გამორიცხულია, რომ კალანდიამ ჩვენება მისცეს - ხორავას ქუჩის საქმეზე სიტუაცია ისევ დაიძაბა
გამორიცხულია, რომ კალანდიამ ჩვენება მისცეს - ხორავას ქუჩის საქმეზე სიტუაცია ისევ დაიძაბა

A+ A-

18:05 12/02/2020

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩვენებას ვეღარ მისცემს. ამის შესახებ “2020NEWS” კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

თოდუას თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კალანდიამ ჩვენება იმიტომ არ მისცა, რომ უზენაეს სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის განაჩენი, ასევე სხდომის ოქმები კალანდიას დაცვის მხარეს დღემდე არ გადასცემია.

„სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი ეს მიხეილ კალანდიას უფლებაა, მაგრამ ამ ყოველივეს სამართლიანი საფუძველი ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, რომ ჩვენთვის გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას განაჩენი, ასევე სხდომის ოქმები გადმოეცა, რაც დღემდე ჩვენთვის არავის გადმოუცია.

არ გვაძლევენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტები არსებითი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა ჩვენება მისცა ჯანაშიამ, როგორ შეცვალა მან 13 დღეში თავისი ხედვა და დამოკიდებულება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვერ ვაყალიბებთ პოზიციას და არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

მიხეილ კალანდიას უკვე დაერღვა დაცვის უფლება და დააფიქსირა, რომ ვიდრე ეს ჩვენებები არ ექნება სასამართლოს თავადაც ვერ მისცემდა ჩვენებას.

 სამწუხაროდ უკვე დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. ხვალ პროკურორი დასკვნით სიტყვაზე გადის და აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ თუკი უზენაესი სასამართლო ზემო აღნიშნულ დოკუმენტებს მოგვაწვდის კალანდიამ მისცეს ჩვენება. ამის არანაირი შანსი აღარ არსებობს, რომ მან ჩვენება მისცეს“, - განაცხადა თოდუამ

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად კალანდიამაც ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ არ მისცა ჩვენება სასამართლოს და ასევე დასძინა, რომ იგი მზად იყო მოეყოლა, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე.

„უზენაეს სასმართლოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუცია. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან. ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან..

ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ.

მითუმეტეს, პრაქტიკაში მაქვს გამოცდილება, როცა სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მივეცი გულწრფელი ჩვენება, პროკურატურამ ის თავისი ინტერესის სასარგებლოდ, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა.

ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე", - განაცხადა კალანდიამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ანა ქორჩილავა