რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?
რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

A+ A-

15:40 18/02/2020

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში წერს, რომ იგი არხის ერთერთმა მთავარმა სახემ, ნიკა ტაბატაძემ, რომელსაც 10%-იანი წილი აჩუქა, გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ მიატოვა.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნიკა ტაბატაძემ გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ მიმატოვა და ინგლისში წავიდა, მერე ამერიკაში ჩავიდა. რევოლუციამდე გაქრა. არადა მე მას “რუსთავი 2”-ის წილის 10 პროცენტი ვაჩუქე, იმის დასამტკიცებლად, რომ მას ძალიან ვენდობოდი. ეს ტაბატაძე რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა და სააკაშვილმა მასზე მკითხა, რას იტყვი ეკონომიკის მინისტრად  რომ დავნიშნოო. აუ, არა რატომ, რა ეკონომიკის მინისტრი ტაბატაძე იქნება, რაის ეკონომიკა, ეგ უბრალოდ უსინდისო კაცია, - ვუკივლე სააკაშვილს.

ტაბატაძეზე ნაწყენი ვიყავი, რომ შუა გზაში ჯერ ჩვენ აქ მიგვატოვა და მერე ინგლისში მისი მეუღლე ნინო ქაჯაიაც მიატოვა, რომელმაც აქ ჟურნალისტის წარმატებული კარიერა მიატოვა და მაგას დეკაბრისტის ცოლივით უკან გაჰყვა. ქაჯაია სიგარეტების მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, რომ ნიკას იქ ესწავლა. ამან კიდევ მიატოვა და მგონი, ვიღაც გოგოს დაუმეგობრდა.

მეც უსინდისოდ მომექცა. ის ნაჩუქარი წილი გაყიდა და ფული შეირგო, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ერთხელაც არ გავხსენებივართ. მიუხედავად ამისა, მე სააკაშვილს ვუთხარი, მაგის დანახვაც არ მინდა და შენ სადაც გაგეხარდება, იქ დანიშნე-მეთქი. სააკაშვილი ადგა და ტაბატაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. რატომ ნიშნავდა ეკონომიკის მინისტრად ან საგარეო საქმეთა სამინისტროში რატომ დანიშნა, ერთმა სააკაშვილმა უწყის.

ძირითად მიზნად ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ვისახავდით და ჟვანიამ ეკონომიკის მინისტრად აბსოლუტურად მოუმზადებელი, 26 წლის ახალგაზრდა კაცი ირაკლი რეხვიაშვილი, სრულიად უარგუმენტაციოდ დანიშნა. რეხვიაშვილის დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი მე შემომთავაზეს. მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა და პეროვსკაიას ქუჩაზე ნორვეგიულ რესტორანში დამპატიჟა. ეს რესტორანი იმით იყო ცნობილი, რომ მწვადს ქვებზე წვავდნენ. მივედი. აქ დამხვდნენ სააკაშვილი, ჟვანია, მიშა მაჭავარიანი და ირაკლი ჩუბინიშვილი. სააკაშვილმა ამათი თანდასწრებით მითხრა: ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ იქნებ შენ გახდე ეკონომიკის მინისტრი. პირველად რევოლუციის მეორე დღესვე ვთქვი თანამდებობაზე უარი, სააკაშვილს არც ამჯერად დავთანხმდი. ჩემი არგუმენტაცია მარტივად ჩამოვაყალიბე: სანამ მე ”რუსთავი 2”-ის მფლობელი და დირექტორი ვიყავი, ჩემი მინისტრად დანიშნვა შეუძლებლად მიმაჩნდა, ვინაიდან მერე მართლა ოლიგარქობას დამაბრალებდნენ, რაც ძალიან არ მსურდა და ამასთან, სააკაშვილს ვურჩიე, იქნებ მინისტრად ჩემზე გამოცდილი ეკონომისტი დაენიშნა. ამის მერე დანიშნეს მინისტრად ეს ირაკლი რეხვიაშვილი.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ზურა ჟვანიამ შემომთავაზა  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გავმხდარიყავი. ჟვანიას თქმით, ეს არ იყო სახელმწიფო თანამდებობა, შემეძლო ბიზნესში ლეგალურად დავრჩენილიყავი და პარალელურად, ქვეყანაში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მემუშავა. ჟვანიას სიხარულით, დაუფიქრებლად დავთანხმდი და რამდენიმე დღეში პალატის წევრთა ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრები მოვიდნენ. ჟვანიამ ბიზნესმენებს მიმართა, რომ პალატის თავმჯდომარედ სიხარულით წარუდგენდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და მის მეგობარს -  ეროსი კიწმარიშვილს.

