ახალი დეტალები დოდო გუგეშაშვილის შვილის მკველელობის საქმიდან - რატომ ამბობს უარს ამოცნობის აქტზე მკვლელობაში ბრალდებული?
ახალი დეტალები დოდო გუგეშაშვილის შვილის მკველელობის საქმიდან - რატომ ამბობს უარს ამოცნობის აქტზე მკვლელობაში ბრალდებული?

A+ A-

12:27 17/02/2020

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა ამოცნობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ “2020NEWS“-ს თავად დოდო გუგეშაშვილმა განუცხადა.

„2020NEWS"-ის ინფორმაციით, თადარიგის პოლკოვნიკმა მურჯიკნელი დაკავებამდე, საგამოძიებო მოქმედებების წარმოების დროს, ფოტოსურათების საშუალებით ამოიცნო. თუმცა, ზაზა მურჯიკნელმა დაკავების შემდეგ, მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და მის ამოცნობაზე უარი განაცხადა.

მურჯიკნელი დღემდე არ საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ შეუკვეთა ეს სასტიკი მკვლელობა.

„ამ საქმეს, ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი მკვლელობის მცდელობის საქმეს ჰყავს დამკვეთი, ამაში სრულად დარწმუნებული ვარ, თუმცა დაკავებული ამის შესახებ არ საუბრობს. დაკავებული უნდა ალაპარაკდეს და უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა ეს მკვლელობა, ვინ იყვნენ შუამავლები და ა.შ. მას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი 2020 წლის 24 იანვარს დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის დროებით საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.