დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭი დააკავეს
დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭი დააკავეს

A+ A-

09:32 25/02/2020

თბილისში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. შემთხვევა ზაზაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.