით გადადებული რაგბის კავშირის არჩევნები, დიდი ალბათობით, ხმაურის გარეშე არ ჩაივლის. 24 თებერვალს ჩანიშნული არჩევნების ჩაშლის შემდეგ, პრეზიდენტობის ძირითადი კონკურენტები გოჩა სვანაძე და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

„2020NEWS” რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა, რომელიც გოჩა სვანაძემ კენჭისყრაში მონაწილე პირებზე, მაჟორიტარი დეპუტატების გამოყენებით ზეწოლაში დაადანაშაულა: 

- ბატონო ირაკლი, უკვე მეორედ გადაიდო რაგბის კავშირის არჩევნები. 24 თებერვალს დაგეგმილი არჩევნების ჩაშლის ოფიციალურა მიზეზად კვორუმის არარსებობა დასახელდა. რა მოხდა სინამდვილეში და რა პროცესები უძღოდა ამ სკანდალურად ჩაშლილ არჩევნებს წინ?

-  პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, რომელიც რაგბის კავშირის საქმიანობას ეხებოდა, ბევრი კითხვა იყო პასუხგაუცემელი. ჩემი სურვილი იყო დავმსხდარიყავით, მთელი რაგბის ოჯახი და ყველა კითხვაზე მიგვეღო პასუხი. ბევრი წერილი გავაგზავნე რაგბის კავშირში, მაგრამ ყველა კითხვა უპასუხოდ დარჩა. არ იკადრეს პასუხის გაცემა, უნდოდათ მალე დამთავრებულიყო არჩევნები და ყველაფერი მოგვარებულიყო. მაგრამ ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და ასევე, მორაგბეებისათვის, მნიშვნელოვანია ყველა საკითხი რაგბის ოჯახში იქნას გარკვეული და არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი. მე არ ვაპირებ მტყუან-მართალის გარკვევას. მე მინდა ყველაფერი საჯარო და გამჭირვალე იყოს, წინ კიდევ 30 დღე გვაქვს. დავალაგოთ ყველაფერი და მერე ჩავატაროთ არჩევნები სამართლიან გარემოში. მე მგონი, ასე სჯობს.

- პრეზიდენტის არჩევნებზე ჩხუბი იყო. თქვეს რომ ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი  გაიტაცეს. რა მოხდა რეალურად?

- გეტყვით. ყრილობა უფლებამოსილი რომ ყოფილიყო და არჩევნები ჩატარებულად გამოცხადებულიყო, საჭირო იყო 54 ხმა. ყრილობაზე წარმოდგენილი იყო 19 დელეგატი და მათი ხმა ნიშნავდა 43-ს. განვმარტავ, ზოგ წევრს, მაგალითად უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს აქვს 3 ან 4 ხმის უფლება. მოკლედ, ზოგ დელეგატს ერთი ხმა აქვს, ზოგს უფრო მეტი. ჯამში იყო 43 ხმა, როგორც გითხარით, საჭირო იყო 54 ხმის მოგროვება. კვორუმი ისედაც არ იკრიბებოდა. მესმის 54 ხმა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი და ვინმე გაეტაცებინა ვინმეს. აი ეგ იქნებოდა დანაშაული. მოგონილი ჭორია, რომ ვინმემ ვინმე გაიტაცა. არც არაფერი ჩხუბი არ ყოფილა - ეგეც სიცრუეა. ერთი დელეგატი მოვიდა დაგვიანებით და ვითხოვდი მის შემოშვებას, მაგრამ ბიჭებმაა და კლუბის წარმომადგენლებმა თქვეს, წესი წესიაო და ვერ შემოვიდა. გამოვიდეს რომელიმე და კონკრეტული სახელი თქვას, ვინ ვის შეუშალა ხელი ან ვინ შევავიწროვეთ.

- გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ ერთი-ერთი კონკურენტი პარტიულია და მაჟორიტარებს იყენებსო, რაგბისტებზე ზეწოლას ახდენსო. ალბათ თქვენ გგულისხმობდათ და ამ ბრალდებაზე რა პასუხს გასცემთ მას?  

