"ქართული ოცნება" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 33333 დოლარს გადაუხდის
"ქართული ოცნება" ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 33333 დოლარს  გადაუხდის

A+ A-

10:18 14/02/2020

საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სთან.

შეთანხმებაში ქართულ ოცნებას წარმოადგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

როგორც DCI Group AZ, L.L.C.-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის 12 თებერვალს შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, კომპანია დაქირავებულ იქნა, „რათა ლობირება გაუწიოს ქართულ ოცნებას, როგორც სანდო და პრაგმატულ პარტნიორს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში, რომელიც ერთგულია დასავლური დემოკრატიული ლიბერალური იდეალებისა და საქართველო-აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობებისა.“

კონტრაქტის თანახმად, ლობისტური კომპანია დამკვეთის ინტერესებს დაიცავს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქამდე მსგავსი სამსახური არ გაუწევია ამ დამკვეთისთვის.

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 333 დოლარი.

კონტრაქტის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე.

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ-ბრიტანულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან.

ამ მომენტისთვის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია შვიდი კომპანია, რომელიც ლობისტურ სამსახურს უწევს საქართველოს წარმომადგენლებს - ოთხ სამინისტროს, ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

ქართული ოცნება ლობის დახმარებას მიმართავს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მთავრობის მიმართ მზარდი კრიტიკისა და ღია წერილებში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით“ გამოწვეული შეშფოთების ფონზე.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის, საპროტესტო აქციების „ძალადობრივი ჩახშობისა“ თუ ოპოზიციონერი ლიდერების „დევნის“ გამო. გავლენიანი სენატორები არ გამორიცხავენ, რომ თუ მთავრობა ვითარებას არ შეცვლის, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს.

მანამდე პრემიერ-მინისტრ გახარიას კრიტიკული წერილებით მიმართეს კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერმა, ჯერალდ კონოლიმ, ელიოტ ენგელმა, მაიკლ მაკკოლიმ. მათი კრიტიკა შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებას; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროებას საქართველოში; „ქართული ოცნების“ მიერ ფეისბუკის ყალბი ქსელის დაფინანსებას.

"რადიოთავისუფლება"