ბიძინა ივანიშვილის გამო, "მთავარი არხი" 2 500 ლარით დაჯარიმდა
ბიძინა ივანიშვილის გამო, "მთავარი არხი" 2 500 ლარით დაჯარიმდა

A+ A-

18:07 13/02/2020

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხი“ პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე გაშვებული კლიპის გამო დააჯარიმა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNCC) გაავრცელა.

კომისიამ “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმა.

განცხადების თანახმად, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ „არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო“, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ.

„მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველად 30 დეკემბერს საჯარო სხდომაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

შესაბამისად, კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მაუწყებლმა არ შეასრულა.

6 თებერვალს გამართულ სხომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს იქნა ამოღებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეო რგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსულება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა". - წერია კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დავის საგანი არაერთხელ გამხდარა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.