“რომ ვიოცნებოთ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველივე წელს, ინვესტიციამ მილიარდს გადააჭარბოს, აი ეს არის ჩემი ორიენტირი”, -  ვუთხარი ბიზნესმენებს და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.

მე გავხდი საჭრო პალატის ხელმძღვანელი, რაც პრესამ შეაფასა, რომ ხელისუფლებამ ბიზნესის სახედ კიწმარიშვილი აირჩია. საზოგადოებას და მით უფრო ბიზნესმენებს, ისეთი მენტალობა ჰქონდათ, რომ მე განმიხილავდნენ პირად, რომელიც ყველა საქმეს და მათ შორის ბიზნესმენთა დავებს გადავწყვეტდი. მათი წარმოდგენით, მე ბიზნესში  “ქურდი” გავხდი.

ჩემამდე პალატას ედუარდ შევარდნაძის მძახალი, პაატას სიმამრი გურამ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. ამ დროს ის ქვეყნიდან გაქცეულია. მის სახელს ბევრი ჩრდილოვანი საქმიანობა უკავშირდებოდა, იგი არაოფიციალურად მართავდა ფოთის პორტს. მასვე მიაწერდნენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 150 მილიონ დოლარიან დავალიანებას.

პირველად, რაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას გავაკეთე, კინოთეატრ “ამირანის” დარბაზში ბიზნესმენთა ყრილობა მოვიწვიე. ვფიქრობდი, რომ აუცილებელიად უნდა გამოგვეცხადებინა ფინანსური ამნისტია. ეს მთავარ ღონისძიებად მესახებოდა. ჟვანიამ შემომთავაზა, ყრილობის მუშაობაში ბიზნესმენთა ფედერაციაც გაგვერია, რომლის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. მე დავთანხმდი, თუმცა მერე ბადრი ფინანსური ამნისტიის ავტორობაში შემომიზიარდა.

ყრილობას მსხვილი და საშუალო ბიზნესის 1000 წარმომადგენელი დაესწრო. ვინც თავს ბიზნესმენად თვლიდა, ყველა დავაპატიჟებინე.

პირველ რიგში ვსხედვართ ჟვანია, სააკაშვილი და მე. ყრილობა მე გავხსენი. მე ვთქვი, რომ სახელმწიფომ ბიზნესს სამართლიანი თამაშის წესები უნდა დაუწესოს, რათა ბიზნესმენი პირნათელი იყოს ბიუჯეტის და ქვეყნის წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დაცული იყოს ხელისუფლებისგან. მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის დროს, უვარგისი საგადასახადო კოდექსი გვაიძულებდა შემოსავლები დაგვემალა და ბევრი უსამართლო გადასახადისთვის გვერდი აგვევლო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლების სათავეში მოვედით, უნდა შევეცადოთ, რომ ყველა იყოს მხოლოდ კანონის წინაშე ვალდებული და არავითარი სხვა ვალდებულება მათ არ ჰქონდეთ.

ჩემი ინიციატივით ხელისუფლებას ახალი საგადასახადო კოდექსი უნდა მიეღო. სადაც გადასახადები ოპტიმიზირებული და გახდებოდა და თანაც შემცირდებოდა. ერთერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მაშინ ბიზნესს გააჩნდა, ამ კოდექსის ბუნდოვანი შინაარსი იყო. ერთი და იგივე წინადადებას შენ კითხულობდი ერთნაირად, შენი ფინანსისტი წაიკითხავდა მეორენაირად და როცა საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი მოგაკითხავდა და ის ამას მესამენაირად წაგიკითხავდა. შემდეგ ეს ჯიბიდან კოდექსის მუხლის განმარტებას გააძრობდა და მის მიხედვით ვალებს დაგიწესებდა და მერე იწყებოდა ვაჭრობა, რომ მოდი ამდენს გადაგიხდი და  ეს ვალი ჩამომაწერე. ამის გამო, ყველა კრიმინალურ საქმიანობას ჩავდიოდით, მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ბიზნესმენს თუ რამის კეთება უნდოდა, ყველას რაღაცა უნდა მოეპარა. საგადასახადო კოდექსი დამოკლეს მახვილივით გვეკიდა თავზე.

