კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1486-მდე გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი  1486-მდე  გაიზარდა

A+ A-

09:49 14/02/2020

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „CNN“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 7 ათასზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში. ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი.

იაპონიის მთავრობა კი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ინფიცირებულთა მკურნალობასა და სამედიცინო დაწესებულებების ტესტირებისთვის საჭირო სისტემებით აღჭურვას მოხმარდება. ასევე გაიზრდება სამედიცინო ნიღბების წარმოება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია საავადმყოფოებში.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გამოავლინა. დაავადებული ტეხასის საჰაერო ბაზაზე კარანტინში იმყოფება.