დიდი ბრიტანეთი და დანია საქართველოზე რუსეთის "გრუს" კიბერშეტევას გმობენ
დიდი ბრიტანეთი და დანია საქართველოზე რუსეთის "გრუს" კიბერშეტევას გმობენ

A+ A-

18:30 20/02/2020

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას დიდი დიდი ბრიტანეთისა და დანიის სამეფოებიც გმობენ.

როგორც საქართველოში ბრიტანეთისა და დანიის საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია აღნიშნული, ოფიციალური წარმომადგენლობები გმობენ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. მათი განცხადებითვე, კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ.

"გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ“-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა

გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას „გრუ“-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“ ,- აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

„დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა განცხადებები გააკეთეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხრციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობების გამო, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან, თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებას“,- წერია დანიის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.