ფინანსური ამინისტიის გამოცხადებით ჩვენ ბიზნესმენებთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებდა. იყო მხოლოდ ერთი პირობა, ყველას უნდა გამოეცხადებინა რა თანხა ჰქონდა ბიუჯეტისთვის გადამალული, რომელსაც ამნისტია ჩამოაწერდა და რის შემდეგაც ახალი სამართლიანი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პატიოსნად უნდა დაეწყოთ გადასახადების გადახდა.

 ჩემს შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ ჩემს ინიციატივებს მხარს უჭერდნენ.

ამის შემდეგ მე სცენაზე ბადრი პატარკაციშვილი მივიპატიჟე. ბადრი სცენაზე ამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. უამრავი სურათი გადაგვიღეს, გაზეთები ჯერ წერდნენ, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია დასრულდა, ხოლო მოგვიანებით ჩვენს ერთობლივ ფოტოებზე დააწერეს - ვინ გაიმარჯვებს ოლიგარქების ომში.

ბადრის მიმართ მე ტოლერანტულად განვეწყვე, ამის მაჩვენებელი იყო სცენაზე მისი მიპატიჟება. მე მისგან ყოველთვის თავს ვიცავდი, არც ერთხელ კონფრონტაციაზე პირველი არ წავსულვარ. თუ დაპირისპირება დასრულდებოდა, მე ეს ნამდვილად არ მეწყინებოდა.

მინდოდა სავაჭრო პალატა ბიზნესმენთა აქტიური შეხვედრების ადგილად გამეხადა. ეს მის ძველ ვიწრო და მოუხერხებელ ოფისში  წარმოუდგენელი იყო. ეს ფართი მხოლოდ კულუარული შეხვედრებისთვის გამოდგებოდა, მე კიდევ ღია საჯარო ფორუმების თუ შეხვედრების ჩასატარებლად ვემზადებოდი.

ზურა ჟვანიას ვთხოვე, რომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე საქინფორმის ნახევრად უფუნქციო შენობა უზურფუქტის წესით, სავაჭრო პალატას გადმოსცემოდა. ეს საბჭოთა პერიდში, 30-იან წლებში ე. წ. სოცარტის სტილში აგებული ულამაზესი შენობაა. საბჭოთა არქიტექტურის შედევრი. ჩემი გეგმით, მოზიდული ინვესტიციების საშუალებით ეს შენობა მოწვეულ რუს არქიტექტორებს საბჭოთა სტილში უნდა გაერემონტებინათ. ამ მიზნით, საქინფორმის დირექტორად “რუსთავი 2”-ის წამყვანი ნინო ხოშტარია დავანიშნინე, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს.

განახლებულ სავაჭრო პალატის პირველ სართულზე უნდა მომეწყო პრესკონფერენციების დარბაზი, სადაც ბიზნესმენები ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ. აქვე ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის სასწავლო სემინარებს ჩავატარებდით. ეს უნდა გამხდარიყო უცხოელ ბიზნესმენებთან კომუნიკაციის ადგილი. მეორე მხარეს, სადაც სარდაფში თეატრია განთავსებული, მსხვილი ბიზნესმენებისთვის დახურული კლუბი უნდა მოგვეწყო. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ძვირადღირებულ კლუბურ ბარათს იყიდდა ამ კლუბის წევრი გახდებოდა, სადაც მათთვის საინტერესო საკითხებზე ნებისმიერი რანგის და ინტერესის შეხვედრებს მოვაწყობდი. შენობის მეორე სართულზე თავად სავაჭრო პალატა განთავსდებოდა, თავისი დივერსიფიცირებული მიმართულებებით.

ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში სახელმწიფო ერთი თეთრის დაუხარჯავად ულამაზეს და უძვირეს შენობას მიიღებდა, რომელშიც ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ მრავალმხრივი მუშაობა გაჩაღდებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი პროექტი რიგი მიზეზების გამო, რომელსაც შემდგომ მოგახსენებთ, არ გამოვიდა. ეს შენობა კი მგონი 5 მილიონ დოლარად გაყიდეს და ის დღესაც ბინძურად გამოიყურება, სადაც პირველ სართულზე სიგარეტის ჯიხურებია ჩამწკრივებული“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი