64 წლის ივანიშვილს დაბადების დღეზე თანაპარტიელი ჯაფარიძე "ერთგულებას" ჩუქნის -"შადიმანები დაემარცხებინოს" ნატრობს მახათაძე
64 წლის ივანიშვილს დაბადების დღეზე თანაპარტიელი ჯაფარიძე "ერთგულებას" ჩუქნის -"შადიმანები დაემარცხებინოს" ნატრობს მახათაძე

A+ A-

18:12 18/02/2020

დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.  ის, ერთის მხრივ, 64 წლის იუბილეს, დაახლოებით - 5,27 მილიარდით, საყვარელი მეუღლით, ოთხი შვილითა და ერთი შვილიშვილით ხვდება. მეორეს მხრივ, ცხოვრებას ბნელი მხარეც აქვს და თავის 64 წელს ქართველი ოლიგარქი მოტყუებული ხალხით,  ქუჩაში გასული ოპოზიციითა და ყოველდღიური პროტესტებითაც „აღნიშნავს“.

მიუხედავად ამ „აურზაურისა სალხინეთში“, ლიდერისადმი მილოცვებს ბოლო არ უჩანს. “2020NEWS“-თან საუბრისას,  ივანიშვილს ზოგმა ჯანმრთელობა უსურვა, ზოგმაც -გამარჯვება და ზოგმა კი, არც მეტი არც ნაკლები - საკუთარი ერთგულება უსახსოვრა.

ოპოზიცია კი დუმს და ოლიგარქს დაბადების დღე მხოლოდ პარლამენტის წინ მოწყობილი აქციებით აღუნიშნა, იმის სათქმელად, რომ ირაკლი შოთაძის გენპროკურორად „მეორედ მოვლინება“ ხალხის მოტყუებაა. კიდევ ის იყო, რომ  „20/30-იანელმა“ ახალგაზრდებმა თავი ვერ შეიკავეს  და დაბადების დღის აღსანიშნავად, ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსენეს.

დავუბრუნდეთ მილოცვებს... აი, როგორ ულოცავენ დაბადების დღეს მმართველი უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილს.

დეპუტატმა რევაზ არველაძემ რატომღაც არც იცოდა, რომ დიდი ქართველი მეცენატი იუბილარი იყო.

„არ ვიცოდი, რომ დღეს იყო იუბილარი. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას და კიდვე ერთი - 64 წელი ყოფილიყოს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში“, - განაცხადა არველაძემ. 

დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი: „მივულოცავ დაბადების დღეს ნაღდ ქართველსა და გამორჩეულ, საქართველოსთვის თავგადადებულ ადამიანს, რომელმაც თავისუფლებაც მოგვიტანა და ეროვნული სიამიაყეც დაგვიბრუნა, ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს“.

გორის მაჟორიტარი სოსო მაკრახიძე:  „ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და სამშობლოს სიხარულს, გამარჯვებას, როგორც არჩევნებში, ასევე ცხოვრებაში და პირად საქმიანობში“

ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძემ „ღირსეულ მამულიშვილს მონაგარის სიმრავლე და საქართველოს გაბრწყინება“ უსურვა: „მთელი გულითა და სულით ვულოცავ ბატონ ბიძინას დაბადების დღეს. ის ნამდვილად ღირსეული მამულიშვილია, დიდი ქველმოქმედია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანის სტაბილურობაში, ვუსურვებ, რომ პატარა შვილიშვილი სასახელო კაცი გაეზარდოს და ბევრი შვილიშვილი მისცეს ღმერთმ. ყველა შვილი ბედნიერი უმყოფოს ღმერთმა, საქართველო გამთლიანდეს ტერიოტრიულად და ეკომიკურ წინსვლას ვუსურვებ ქვეყანას, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით პარტია „ქართული ოცნება“ მართავს“.

