მე არ მინდოდა "ვარდების რევოლუცია" - ეროსი კიწმარიშვილი
მე არ მინდოდა "ვარდების რევოლუცია" - ეროსი კიწმარიშვილი

A+ A-

13:01 14/02/2020

2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე შემოქმედი ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და შესაბამისად, მისი დამფუძნებელი და დირექტორი, გაურკვეველ ვითარებაში „თვითმკვლელობით“ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი.

გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის დამფუძნებელი, რევოლუციიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საკუთარ მოგინებეში წერს, რომ მას რევოლუცია არ უნდოდა.

„ახალმა ხელისუფლებამ უცნაური საკადრო პოლიტიკა დაიწყო. ეს ძალიან მანერვიულებდა და ხშირად ვფიქრობდი, ჰქონდა თუ არა ჟვანიას პრემიერ- მინისტრის და სააკაშვილს პრეზიდენტის კომპეტენცია. 2003 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი ვერც კი იოცნებებდა, რომ წლის ბოლოს პრეზიდენტი გახდებოდა. ამიტომ, არც თავად და არც მისი გუნდი, ამხელა ძალაუფლების ხელში ასაღებად მზად არ იყვნენ. სააკაშვილის გუნდს მისი პარტიის წევრები - ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია ხევიაშვილი, გია ნაცვლიშვილი და კოტე კემულარია წარმოადგენდნენ.

“თავისუფლების ინსტიტუტი” სადღაც ნახევრად დანგრეულ შენობაში შეხიზნული ცალკე ჯგუფი იყო, რომლის წევრებს მაქსიმალიზმისთვის პერიოდულად ხან მამა ბასილის მხარდამჭერები, ხანაც მამალაძის “ზონდერკამანდები” სცემდნენ. Gგიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები სულ ცემა-ტყეპაში ჰყავდათ. ამიტომ ისინი ხალხს ეცოდებოდა, თუმცა მათ წინააღმდეგ პროპაგანდა ძლიერად მუშაობდა და ხალხს არწმუნებდა, რომ ესენი იეღოველები იყვნენ, რის გამოც ესენი ბევრს ეზიზღებოდა.
სააკაშვილის გუნდში არ იყო ზურა ადეიშვილი, რომელსაც მიშას თხოვნით, მოგვიანებით ვარწმუნებდი, რომ იუსტიციის მინისტრი გამხდარიყო. სააკაშვილის გუნდს არც კახა ლომაია არ წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, არც სააკაშვილმა და არც ჟვანიამ არ იცოდნენ რისთვის უნდა გამოეყენებინათ ხელისუფლება. შესაძლოა, ზურამ თავის შესაძლებლობები დროებით დამალა, რომელსაც მომავალში პრეზიდენტობისას გამოიყენებდა. მიშამ მხოლოდ ის იცოდა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძის და მისი გარემოცვის ლანძღვით გახდა და პირველივე დღიდან ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.

ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯონათან ლითლმა ამ კამპანიის თაობაზე ძალიან საინტერესო წერილი დაწერა, სათაურად ერქვა: `საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ - ლიბერალურ-ბოლშევიზმის ახალი ექსპერიმენტი,~. მე ეს წერილი მოგვიანებით წავიკითხე და გავოცდი, იმდენად კარგად ასახავს 2004 წლის მარტ-აპრილის მოვლენებს.

მე ვფიქრობდი, რომ მიშაც და ზურაც “ლიბერალები” იყვნენ. ზურაზე ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა სააკაშვილი არანაირი ლიბერალური ღირებულების მატარებელი არ აღმოჩნდა, ის კლასიკური ავტორიტარული მმართველია.
ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ სააკაშვილს მარტივი და ცინიკური გეგმა ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ მოკლე დროში ეფექტის მისაღწევად, ძველი შენობების ფასადები უნდა ეღება და ეღება. მისი აზრით, თუ რუსთაველის პროსპექტს თანამედროვედ მოაწყობდა, მას ლამპიონებით გაანათებდა და ფასადებს შეალამაზებდა ხალხი კმაყოფილი იქნებოდა. შემდეგ კი იმ პოპულარობის ფონზე, რომელიც მას გააჩნდა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცდებოდა. მისთვის და ქვეყნისთვის სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მან დასახული გეგმა, მხოლოდ ფასადების შეღებვის ნაწილში შეასრულა.

მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ რევოლუცია არ მსურდა. მე ეს მართლა არ მინდოდა. მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: შევარდნაძე სუსტი მმართველი იყო და ის და მისი კორუმპირებული გარემოცვა ხალხს მობეზრებული ჰყავდა. “რუსთავი 2”-ს ხელისუფლება და ბადრი პატარკაციშვილი განვითარების საშუალებას უსპობდნენ. ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ამას რევოლუცია მოჰყვა, რის შემდეგაც ფიქრი დავიწყე, თუ როგორ უნდა გამოგვეყვანა ქვეყანა კრიზისიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩვენ ცხოვრების დონით, ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. შევარდნაძის დროს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, არა მარტო სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენდა.

