ბიძინა ივანიშვილს შეეშინდება და ყველაფერს უცებ დათმობს - ვაშაძე რევოლუციაზე
ბიძინა ივანიშვილს შეეშინდება და ყველაფერს უცებ დათმობს - ვაშაძე რევოლუციაზე

A+ A-

14:26 18/02/2020

ოპოზიცია საარჩევნო თემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდას აღარ მიუჯდება.

„რისთვის დავჯდეთ?! რას მივიღებთ აქედან?! არაფერს, სწორედ ამიტომაც, ამ ფარსში თამაშს აღარ ვაპირებთ“, - აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე "2020NEWS”-თან საუბრისას.

ოპოზიციონერი ვაშაძის თქმითვე, რომ თუ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება უნდა მმართველ ოლიგარქს, პარლამენტში საამისოდ დეპუტატები ოპოზიციის გარეშეც ჰყოფნის და შეუძლია წესიერი წვლილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

ოპოზიციონერი მმართველი ძალის მმართველს ჰპირდება, თუ ცვლილებები ქვეყნის სასარგებლო იქნება, ოპოზიცია მას, საჩუქრის სახით, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ პიკეტებს მოუხსნის. პრინციპში, დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა და ოპოზიციის მხრიდან ეს დაპირება ცუდი საჩუქარი არ უნდა იყოს.

- გიორგი, გასაგებია ყოველდღიური აქციები. მოსახლეობას აჩვენებთ, რომ არ უ8რიგდებით ბიძინა ივანიშვილის ტყუილებს, „მეორედ მოსვლას“ დამსგავსებულ საკადრო პოლიტიკას, მაგრამ ისიც ყველამ ვიცით, საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგების გარეშე, არაფერი გამოვა. რა გეგმები აქვს ოპოზიციას?

- ოპოზიციას არჩევნების წინ, უკვე იმხელა უპირატესობა უნდა გვქონდეს, რომ საარჩევნო მაქინაციებმა ჩვენს გამარჯვებაზე გავლენა ვეღარ მოახდინოს. ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციას მხარს უჭერს მოსახლეობის 70%, ხოლო ხელისუფლებას - 30%.

თუ ოპოზიციურ მხარეს „პატრიოტთა ალიანს“ გამოვაკლებთ, ეს არის დაახლოებით - 5%, მათ ჯამში 35% გამოსდით.

65% ოპოზიციას აქვს, აქ შედის სხვა და სხვა პარტიები და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტია.

აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიტემით მაქინაციებს რაც არ უნდა შეეცადონ, ვერაფერს მიაღწევენ და თუ მასობრივ გაყალბებაზე წავლენ, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.

- ადეკვატურ პასუხში რა იგულისხმება?

- ეს იქნება ქუჩა და სამართლიანი მოთხოვნა იმისა, რომ არჩევნების სამართლიანი შედეგები დაფიქსირდეს. ვფიქრობ, რომ მაგ პერიოდში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება.

- მათ შორის, რევოლუციური მონახაზითაც აპირებთ არჩევნების შედეგების დაცვას?

- მე ვფიქრობ, რომ ეს გზა არ დაგვჭირდება. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეეშინდება და ყველაფერს უცებ დათმობს.

- დაუბრუნდებით თუ არა მოლაპარაკებების მაგიდას?

- არა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან, ვისაც ეს მოლაპარაკებების მაგიდა მხოლოდ ფარსისთვის უნდა? მხოლოდ საკუთარი თავის „გაპრავებისთვის“?

დიალოგის ჩაშლა საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ „ქართულ ოცნებას“ დააბრალა.

ეხლა მათ უნდათ, რომ ისევ ამ დიალოგს დაგვაბრუნონ, რისთვის?! რა მიზნისთვის?! რას მივიღებთ აქედან?! არაფერს, სწორედ ამიტომაც, ამ ფარსში თამაშს აღარ ვაპირებთ.

- და არც იმას, რომ ორგანულ კანონს შეცვლით არჩევნებისთვის და გასაყალბებელ ხვრელებს არ დაუტოვებთ ხელისუფლებას ?

- ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, ეუთო-ოდირის დასკვნიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ვალდებულებები აქვს აღებული. ხალხიც ჰყოფნით პარლამენტში და შეუძლიათ, რომ ცვლილებები თვითონ შეიტანონ კანონში, ჩვენს გარეშე. თუ სწორი ცვლილებები იქნება, მაქსიმუმ, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ იმ დღეს პიკეტირებას არ გავაკეთებ.

- საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის თქვენი ეს განწყობა?

- რა თქმა უნდა, იცის. დღესაც ვხდები ამერიკის ელჩს, გუშინაც მქონდა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან და ამ პროცესს ისევ ვაგრძელებთ.

რუსა მუმლაძე