კორონავირუსის საფრთხის გამო, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცას სერიის ტურნირი გადაიდო

კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიო რაგბის შვიდკაცას სერიის ორი დიდი ტურნირი, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცა გადადო.
სინგაპურის შვიდკაცა 11-12 აპრილის ნაცვლად, 10-11 ოქტომბერს გაიმართება. ჰონკონგის შვიდკაცა კი 3-5 აპრილის ნაცვლად, 16-18 ოქტომბერს ჩატარდება.
"მორაგბეებისა და ფანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე ტურნირი შემოდგომისთვის გადავდოთ", - ნათქვამია მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსით, რომლის ვაქცინაც ჯერ შექმნილი არ არის, ამ დროისთვის 1486 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 64 ათას ადამიანზე მეტია.