მართალია მე პოლიტიკური ძალაუფლების აღებას მოვერიდე, ვინაიდან ტელევიზიის მფლობელი ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის შექმნასაც გამოვაკლებოდი.
მიმაჩნდა, რომ ეკონომიკური რეფორმების ჩასატარებლად ჩვენ არც სათანადო ცოდნა გვქონდა და არც საამისო გამოცდილება, ამიტომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის დამუშავება უცხოელი ექსპერტებისთვის უნდა შეგვეკვეთა. ასეთად ეგორ გაიდარი მესახებოდა. გაიდარმა პოსტსაბჭოთა რუსული ეკონომიკა კაპიტალისტურ რელსებზე გადაიყვანა. ის კარგად იცნობს იმ სირთულეებს, რაც მსგავსი ტიპის ეკონომიკების გაჯანსაღებას ესაჭიროება და მას შევთავაზე კიდეც, დაეწერა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეული ხედვები. გაიდარი თანახმა იყო, მან ამისთვის 250 ათასი დოლარი მოითხოვა, რაც აბსოლუტურად მისაღები ფასია. მზად ვიყავი ეს თანხა ჩემი ჯიბიდან გადამეხადა.

ვინაიდან გაიდარი მაინც პოსტსაბჭოთა ეკონომიკის ექსპერტია, მისი ნაშრომი ძირითად დოკუმენტად არ უნდა წარმოგვედგინა. მქონდა ინიციატივა ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე სოლიდური კონფერენცია ჩაგვეტარებინა. ჩემი წარმოდგენით, უნდა მოგვეწვია ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, გამოჩენილი რეფორმატორები და ასევე მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოგვეწვია ცნობილი ეკონომისტები.
გვქონდა წინადადება ეს კონფერენცია კენიაში ჩაგვეტარებინა. შეგვეძლო მყუდრო გარემოში ჩავკეტილიყავით და ეს ფუნდამენტური ნაშრომი შეგვექმნა. ჩვენი მხრიდან მე და პრემიერ-მინისტრი ვგეგმავდით ამ კონფერენციაში მონაწილეობას. სააკაშვილს მსგავსი ტიპის პრობლემები არ აწუხებდა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ იჟღერებდა ახალი ჰიმნი.

მე მინდოდა, რომ შეგვექმნა საქართველოს მრავალწლიანი განვითარების გეგმა, რაზეც დღესაც ვლაპარაკობ. ამ გეგმით უნდა მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება და ნორმალური, განვითარებული ქვეყნის წყნარად ჩამოყალიბება.
გვსურდა, რომ თვითოეულ სფეროს განვითარებაზე გაწერილი პროგრამით გვემუშავა. გლობალური ეკონომიკის პირობებში რა უნდა გამხდარიყო სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული დარგი, რა იქნებოდა საექსპორტო კულტურები, ჩაი მოგვეყვანა თუ არა? მეღვინეობა როგორ განგვევითარებინა; სად, რომელ რაიონში აჯობებდა მეცხოველეობის განვითარება; შეგვესწავლა ტრადიციული და ახალი ბაზრები. ეკონომიკის რა სფეროები წამოგვეწია მძიმე მრეწველობა, მოპოვებითი მრეწველობა, ტურიზმი თუ სხვა. რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი მეცნიერებაში, განათლების სფეროში და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ეს პრობლემები სისტემურად განიხილებოდა. უნდა შეხედო სად არის შენი ტრადიციული ბაზრები, რომელი დარგის განვითარება შეგიძლია ახლა, ქვეყანას რისი წარმოების პოტენციალი აქვს, შეგვეფასებინა ადამიანური რესურსები, - ასეთ ფუნდამენტურ გამოკვლევას ვაპირებდით.

ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ უნდა შემდგარიყო მთავრობის ეკონომიკური გუნდი, რომელიც რეფორმატორულ ღონისძიებებს კვალიფიციურად განახორციელებდა. ჩვენ საამისო ხალხი არ გვყავს, ამიტომ უცხოეთში კვალიფიციური ადამიანები მინისტრებად უნდა დაგვექირავებინა.

ჩვენ პრემიერ-მინისტრად კარგა ხანს ბრიტანეთის მოქალაქე ლადო გურგენიძე გვყავდა, თავდაცვის მინისტრად ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, ეკონომიკის მინისტრად ამერიკის მოქალაქე - ეკა შარაშიძე, რუსეთის მოქალაქეები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი - კახა ბენდუქიძე.

არ ვიცი ეს ხალხი რა ნიშნით შეარჩიეს, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ჩვენთვის, მთავარი იყო ქვეყნის წინსვლისთვის ჭკვიანი მინისტრები გვყოლოდა. მათ მოქალაქეობას სულ არ მივაქცევდით ყურადღებას.

რეფორმები ხალხისთვის მძიმე იქნებოდა და ამიტომ მათი ავტორები გარანტირებულად არაპოპულარულები იქნებოდნენ. მათი ნაშრომი წლების შემდეგ გამოჩნდებოდა. მთავარი იყო შეგვექმნა რეფორმის ფუნდამეტი, რომელიც შეუქცევად პროცესად გადაიქცეოდა. ჩემი წინადადება გახლდათ, რომ რეფორმატორებისთვის ე.წ ოქროს ქოლგა შეგვექმნა, ანუ 5 წლის შემდეგ, როცა შედეგს მივიღებდით, თითოეული მათგანი რამდენიმე მილიონ დოლარს მიიღებდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას.
ჩემთვის სამაგალითოა დუბაის ფენომენი. პირდაპირ სასწაულია, რაც გაერთიანებულ ემირატებში ხდება: ამ უდაბნოში ლამის ყოველდღე შენდება ცათამბჯენები, უდაბნოში ერთი პალმის შენახვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 5 000 დოლარი იხარჯება, იხსნება უნივერსიტეტები და ამ ფენომენის ფუნდამენტი დევს ბრიტანულ განათლებაში, რომელიც შეიხის ოჯახის რამდენიმე წევრმა მიიღო. მათ ქვეყანაში ინგლისელი ექსპერტები ჩამოიყვანეს და მათთან ერთად შექმნეს ეს საოცრება. ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ შვიდ პროცენტს შეადგენს.

გასული 5 წლის მანძილზე ჩვენ რომ რეფორმები გაგვეტარებინა, ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდებოდა. ფასადების ღებვით მხოლოდ ფასადურ წარმატებას მოიმკი, ფასადს და არა თავად წარმატებას. აგვისტოს ომმა ეს სამწუხაროდ, ნათლად აჩვენა.
შესაძლოა, ასეთი შედეგის მიზეზი ისიც იყო, რომ სააკაშვილი საკადრო პოლიტიკას ძალზე ზერელედ ეკიდებოდა. ალბათ თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ ყველაფერი თვითონ ემართა და ამის გამო, დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ რისი და როგორი მინისტრი იქნებოდა.

ძალოვან მინისტრებს პრეზიდენტი ნიშნავდა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებაში არასოდეს ჩავრეულვარ. აქ პროფესიონალი კადრები უნდა დაეწინაურებინათ და წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ივარგებდა თავდაცვის, უშიშროების ან შინაგან საქმეთა მინისტრებად.
ჩემთვის გაუგებარი იყო, რა დამსახურებისთვის დანიშნეს გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრად. გიგი წერეთელი შევარდნაძეს ოპოზიციაში ისე ჩაუდგა, რომ არც მანამდე და არც ამის შემდეგ, მის წინააღმდეგ ხმა არასოდეს ამოუღია. 5 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე გაიარ-გამოიარა, მერე შეხედა მოვლენებს, 20 ნოემბერს წავიდა და შარდი ჩააბარა, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით, დეპუტატის მანდატი მიეღო და რევოლუციის შემდეგ, უცბად სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა. გიგი ყველა ხელისუფლებაში იქნება, ის მარადიული ფიგურაა, სააკაშვილს სულ არ დაუპირისპირდება, ისე გადაინაცვლებს მომავალ ხელისუფლებაში.

ეს კაცი დანიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და ორ კვირაში თქვა, აღარ მინდა მინისტრობა, ისევ პარლამენტარობა მირჩევნიაო და ალღომ არ უმტყუნა: მას შემდეგ რამდენიმე ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა, გიგი მერამდენიმეღაცედ გახდა დეპუტატი და თავს კომფორტულად გრძნობს.

ასევე, გაუგებარი გახლდათ კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად გოგა ხაინდრავას დანიშვნა. ხაინდრავა 2 ნოემბრის არჩევნებში შევარდნაძის პარტიის “ახალი საქართველოს” სასარგებლოდ მონაწილეობდა. იგი მთაწმინდის საარჩევნო უბანში ხელისუფლების კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და ეს კანდიდატი მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხდა.

ხაინდრავა არანაირი რევოლუციონერი არ იყო, გოგა 15 ნოემბერს შეუერთდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმალვე მინისტრად დანიშნეს.

თავდაპირველად კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად ნიკა რურუას კანდიდატურას განიხილავდნენ და ჟვანია მის გამინისტრებას აპირებდა, მაგრამ გია ბარამიძე ამის სასტიკი წინააღმდეგი წავიდა: მკვლელია, ბანდიტი, “ბოროტების საძმოს” წევრი იყოო გაიძახოდა და ჟვანიამ მის დანიშვნაზე თავი შეიკავა და ხაინდრავა გახდა მინისტრი. ხაინდრავა ზურასთან მეგობრობდა და ეს ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ის მინისტრად დაენიშნა.

მე ამ ხალხის კომპეტენტურობაშიც და გულწრფელობაშიც ეჭვი მეპარებოდა, ორივენი ბოლო მომენტში შემოგვიერთდნენ და თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, წერეთელს შარდი ჩაბარებული ჰქონდა და დეპუტატი გახდებოდა, ხაინდრავას კი დამსახურება ჰქონდა - ის ხომ ოპოზიციის კანდიდატებს უპირისპირდებოდა არჩევნებში, რასაც მას ალბათ დაუფასებდნენ“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"