“ღარიბი“ ქმარი - “მდიდარი“ ცოლი, ქმარს - 7-ათასიანი მანქანა, ცოლს - 509,8 კვ.მ სახლი - “ჟურნალისტთმმუსვრელი“ ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაციის ლაიტმოტივი
“ღარიბი“ ქმარი - “მდიდარი“ ცოლი, ქმარს - 7-ათასიანი მანქანა, ცოლს - 509,8 კვ.მ სახლი - “ჟურნალისტთმმუსვრელი“ ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაციის ლაიტმოტივი

A+ A-

21:07 14/02/2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ქართული პოლიტიკური სივრცისთვის ერთ დროს სრულიად უცნობი და უმტკივნეულო პერსონა, ამ ბოლო დროს მოსამართლეებსა და ჟურნალისტებთან დაკავშირებული სკანდალების გამო, ისე გააქტიურდა, “2020NEWS”-ის ჟურნალისტური “სამიზნე“ გახდა.

გადავწყვიტეთ, მისი დეკლარაციის სამყაროში გამოგზაუროთ და ერთად გავარკვით: რა ქონებით მოვიდა თანამდებობაზე "ჟურნალისტთმმუსვრელი“ დეპუტატი და რა ქონება დააგროვა თანამდებობაზე ყოფნისას.

მის მიერ 2020 წლის 4 თებერვალს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტარი ოხანაშვილი ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელსაც თანამდებობამდე არაფერი გააჩნდა და საკანონმდებლო ორგანოში “ცარიელი ჯიბით“ შევიდა.

იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, „ცარიელი ჯიბის“ მსგავსად, ოხანაშვილს არც ახლანდელი „სახელი და დიდება“ ჰქონდა, ვიდრე სკანდალური მოსამართლეების სიის დასამტკიცებლად არ გააქტიურეს მისი პერსონა პარლამენტში და უბრალო დეპუტატობიდან კომიტეტის თავმჯდომარის (ეკა ბესელიას ნაცვლად) სკამზე არ გადასვეს.

„ჟურნალისტთმმუსვრელის“ დეკლარაციის მიხედვით,  მთელი მისი ქონება მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანით შემოიფარგლება. ოხანაშვილს ავტომანქანა 7 ათას 500 დოლარად 2018 წელს შეუძენია.

სამაგიეროდ, მისი მეუღლის საკუთრებაშია მოზრდილი ქონება, რომელიც საჩუქრად  უცნობი "სანტასგან" მიუღია.

რადგან ოჯახის წევრების ქონების აღწერაზე გადავდივართ, აქვე გეტყვით, რომ ოხანაშვილს ჰყავს მეუღლე მაკა ხოდელი და სამი შვილი: მარიამი, ანა და ნუცა ოხანაშვილები.

დეკლარაციის გამო დაჯარიმებული დეპუტატი

სხვათაშორის, ანრი ოხანაშვილი იმ 60 დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელიც 2018 წელს არასრულად და არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ჯარიმის სახით, „ჟურნალისტების მტერს“ ხელფასის 20% ჩამოერთვა.

“2020NEWS” შეეცადა, გაერკვია, ხელფასის 20%-ის დაკარგვად უღირდა თუ არა დეპუტატს დეკლარაციაში ან ქონების დამალვა, ან „არმითითება“, ან სხვა უზუსტობის დაშვება.

2018 წლამდე მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, 2019 წლის დეკლარაციაში არ იძებნება, ანუ სად ცხოვრობდა ამ დროის განმავლობაში „ღარიბი“ დეპუტატი, მითითებული არ არის. რადგან დეკლარაციის ეს ნაწილი ბუნდოვანი იყო, ბოლოს და ბოლოს, სადმე ხომ უნდა ჰქონოდა თავშესაფარი, ამიტომ 2017-2018 წლების დეკლარაციებიც მოვიძიეთ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა:

2017 წლის დეკლარაციაში კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე ბინა, სახლი ან აგარაკი არ ფიქსირდება.

თუმცა, ოხანაშვილს მეუღლის სახელზე მითითებული აქვს თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მშენებარე, 600 კვ.მ სახლი, ამ მშენებარე სახლის ღირებულებად  დეპუტატს 100 ათასი ლარი აქვს დაფიქსირებული.  

დეპუტატის 2017 წლის დეკლარაციაშივე მითითებულია, რომ მეუღლის სახელზე გაფორმებული იყო ამავე მისამართზე მდებარე  550 კვ.მ მიწის ფართობიც. ამ მიწის ფართობის ღირებულებად  კი, 15 000 დოლარია დაფიქსირებული.

