"მამიკო, ამ წერილმა თუ შენამდე მოაღწია, გააკეთეთ ყველაფერი და გააგებინეთ ხალხს, როგორ მართავს "ოცნება" ციხეებს "მაყურებლებით"
"მამიკო, ამ წერილმა თუ შენამდე მოაღწია, გააკეთეთ ყველაფერი და გააგებინეთ ხალხს, როგორ მართავს "ოცნება" ციხეებს "მაყურებლებით"

A+ A-

12:20 17/02/2020

პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ციხის მაყურებლის ინსტიტუტის „აღორძინებას“ უვადო პატიმრობა მისჯილი ამხელს.

როგორც უვადო პატიმრის თემურ (ბაჩო) შარაშენიძის წერილიდან, რომელიც საკუთარ ქალიშვილს მისწერა, ცნობილი ხდება, რომ ციხის ადმინისტრაცია ე.წ. „კაი ბიჭებს“ ლობირებს და „თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს“.

შარაშენიძე წერილში იუწყება, რომ ციხის მაყურებელთან დაპირისპირების მსხვერპლი გახდა ამიტომაც მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შემშილობა დაიწყო, 16 თებერვალს კი შიმშილობის 24-ე დღეს ითვლის.  

საქმე იმაშია, რომ შარაშენიძრ 2020 წლის 22 იანვარს გლდანის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს,  სადაც მისი სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობები შეუქმნეს, ამ ყოველივეს ის ერთვის, რომ შარაშენიძე ონკოლოგიურ ავადმყოფია. აღნიშნულ ინფორმაციას

 “2020NEWS” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ ჩემო საყვარელო ელენე, ჩემო კვატუნია! ჩემო ჭკვიანო გოგო! არ მომივიდა კარგი ამბავი და ქვემოთ დეტალურად მოგწერ ყველაფერს. ოთხშაბათს, 22 იანვარს, რომ მელოდებოდი, შენთან, რომ უნდა დამერეკა 13 საათზე, ის სიმღერა რომ უნდა ჩაგვეწერა, იმიტომ ვერ დაგირეკე, რომ უკვე საბადრაგო მანქანაში ვიჯექი და მივყავდით ბათუმის #3 საპყრობილეში. ჩემი გადაყვანის მიზეზს ვუკავშირებ, ერთი დღით ადრე მომხდარ ამბავს. ახლა კი ყველაფერს მოგიყვები თანმიმდევრობით:

უკვე მრავალი წელია, რაც გადმომიყვანეს #6 დაწესებულებიდან #8-ე დაწესებულებაში, მე ვიტან, როგორც ყოფილი ე.წ „თანამშრომელი“ ანუ „პაგონიანი კაცი“ დამცირებულ დამოკიდებულებას იმ პატიმრების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ „ქურდული სამყაროს წევრებს“ და „თავიანთი სტატუსით“ ეძახიან თავის თავს  „კაი ბიჭებს“. # 6-ში რომ ვიყავით ასეთი აშკარა დაპირისპირება არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველანი ვიყავით ჩაკეტილები, ეხლა კი ყველა საკნის „საკვებურები“ (პატიმრები „კარმუშკას“ უძახიან, საკნის რკინის კარში დატნებული  „ფორტოჩკაა“) ღია არის, გავლა-გამოვლის დროს შეგიძლია მიხვიდე საკანთან და დაელაპარაკო. ცალკე, ოფიცერის ნებართვით, შეგიძლია გამოხვიდე საკნიდან და მიხვიდე იმ საკანთან თუ საკნებთან, ვისთანაც გინდა საუბარი. ასევე, „прагулка“-ს (გასეირნება) დროს, ერთ საკანში დგას ტენისის მაგიდა და ერთდროულად სათამაშო. იქ უშვებენ რამდენიმე საკნის პატიმარს დაახლოებით 8-10 კაცს ერთად. რა თქმა უნდა ასეთი შეღავათები, ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ სულ რამდენიმე კაცი ( ორი „კაი ბიჭი“ და მას აყოლილი 5 გამოშტერებული) იყენებენ ამ შეღავათებს, თავისი „ქურდული“ მიზნებისათვისაც, მაგალითად ჩემს შემთხვევაშიც ასეც მოხდა. შენთვის ალბათ ნათქვამი მქონდა და თუ არა შეეკითხე ერიკას, ორი თუ სამი თვის წინ როგორ მაგინეს დედა და ყველა ჩემი ოჯახის წევრი ამ პიროვნებებმა და თან სულ ტყუილუბრალოდ, გამოგონილი ბრალდებით, საქმე იმაშია რომ ესენი მე ვერ მიტანენ და ერთი სული ჰქონდათ, რომ მოვშორებოდი ამ კორპუსს, სადაც  ვიყავი #8 ციხეში. იმის გამო ვერ მიტანენ რომ მე ვერ დამიმორჩილეს როგორც ის ოთხი „თანამშრომელი“ რომლებიც არიან იქ. ვერ დამადუმეს, ვერ „დამაჩმორეს.“ მაგალითისთვის გეტყვი, რომ მე შემეძლო, როდესაც ჩამოვარდებოდა საუბარი ქურდული ტრადიციების ადმიანებზე, მეთქვა ის, რომ ქურდული ტრადიციების ადამინები იდეოლოგიურად არიან საზოგადოებისთვის“ წურბელები“, ისინი ცხოვრობენ სხვისგან მოპარულით ან წართმეულით. ისინი თავიანთ კეთილდღეობას აწყობენ სხვების უბედურებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა ამ „კაი ბიჭებს“ და მათ აყოლილ რამდენიმე პატიმარს, არ მოსწონთ კი არა, არამედ გიჟს გვანან ასეთ რამეებს მე რომ ვლაპარაკობ ღიად, უშიშრად და სახალხოდ, იმიტომ რომ ისინი, თავის თავად უწევენ პროპაგანდას „ქურდულ ცხოვრებას“ და ამით იდეოლოგიურად არწმუნებენ ე.წ „პატიოსან პატიმრებს“, რომ ასეთი ტრადიციებით მათაც უნდა იცხოვრონ და ასევე დაემორჩილონ, რაც მთავარია „კაი ბიჭების“ სიტყვას.

 ჰოდა, სამი თვის წინ მე რომ მომაყენეს უზარმაზარი შეურაცხყოფა, მთელი ჩვენი კორპუსის გასაგონად რომ მაგინეს და ამომიტრიალეს ყველაფერი, ორ დღეში დამიბარა დირექტორმა და მკითხა, თუ რა და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მე, როგორც ახლა შენ გიყვები, ვუთხარი ყველაფერი და მან მითხრა, რომ აუცილებლად დასჯიდა ორგანიზატორებს და ამ ე.წ თავდასხმის მონაწილეებს.  მე მხოლოდ ის ვუთხარი დირექტორს, რომ თუ ის არ შეასრულებდა თავის ნათქვამ დაპირებას, იმ „კაი ბიჭებს“ გაუჩნდებათ დაუსჯელობის გრძნობა, და ისინი კიდევ გაიმეორებდნენ ასეთ თავდასხმას ჩემზე, რაც შეიძლება ცუდ შედეგამდე მივიდეს. დირექტორმა მიპასუხა : „არა, არაო, აი შენ თვითონ ნახავ ყველაფერსო!“. გავიდა ორი თვე, მე მოთმინებით ველოდებოდი, მაგრამ არც არაფერი მოხდა. ეს „კაი ბიჭები“ დადიოდნენ ხელგადახვეულები სხვა  მესაკნეებთან, ხშირად გამოდიოდნენ საკნიდან (თვით ოფიცრები უშვებდნენ მათ) და დასეირნობდნენ კორპუსზე განგებ სხვების დასანახად, ხმამაღლა იცინოდნენ და საუბრობდნენ და ამით ანახებდნენ ყველას, რომ ესენი არიან ამ კორპუსზე პრივილიგირებული კლასი. ასევე როდესაც მე ვიჯექი ხოლმე „საკვებურთან“ და ვსაუბრობდი მოპირდაპირე მესაკნესთან – გოჩასთან, (იმასთან, დათუნია რომ გაჩუქათ), გავლის დროს გამომწვევი თვალებით მიყურებდნენ და ერთმა კიდეც გადააფურთხა ჩემი მიმართულებით, გავლის დროს… ორი თვის თავზე მე ვთხოვე მორიგე ოფიცერს, მიეტანა ჩემი დანაბარები დირექტორთან: „გთხოვ შემახვედრე საკლასო ოთახში ხვიჩა ყ-ს (ერთ-ერთი „კაი ბიჭი,“ დედას რომ მაგინებდა), რომ, კი არა ვცემო ან შეურაცხმყოფლად დაველაპარაკო, არამედ შევხედო თვალებში უშიშრად და გავაფრთხილო, რომ მეორეჯერ აღარ გაბედოს ჩემზე რაიმე ცუდის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული ვიქნები „საკვებურიდან“ დაველაპარაკო და გავაფრთხილო, რასაც თავის-თავად შეიძლება ხვიჩას მხრიდან ისევ მოყვეს გინება და ა.შ. კიდევ მე იმიტომ მინდოდა ცალკე დამელაპარაკა რომ „კაი ბიჭია“, სინამდვილეში კი აგენტია (ჩამშვები), და დირექცია მის მეშვეობით, კრიტიკულ სიტუაციებში, მართავს დანარჩენი პატიმრებით, მაგალითად როდესაც პატიმრებს  ყელში ამოსდით რაიმე არასწორი ქმედება, ადმინისტრაციის ან მთავრობის მხრიდან, და პატიმრებს სურთ გამოხატონ, სრულიად კანონიერი პროტესტი – განცხადება ერთობლივი ან შიმშილობა, ეს „კაი ბიჭები“, ვითომ და სინამდვილეში აგენტები (ბო@ები) ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩაახშონ პროტესტი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ციხის ადმინისტრაცია იყენებს ამ ვითომ კაი ბიჭებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად მათ აძლევს რაღაც პრივილეგიებს, რომ იმათმა იგრძნონ თავი და სხვებს დაანახონ, რომ ისინი არიან მართლაც პრივილეგირებული კასტა. აი ამაში მდგომარეობს მთელი „მათემატიკა“, ხოდა ამიტომაც მე როგორც ყოფილი თანამშრომელი და ოფიცერი გავითვალისწინე ჩემი ე.წ „კოლეგის“ ვითარება (დირექტორზე ვსაუბრობ) და მაგიტომაც ვთხოვე მას, რომ ჩუმად და წყნარად შეეხვედრებინა მას ჩემი თავი ამ ხვიჩა ყ-სთან, ვინაიდან ამ ორი თვის განმავლობაში ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად, რომ საერთოდ არ დაისაჯნენ ისინი ვინც ჩემზე ასეთი  მასშტაბის იერიში მოიტანეს. დირექტორისგან იმ ოფიცერმა მომიტანა ასეთი პასუხი -„გადავწყვეტ მაგ საქმეს, აუცილებლად!“ მეც მოთმინებით ველოდი სამი კვირა მაგრამ ამაოდ. დავრწმუნდი იმაში, რომ დირექტორს ურჩევნია თავისი არაკაცი-აგენტის ღირსების დაცვა, ვიდრე თავისი კოლეგა ოფიცრის ღირსების დაცვა. არადა მე მეუბნებოდა დირექტორი, ნოდარ ქინქლაძე, რომ ამ ციხეში მხოლოდ ოთხი პატიმარია ვისაც ვცემ დიდ პატივსო და ერთ-ერთი შენ ხარო, ბაჩო!

ა.წ 21 იანვარს, დაახლოებით 15 საათზე, მე „საკვებურიდან“ შევძახე ხვიჩას. მისი საკანი ჩემ საკნიდან არის დაახლებით 6 მეტრში. ხვიჩამ არ გამოიხედა. კორპუსზე რომ გაიგეს ჩემი ხმა და ასევე, ის რომ მე ვეძახი ხვიჩას, შევატყვე, რომ ყველამ მოირბინა „საკვებურებთან“ და გაფაციცებით დაიწყეს მოსმენა, თუ რა მოხდებოდა შემდგომში, იმიტომ რომ მე, მათი, „კაი ბიჭების“  აზრით, ვიღაც „ნაძაღლარი“ – ვეძახი და ვბედავ შევეხმიანო ისეთ დიდ „ავტორიტეტს,“ როგორიც არის ხვიჩა. დაუძახე მეორედ -„ხვიჩა!“ მაინც არ გამოიხედა. დაუძახე მესამედაც და კიდევ რომ არ გამოიხედა, მერე უკვე შევძახე მორიგე თანამშრომელს – კონტროლიორს და მას ვთხოვე რომ მისულიყო ხვიჩას საკანთან და ეთქვა – ბაჩო გეძახის და გამოიხედე თქო. რა თქმა უნდა ხვიჩა უკვე ამ შემთხვევაში გამოყოფდა თავს,  სხვების წინაშე რომ არ შერცხვენილიყო არ ჩაეთვალათ, რომ შეეშინდა ბაჩოსი. „საკვებურთან“ რომ მოვიდა, მე ხვიჩას ასე ვუთხარი: „ხვიჩა გამარჯობა, იმ ფაქტზე მინდა დაგელაპარაკო, სამი თვის წინ დედა რომ მაგინე. (მისმენს) შენ თუ კიდევ ჩემი მისამართით იტყვი რაიმე ცუდს, იცოდე რომ მაგრად ინანებ!“ (მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სათქმელი არ მიმეცა „ვინმესთვის“ რომ ბაჩო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და იმუქრებოდა, მე რომ სპეციალურად ვიფიქრე ამაზე და ამიტომ ასეთი კულტურული ფორმით ვუთხარი ჩემი სათქმელი).  ეტყობა ამ ხვიჩას ისე ჰქონდა თავში ავარდნილი თავისი ავტორიტეტი, რომ ჩემი ნათქვამი წინადადებაც კი მოეჩვენა შეურაცხმყოფელად, თანაც, იცოდა რა, რომ მთელი კორპუსის ხალხი (პატიმრები) უსმენდა ჩემს ნათქვამს, იფიქრა რომ ბაჩოზე კიდევ მივაყენებ სიტყვიერ შეურაცყოფას, სხვების თვალშიც ისევ გამოვჩნდები „მაგარ ბიჭად,“ მითუმეტეს რომ ციხის დირექციამ მაშინ (ორი თვის წინ) არ დამსაჯა ბაჩოს გინებისთვისო და მიპასუხა – „სადაც დაგიჭერ, იქ გაგარღვევ შუაზე! შენ ვინც მოგაგზავნა იმის დედა მო………, შე მოგზავნილო, შენი დედა მო…….!“  ამაზე მე ვუპასუხე: „შუაზე რომ გამარღვიო, ამისი შნო უნდა გქონდეს და რაც შეეხება მოგზავნილს, ეტყობა შენ შენს თავში შეგეშალე. შენ რა გგონია, მე არ ვიცი რომ შენ „ნომრიანი აგენტი ხარ?!“

ამაზე საერთოდ გადაირია და დაიწყო, უფრო სწორად, გააგრძელა ჩემი გინება, თან, კარებზე ხმამაღლა წიხლებით ბრახუნი იწყო, რასაც აყვა ის ხუთი პატიმარი, რომლებზეც ზემოთ გითხარი. კორპუსის ოფიცერი მაგ დროს უკვე იყო ჩემს საკანთან და ამომიკეტა „საკვებური.“

მე რა თქმა უნდა , არ ვაგინებდი და არ ვუბრახუნებდი წიხლებს კარს. ისინი კი სულ აბრახუნობდნენ და იგინებოდნენ. ეს ამბავი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა, და მერე ჩაჩუმდნენ. „საკვებურები“ ეტყობა ყველასთან ამოკეტეს. ნუ, ჩემთან ხო ამოკეტილი იყო…

მეორე დილას, ახალმოსულ კონტროლიორს ვთხოვე რომ 13 საათზე მოეტანა ტელეფონი, რათა შენთან, მამიკო, დამერეკა. მერე ვემზადებოდი „прагулка“-ზე  გასასვლელად, როდესაც ამ კონტროლიორმა მითხრა, რომ გენერალური ინსპექციიდან იყო მოსული გამომძიებელი (ანუ ჩვენი ციხის უწყებიდან) და შენ გიბარებსო. მე ვიფიქრე რომ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით მოვიდა, რომ ჩამომართვას ჩვენება, ჰოდა, ვუთხარი კონტროლიორს, რომ არაფერი არ არის გამოსაძიებელი და წავიდეს უკან გამომძიებელი, მე ჩვენებას არ მივცემ თქო. (სიმართლეს გეტყვი და, უფრო იმიტომ არ წავედი გამომძიებელთან, რომ ვიცოდი იქ დიდხანს შეიძლება ვყოფილიყავი და ვერ მოვასწრებდი შენთან 13 საათზე დარეკვას, რომ „там за туманами“ ჩაგვეწერა). წავიდა კონტროლიორი და მერე შემოვიდა ჩემთან საკანში ოფიცერი კახა. მან მითხრა, რომ იმ გამომძიებელთან კიდევ არის დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და მან პირადად გთხოვა, რომ შენ მოსულიყავიო, სულ ცოტა ხნის საქმე არისო. მეც, რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი, ვინაიდან უზრდელობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ არ წავსულიყავი. ჩავიცვი და წავედით მე და ოფიცერი კახა. საგამოძებო ოთახი არის მე-3 სართულზე, პირველზე კი არის „კარანტინი“. როდესაც მივედით პირველ სართულთან, იქ დამხვდა რეჟიმის უფროსი და მითხრა, წამომყევიო და შემიპატიჟა „კარანტინში.“ დამიწყეს საგულდაგულოდ ჩხრეკა. მოვიდა ციხის უფროსის მოადგილე გიორგი ხელაძე და მეუბნება, რომ გადაწყვეტილია რომ შენ გაემგზავრო ბათუმის ციხეზე. დირექტორმა კი დამაბარაო, რომ ამ წელსვე გადმოგიყვან უკანო. მანამდე კი ის ოთხი პატიმარი  (ორი „კაი ბიჭი – ხვიჩა ყ-ი და კობა ა-ი და კიდევ ორნი) უნდა გადავიყვანოთ სხვაგანო. სხვათა შორის, ეს კობა ა-ი ის პატიმარია, 2014 წელს ჩემს დაჩეხვაში რომელიც მონაწილეობდა. მე ვუთხარი  გიორგი ხელაძეს, დირექტორთან დამალაპარაკე თქო. ბევრი საქმეები აქვსო და გავარდაო, არ არის ციხეზეო – მიპასუხა. – მეთქი, მე საერთო არ მაინტერესებს ვინ და სად გადაგყავთ, აქამდე უნდა გაგეკეთებინათ ეს, მაგრამ მე რა შუაში ვარ, მე რომ ვისჯები? მე აქეთ მომაყენეს შეურაცხყოფა, მე არავისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ მითქვამს და კიდევ მე ვისჯები, არ გრცხვენიათ თქო?! ვერაფერი ვერ მიპასუხა გიორგი ხელაძემ და მზერა ამარიდა  დამნაშავე ბავშვივით. მე მერე გავაგრძელე :  – „ ხომ იცით რომ მე კიბო მჭირს და ყოველ 2-3 თვეში უროლოგიაში დავდივარ პროცედურებზე. აგერ თებერვალშიც მიწევს კვირაში ერთხელ,  სამი კვირის განმავლობაში მისვლა, მერე მარტში ციტოსკოპია უნდა გამიკეთონ, რაც მინი-ოპერაციად ითვლება. სად უნდა მატაროთ ბათუმიდან?“ გიორგი ხელძემ სიტყვა მომიგო „მარტამდე ჩამოხვალო!“  – მეთქი : „აკი დირექტორმა თქვა ამ წელსო, და ახლა ხომ იანვარია?“  – „ ეს ისე გითხრაო!“

მოკლედ, მამიკო“ არ იყო დამაჯერებელი მათი ქცევა და ნათქვამი, მე ისიც ვუთხარი „ არ გცხვენიათ, რომ ტყუილი იკადრეთ და მოტყუებით გამომიყვანეთ საკნიდან? თქვენ რა გეგონათ, გავიგებდი რომ ბათუმში გადაგყავართ და ფეხებს გავფარჩხავდი ან ტირილს და ხვეწნას დაგიწყებდით თქო? ამაზეც თვალები ამარიდა და „პირში წყალი ჩაიგუბა“.

მოკლედ, ჩამიყვანეს ბათუმში. ეტყობა, ჩემი დალაგებული საკანიც აწეწეს -ტანსაცმელი ჩამომიტანეს მერე, ტელევიზორი და მაცივარი. ძირითადი ტექნიკა იქ დაიტოვეს: SONY PS-3; XBOX-სი მულტისახარში. ჰო ამ გიორგი ხელაძემ ისიც მითხრა, რომ შენს საკანში იცოდე, არავინ შევაო და შენ დაგელოდებაო“. მაგრამ, ელენე, რა გითხრა? კაცი რომ ერთხელ მოიტყუებს, მერე  აღარ უნდა დაუჯერო! ჩამოვედით ბათუმის ციხეში (#3-ე დაწესებულება) და მერე აღმოჩნდა რომ ეს უბრალო ციხე  არ არის. ეს ყოფილა „მაღალი რისკის პატიმრებისთვის ციხე“ და შესაბამისად ძალიან მკაცრი დებულებით. ბოტასები არ შეიძლება გქონდეს თასმებით, ასევე ყველაფერი (შარვლები, ზედები) ერთი-ორ სპორტულს გამოაძრეს ზონარი, დანარჩენს კი, მე ვუთხარი – არ გინდათ, თქვენ შეინახეთ მეთქი.  ასეც მოხდა. მითხრეს რომ უროლოგიაში რომ წაგიყვანენ, მოგცემთ ზონარიან ბოტასსაც და შარვალსაცო.

პირობები მართლაც მკაცრია. თითქმის არაფერი არ არის ნება დართული. MP3-ი ფლეერიც კი. ჩემი ყავის მადუღარა „ჯეზვე“ არ შემომატანინეს - რკინით არის გაკეთებულიო.

რაც შეეხება პერსონალს – ძალიან თავაზიანები არიან და ყურადღებიანები. დარეკვაზე კი სერიოზული შერღუდვებია (ნუ, ასეთი ციხეა) –  თვეში პატიმარს ეკუთვნის 45 წუთი – წარმოგიდგენია? მე რომ გავიგე, როგორ ციხეში მოვხვდი, ეგრევე გამოვაცხადე შიმშილობა. ყველაზე ძალიან იმიტომ, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ჩემ ნაირ კაცს ამ ციხეში რა ესქამება?  მარტო ის რომ ავიღოთ, რომ 15 წლის განმავლობაში, რაც ვზვივარ, არც ერთი საყვედური და დიციპლინარული დარღვევა არ გამაჩნია,  პირიქით, რამდენიმე მადლობა დირექტორს მხრიდან, წერილობითი და, წახალისება მაქვს.

და, ისიც რომ არ ჩათვალოთ, რომ 14 წლის წინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ძალას იკრებდა, მე და ჩემი თანამესაკნე, ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი  სრულიად უსაფუძვლოდ ჩაგვსვეს კარცერში 4 დღით (ირმამ იცის ეს ამბავი). ნუ, რა თქმა უნდა იმაზეც ვიყავი დათრგუნული, ამ ციხის  პირობების გამო, რომ თქვენ ვეღარ დაგირეკავთ ყოველ დღე და ვეღარ გნახავთ პაემნებზე. აბა თბილისიდან ხომ არ ივლით ყოველ თვე? ამას მე არ დავუშვებ, თუნდაც თქვენ მეხვეწოთ.

მერე კიდევ, არის ერთი ძალიან ცუდი პრობლემა ჩემთვის, როგორც კიბოთი დაავადებულისთვის. მე ხომ, იმის გარდა ექიმები რასაც მიკეთებენ ყოველდღიურად, რომ იტყვიან, წამლად ვიკვებები ისეთი საჭმელებით, რომელიც უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, პროგრესირებას. აქ კი, ამის საშუალება არ არის. აგერ, ეხლა ხომ ვშიმშილობ და მარტო სითხეს ვიღებ. კურკუმას და ჯანჯაფილის ყიდვა მინდოდა, რომ ჩაიში გამერია, მაღაზიის მენეჯერმა მითხრა, რომ ოფიცრების ნებართვა არის საჭირო, მაგრამ აგერ მე-5 დღეა წავიდა და ხმას არ იღებენ. ეტყობა ამასაც ამიკრძალავენ. არადა, ეს კურკუმა და ჯანჯაფილი სუნელია და გლდანის ციხეშიც ჩვეულებრივად იყიდება ყველა სუნელთან ერთად.

გული იმაზე მწყდება რომ სამშობლოსთვის მე სიცოცხლე დავაყენე სასწორზე, როდესაც ვომობდი აფხაზეთის ომში.  დაჯილდოებული ვარ პრეზიდენტის მიერ მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ და ეხლა ჩემმა ქვეყანამ და მისმა მთავრობამ, მე ოფიცერი კაცი ამ ჩირქიან „ქურდული მენტალიტეტის“ მქონე ადამიანებში გამცვალა, რომლებიც არასოდეს არ უდგნენ ქვეყანას გვერდში, როდესაც მას უჭირდა.

მე პირდაპირ გამოუცხადე უფროსობას (დირექტორმა, მიშა კანდელაკმა, პატივი დამდო, შემხვდა ძალიან თავაზიანად), რომ ვიდრე თბილისში არ დამაბრუნებენ, სანამ არ მოვხვდები ჩემს საკანში ( ა III -96 -ში, #8 დაწესებულების), არ შევწყვეტ შიმშილობას. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიცნობს მე, სიტყვას ჰაერზე არ ვისვრი „სადა ვიწროა იქ გაწყდეს“ სხვა შემთხვევაში მოგიწევთ ჩემი გატანა ფეხებით წინ. აგერ ყველაფერი თქვენს ხელშია, და იმის ხელში ვინც ასეთი დონის უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო, მე რომ გადამიყვანა ბათუმი #3 ციხეში!“

მამიკო ამ წერილმა თუ შენამდე მოაღწია, გთხოვ დაასკანერე და გელა ნიკოლაიშვილს გადაუგზავნე. თქვენს გარდა არავის მყავს პატრონი, რომ მიშველოს ამ საქმეში, სთხოვე გელას, რომ იქნებ ტკბილად და ხმაურის გარეშე სცადოს ჩემი სასწრაფოდ გადმოყვანა ისევ გლდანის ციხეში. გაიგოს აუცილებლად, რა იურიდიული საფუძველი ედო, იმ გადაწყვეტილების მიღებას, მე რომ ასეთ მკაცრ ციხეში გადმომიყვანეს (მეორე „გუანტანამოს“ ციხეა). თუ ვერ მოხერხდა ამ საქმის ტკბილად მოგვარება, სთხოვე გელას რომ  ტელევიზიებში  გააკეთებინოს გადაცემა იმის თაობაზე,  „ქართული ოცნება“ ციხეებს როგორ მართავს „ქურდული მენტალობის“ ადამიანებით და ჩაგრავენ იმ ოფიცერ პატიმრებს რომლებიც პირნათლად ემსახურებოდნენ ქვეყანას ომის დროს.

P.შ. მამიკო, დღეს დილით უნდა გავაგზავნო წერილი და ერთი აზრი მომივიდა: გელას უთხარი, თუ ჩათვლის საჭიროდ, ჩემი უსაფუძვლო და არაკანონიერი გადაყვანის შესახებ შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ნუ რა თქმა უნდა თუ მოლაპარაკების გზით არ გამოვიდა ჩემი დაბრუნება გლდანის ციხეში, ისევ ჩემს საკანში“, - აღნიშნულია წერილში.

წყარო: tvalsazrisi.ge