აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანთან ომის წარმოებას უზღუდავს
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანთან ომის წარმოებას უზღუდავს

A+ A-

10:51 14/02/2020

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. მომხრეთა შორის დონალდ ტრამპის რვა თანაპარტიელი რესპუბლიკელია.

კენჭისყრამდე, სენატი ტრამპმა გააფრთხილა, რომ არ აენთო მწვანე შუქი ამ რეზოლუციისთვის.

„ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატმა არ მისცეს ხმა ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას. ჩვენ ირანთან მიმართებით კარგად გვაქვს საქმე და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის. ამერიკელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ტერორისტ სოლეიმანიზე თავდასხმას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

იანვრის დასაწყიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტს ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესში აშშ-ის მიერ ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისა და ამერიკულ ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ დარეგისტრირდა.