2018 წლის დეკლარაციაში კი ჩანს, რომ ოხანაშვილების ოჯახს ამავე წლის 27 ივნისს ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სახლი და მიწის ფართობი 200 ათას დოლარად  გაუყიდია.

2019 წლის დეკლარაციაში, ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელის საკუთრებაში უკვე ფიქსირდება - 509,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და  800 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში.

დეპუტატის მეუღლეს ეს ძვირადღირებული ქონება  2018 წელს საჩუქრად მიუღია.  

ვინ და რატომ აჩუქა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მეუღლეს ქონება, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

როგორც ჩანს, დეპუტატი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ამდაგვარი გაუგებრობების გამო დაჯარიმდა.

ბანკები და ოხანაშვილების ფინანსები

არ ვიცით, სად წაიღო ოხანაშვილების ოჯახმა ტაბიძის ქუჩაზე გაყიდული სახლის თანხა - 200 ათასი დოლარი, დეკლარაციაში ეს არ ჩანს და არც ის ვიცით, აღმაშენებლის ხეივანში ახალი სახლის „მჩუქებელი“ სანტებიც თავადვე ხომ არ იყვნენ საკუთარის თავისთვის.

თუმცა, ოხანაშვილის დეკლარაციის საბანკო ანგარიშების ნაწილზე როცა გადავედით, აღმოჩნდა, რომ ქმარი ისევ „ღარიბია“, ცოლი კი -„მდიდარი“,  არადა ოჯახში „მთავარი შემომტანი“ ქმარია.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ოხანაშვილის მეუღლეს „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე უფიქსირდება  4 ათას 081,78  ევრო და 2 ათას 406,79 ლარი, თავად კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილს 3 ათას 997,9 ლარი - სახელფასო ბარათზე, “თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი - 2 ათას 724,8 ევრო.

სხვათაშორის, ოხანაშვილების ოჯახი არც ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს ფლობს და არც რომელიმე კომპანიის წილს. ოჯახის  ძირითადი შემოსავალი ანრი ოხანაშვილის მინიმალური  სადეპუტატო ხელფასია, რომელმაც  2018 წელს  51 ათას 092, 6 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, ოხანაშვილების ოჯახის გასავალმა 2019 წელს 15 ათას 097,5 ლარი შეადგინა.

ასეთია საქართველოს მთავარი არჩევითი ორგანოს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, სამართალმცოდნეობის მაგისტრის, ანრი ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაცია. ამ წარმომადგენლობითი და პატივსაცემი რეგალიების მიუხედავად, ეს ის ოხანაშვილია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს, ამორალური და უზნეო უწოდა. დეპუტატმა ეს თავდასხმა ჟურნალისტზე მხოლოდ იმისთვის მოაწყო, რომ ბაკურიანში,  ოხანაშვილზე თავდამსხმელი პირი ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მიიწვია და აალაპარაკა.

არადა, თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისმა პროდიუსერმა გადაცემაში მონაწილეობა, თანაც იმავე ეთერში, იმავე ფორმატში, იმავე დღეს, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირსაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

დეკლარაციასთან რა შუაშია, მაგრამ ოხანაშვილმა თავი თავად ჩაიგდო იმ სიტუაციაში, ყველა სტატიასა თუ რეპორტაჟში შეახსენო, როცა სხვის „მორალსა და ზნეობაზე“ ასე თამამად და არაობიექტურად, სულ სხვა გადაცემაში, სულ სხვა თემაზე მიწვეული, ყველას გასაგონად საუბრობს, აბულინგებს ჟურნალისტს და თან თავდასხმის სუბიექტს შეპასუხების საშუალებას უსპობს, არც ის დაავიწყდეს, რომ

სულ ცოტა ხანია გასული მას შემდეგ,  რაც თანამდებობაზე (იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზეა საუბარი) დანიშვნა სკანდალური, საეჭვო წარსულიანი თუ ასევე საეჭვო დიპლომებიანი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით აღნიშნა.

აქედან მორალი: როცა შენ, იურიდიული კომეტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიშენი პარტიის თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანიშვილს ასეთ მოსამართლეებს „უპრავებ“ და ქვეყნის მართლმსაჯულებას უვადოდ უგდებ ხელში, მე, მოქალაქე , და თან ჟურნალისტი თუ ვიფიქრებ, რომ  ამ მოსამართლეებს კი არა დამპურებელ ოლიგარქს რეციდივისტებსაც კი უვადოდ „გაუპრავებდი“ მოსამართლეებად, ნურც გეწყინება და ნურც გაგიკვირდება.

მარიამ მაჭარაშვილი

რუსა მუმლაძე