მთაწმინდის მაჟორიტარმა ლადო კახაძემ  მადლობაც კი გვითხრა, ივანიშვილისთვის  მილოცვის შესაძლებლობა რომ  მივეცით: „პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მისი პატარა შვილიშვილის, შვილებისა და მთლიანად ოჯახის ბენდიერებასა და წინსვლას, სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. ბიძინა ივანიშვილი წარმატებული ადამიანია და დიდი მიღწევები აქვს. ამ ეტაპზე ქვეყანას სჭირდება მასთან სოლიდარობა და მისი იდეების განხორციელება. დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება, რომ ესე მიმელოცა მისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე“.

მესტიის მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ივანიშვილს დაბადების დღე კიდეც მიულოცა და საჩუქრად, თავისი  საუბრისას თავისი ერთგულება მიუძღვნა. „ყველაზე დიდ ქართველს მინდა მივულოცო დაბადების დღე, ღმერთმა ამრავლოს მისნაირები. საჩუქარს რაც შეეხება, მე რა უნდა ვაჩუქო ბიძინა ივანიშვილს? ალბათ,  ბოლომდე  ჩემს ერთგულებას ვჩუქნი“, - რიხიანად გვითხრა ჯაფარიძემ და ალბათ, მმართველი ოლიგარქისთვის უკეთეს საჩუქარს ვერავინ მოიფიქრებდა. .

ბათუმის მაჟორიტარი ფატი ხალვაში: „ვულოცავ და პირველ რიგში,  დღეგრძელობას ვუსურვებ, ასევე მინდა წარმატებას მიაღწიოს იმ ფრიად მნიშვნელოვან და რთულ საქმეში, რაც მათ ითავა და საკუთარ ხელში, საკუთარი ინიციატივით აიღო - ქვეყნის მართვა!!!“.

ჭიათურის მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ კი  პირდაპირ გამოგვიცხადა, მე ივანიშვილს დაბადების დღე უკვე მივულოცეო. რა აჩუქა, ეგეც შევეკითხეთ, მაგრამ არ გაგვიმხილა.  „მივულოცე უკვე, რა თქმა უნდა. ვუსურვებ ჯანმრთელობას, პირველ რიგში. გაეძლოს თანამედროვე "შადიმანებისთვის". ქვეყნის მოღალატე გამყიდველებისათვის და დიდხანს ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისდა ერის სამსახურში. ჩვენ ქვეყანას დღეს მისი გვერდით დგომა აუცილებლად ჭირდება.

ურთიერთპატივისცემის მიუხედავად „2020NEWS” -თან საუბარში არც დეპუტატმა  რატი იონათამიშვილმა და არც მისმა კოლეგამ ნინო წილოსანმა არ მიულოცა ბიძინა ივანისვილს საჯაროდ  დაბადების დღე,

როგორც გვითხრეს, მათ შუამავალი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცონ.

- 2020news.ge-ის ჟურნალისტი ვარ, დღეს, როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, როგორ მიულოცავდით და რას უსურვებდით, რომ მოგვწეროთ, თუ შეიძლება. მადლობა

ნინო წილოსანი: რა საინტერესოა, თქვენი მეშვეობით უნდა მივულოცო? :))

პირადად აპირებთ მილოცვას და საჩუქრის გადაცემას ?

რა საყვარლად სასაცილო მესიჯია :))

თქვენც რა საყვარლად სასაცილო პასუხი გამოგვიგზავნეთ

მიხარია რომ ურთიერთსიმპატიები გვაკავშირებს“.

ცნობისთვის, შუამავლობას სულაც არ ვჩემულობთ,  უბრალოდ, გვინდოდა, მათი განწყობა იუბილარისთვის საჯაროდ გადაგვეცა.

ჩვენ კი, ვუერთდებით საყოველთაო მილოცვებს და „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებთ:

1. ეკონომიკურად ძლიერ  და მშიერი ბავშვების გარეშე საქართველოს;

2. ჯანსაღ მედიაგარემოს ქვეყანაში;

3. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;

4. დაპირებების შესრულებას;

5. დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობას;

6. ქვეყნის ინსტიტუციების შენებას და არა - ნგრევას;

7. ჯანსაღ და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს.

კატო მაზიაშვილი