რეზოლუცია კრიტიკული იყო და მისი ჩავარდნა, უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტია - ვიცე-სპიკერი კუჭავა
რეზოლუცია კრიტიკული იყო და მისი ჩავარდნა, უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტია - ვიცე-სპიკერი კუჭავა

A+ A-

19:42 13/02/2020

"რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა და ასე გამოეხმაურა ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნას.

„ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია, ჩვენგან მიღებული იქნას კრიტიკა, რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა. ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა. ჩვენთვის მართლა გასაკვირია, რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი, რადგან, კიდევ ვამბობ, საკმაოდ კრიტიკული იყო რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ვთვლით, რომ ეს წუხილები, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, არის აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ უნდა გავცეთ მათ პასუხი. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა, რაც ჯერ კიდევ დასადგენია“,- განაცხადა კუჭავამ.

დეპუტატმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი განაწყენებულია, რაც მათ განცხადებებშიც ჩანს.

„დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია, რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე - იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ის, რომ განწყობები გარკვეული დეპუტატების მხრიდან არის კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ, მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე - მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ცნობისთვის, დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.