- რომ კითხოთ განათლებული კაცია და სხვის განათლებაზე ლაპარაკობს.  ესე რომ  ხდებოდეს, მე მექნებოდა ყველა ხმა და მაგას არცერთი. კონკრეტულად დამისახელოს სახელი და გვარები, რომელმა მაჟორიტარმა რომელ რაგბისტზე განახორციელა ზეწოლა. გოჩა სვანიძემ 2015-2016 წლის არჩევნებზეც დაასახელა რამოდენიმე ადამიანი. პრევენციის მიზნით ტელევიით გამოვიდა და განცხადება გააკეთა მათზე, რომ მათი მხრიდან ჩარევა არ ყოფილიყო არჩევნების პროცესში, მაგრამ მერე თითქმის ბოდიშით თქვა, რომ ეს თურმე ჭორის დონეზე გაუგია.  მოდით, ახლაც თავი დააანებოს ჭორაობას და კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელოს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაუშვა ეს შეცდომები იურისტმა გოჩა სვანიძემ?

- არ ვიცი. მაგრამ გეტყვი იმას, რომ აუდიტის დასკვნა, რომელიც დაიდო, საკმაოდ მძიმეა. მეც ფინანსისტი ვარ, მაგრამ როცა ეს დასკვნა ვნახე, ჩემს თავს არ დავუჯერე და გადავამოწმე სხვა ფინასისტებთანაც. მათაც იგივე მითხრეს, რასაც მე ვფიქრობდი,  რომ ძალიან მძიმე  დარღვევები იკვეთება. მათ შორის მიწის გაყიდვები, გაზრდილი საშტატო ერთეულები და ა.შ. არის თუ არა ეს ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. ეს ყველას აინტერესებს. ხალხი აქ დილიდან საღამომდე წვალობს, რომ რაგბი განვითარდეს.  ბავშვებს რომ სწორი ცოდნა მისცენ და ყველა ლიგა და ყველა მწვრთნელი რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ფინანსებია აუცილებელი. სწორედ აქ არის დარღვევები და ყველამ პროტესტი გამოთქვა აღნიშნულ დარღვევებზე. 

გოჩა სვანიძეს თუ უნდა, მოვიდეს და  რაგბსაც ვასწავლი, პატიოსნებასაც და პირველ რიგში, სამართლიანობას. უშეცდომი არავინ არაა, მაგრამ როცა საქმე რაგბის განვითარებას ეხება - აქ არიან ბავშვები, შესანიშნავი მწვრთნელები და ა.შ. ყველას წინაშე აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი. ყველაფერი უნდა გაირკვეს.  

-  პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი?

- პირველი, რასაც ვიზამ, არის ის, რომ გავაერთიანებ რაგბის ოჯახს.  მე როცა რაგბს აქტიურად ვთამაშობდი, ერთი ან ორი მოთამაშე თუ სათანადოდ ვერ თამაშობდა,  წარმატებასაც ვერ ვაღწევდით. დღეს რაგბს გუნდურობა აკლია. აი ამ გუნდურობას დავაბრუნებ პირველ რიგში. რაგბის კავშირის პრეზიდენტი მარტო იმ კლუბების პრეზიდენტი კი არ უნდა იყოს, რომლებიც მისი მომხრეები არიან, ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს. მთავარია გამთლიანება, სამართლაინობა და გამჭირვალობა. როცა საქმე სამართლიანად კეთდება, არც დამალვა იქნება საჭირო და არც კითხვის ნიშნები გაჩნდება. შევკრებ ყველა კლუბის პრეზიდენტს და სათითაოდ განვიხილავ პრობლემებს და მოგვარების გზებს. გასათვალისწინებელია გულშემატკივრის აზრიც. გულშემატკივარს ხშირად შევხვდებით, ისინი მარტო თამაშის დღეს არ უნდა გაგვახსენდეს. ყველას, ვისაც რაგბის განვითარებისთვის კარგი რჩევა ექნება, ყველას მოვუსმენ და გავითვალისწინებ მათ რჩევებს. რაგბი ჩვენი,  ანუ ყველას თამაშია. ჩვენ დასამალია რაფერი გვაქვს.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ყრილობა არ შედგა და არჩევნები გადაიდო. წესდების თანახმად 10-დან 30 დღის ვადაში, უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ყოფილი რაგბისტი ბაჩო ხურციძე და ასევე ყოფილი რაგბისტი და პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე.