"საქართველოს ფოსტა" იყიდება
"საქართველოს ფოსტა" იყიდება

A+ A-

16:21 13/02/2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საქართველოს ფოსტას“ ყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია “2020NEWS“-ს  „საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. თუმცა, რა ფასად გაიყიდება და როდის გავა ოფიციალურად გასაყიდად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი  მაღალბიუჯეტიანი შპს, ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერ დაკონკრეტებული არ არის. 

„ზუსტად რა მიზეზით მოხდა კომპანიის გასაყიდად გატანა, ჩემთვის უცნობია. როდის გაიტანენ ოფიციალურად გასაყიდად, ეს ეკონომიკის სამინიტროზეა დამოკიდებული, ჯერ კომპანიის შეფასება უნდა მოხდეს და მსგავსი დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი“ - გვითხრეს “საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში.

“საქართველოს ფოსტა“ ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა და ერთ-ერთი ყველაზე მაღლბიუჯეტიანი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. როგორც ცნობილია, მხოლოდ 2012-17 წლებში შპს “საქართველოს ფოსტამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში 40 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და კომპანიაში დასაქმებულია 2700 მაღალკვალიფიციური კადრი, მათი საშუალო ხელფასი კი 914 ლარია. ფოსტის აუდიტიდან კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ირკვევა - საქართველოს ფოსტა თამბაქოს ბიზნესშიც არის ჩართული. კერძოდ, კომპანია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას ეწევა.

“საქართველოს ფოსტის“ ძირითადი საქმიანობაა, მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო და გადაზიდვის მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. ასევე, შპს „საქართველოს ფოსტა“ ეწევა სიგარეტებისა და სხვა პროდუქციის რეალიზაციას, კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას, ფულადი გზავნილების მომსახურებას. კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიტანს ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციოდ ფოსტას, ჯერ განსაზღვრული არ არის.

რისთვის დასჭირდა მსგავსი წარმატებისა და ბიუჯეტის მქონე კომპანიის გასხვისება და გაყიდვა სახელმწიფოს, ამის დასადგენად “2020NEWS“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, „საქართველოს ფოსტის გაყიდვა უკვე წლებია იგეგმება და ეკონომიკის ბოლო 5 მინისტრი აქტიურად განიხილავდა კომპანიის განვითარების სხვადასხვა კონცეფციას პოტენციურ მყიდველებთან“.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, ”საქართველოს ბანკი”, „TBC ბანკი“ და რამდენიმე უცხოური კომპანია არის დაინტერესებული.

ცნობისთვის, „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო კავშირების UPU-ს და PostEurope-ის წევრია, PostEurop-ი წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს დაარსდა ბრიუსელში და აერთიანებს 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორს. ხოლო UPU გახლავთ, უნივერსალური საფოსტო კავშირი, რომელიც 1874 წელს დაფუძნდა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში და აერთიანებს 192 ქვეყანას, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა.

ამასთანავე, საქართველო პირველად გახდა მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს და საფოსტო ოპერაციების საბჭოს POC-ს წევრი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა. ამისათვის მრავალი ძირეული რეფორმა გატარდა როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით.

განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი, განახლდა სერვის ცენტრები, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება, შეიქმნა ახალი სამუშაო სტანდარტები და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები, რამაც საქართველოს ფოსტის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა და დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს.

ვინ გახდება „საქართველოს ფოსტის“ მფლობელი და შეძლებს თუ არა სახელმწიფო შპს-ს სასურველ ფასად გაყიდვას, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრე.