ამერიკული სანქციები გზაშია - პრემიერი გახარია "დასპოილერებულია": საქართველოსგან "ბიძინას ბოსტანი" არ გამოვა
ამერიკული სანქციები გზაშია - პრემიერი გახარია "დასპოილერებულია": საქართველოსგან "ბიძინას ბოსტანი" არ გამოვა

A+ A-

12:33 12/02/2020

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს იღებს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენის კიდევ ერთ წერილს , სადაც არც მეტი და არც ნაკლები, ამერიკულ სანქციებზე მკვეთრი მინიშნებაა გაკეთებული.

„შემჩნეული ნეგატიური ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი ყოველწლიური უცხოური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები...

ჩემს ხმას ვამატებ მზარდ ორპარტიულ შეშფოთებას, რომელიც აშშ-ის კონგრესმენებმა გამოთქვეს საქართველოს განგრძობადი უკუსვლის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობისგან “, - ასეთ დიპლომატიურ, მაგრამ მკვეთრ მინიშნებას იძლევა ტეხასის შტატის კონგრესმენი რენდი უებერი პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში.

ამერიკული სანქციები გზაშია - ხელისუფლება „დასპოილერებულია“

 როგორც ვხედავთ, თავის მიმართვაში ტეხასის შტატის კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა, სწორედ „საქართველოს განგრძობადი უკუსვლის“ თაობაზე.

ამ წერილიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ოპოზიციონერ გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დაკავებამ მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაუმძიმა.

კონგრესმენ უებერის წერილი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არა თუ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებაზე საუბრობს, პრემიერ გახარიას საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზეც მკაცრ მინიშნებას უკეთებს.

ამერიკელი კანონმდებლის ამ წერილით, შეგვიძლია, თამამად ვიმსჯელოთ, რომ თუ ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დაზიანების პროცესს გააგრძელებს, ამერიკული სანქციები გზაშია და ის აუცილებლად ჩამოვა გახარიას დაანონსებულ „ბოლო სერიაში“.

მანამდე კი, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-გან სიტუაციის გამოსწორების შანსი მიცემული აქვს, რადგან უკვე „დასპოილერებულია“, რა დაემართება ამ „ბოლო სერიაში“ .

აღსანიშნავია, რომ მიმართვა ამერიკელმა კანონმდებელმა არათუ გახარიას გაუგზავნა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. მან წერილის ასლი გადაუგზავნა შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს, რომელიც ამერიკული სანქციების დაწესებას პირადად ახმოვანებს .

 ასე იყო მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმერ პლახოტნიუკისა და ბულგარელი მოსამართლის, ანდონ მიტალოვის შემთხვევაშიც, როცა მათზე სანქციების დაწესების შესახებ პომპეომ „ტვიტერიდან“ მსოფლიოს ამცნო.

უებერის წერილის ასლი გადაიგზავნა აშშ-ის ვაჭრობის მდივანთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთანაც.

როგორც ვხედავთ, კონგრესმენების მძიმე წერილების სერია გაგრძელდა. ივანიშვილს შტატებში ვერც პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძის სახით გადასხმულმა დესანტმა უშველა და სავარაუდოდ, ევროპიდანაც დემოკრატიული ალიყურით ჩამოუვა მეორე დესანტი, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძისა და ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სახით რომ გადასხა პირდაპირ ევროპარლამენტში.

უკვე ძნელი სავარაუდოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს და დასავლელი პარტნიორების განწყობა შეცვალოს იმ ამერიკული ლობისტური კომპანიის (Hogal Lovells) დახმარებით, რომელსაც ივანიშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, 900 ათასი დოლარზე, ანუ 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს.

ძნელი სავარაუდოა იმიტომ, რომ ივანიშვილმა თუ ვერ გაიგო, მთავარი - მას არადემოკრატიული და არაჯანსაღი მმართველობის შეცვლას სთხოვენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ვეღარც ლობისტები უშველიან და ვეღარც გაყალბებული არჩევნები.

კიდევ ერთი კონგრესმენის კიდევ ერთი წერილი პრემიერს 

მაშ ასე, ახლა დეტალურად ვნახოთ, თუ რა წერია კონგრესმენ უებერის წერილში.

„ჩემს ხმას ვამატებ მზარდ ორპარტიულ შეშფოთებას, რომელიც აშშ-ის კონგრესმენებმა გამოთქვეს საქართველოს განგრძობადი უკუსვლის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობისგან. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი საგარეო დახმარება, რომელსაც აშშ საქართველოში აგზავნის.

ვგრძნობ, რომ უნდა შევუერთდე კოლეგებს, რომლებმაც ბოლო დღეებში მოგწერეს. ვუერთდები მათ შეშფოთებას, რაც გამოთქმულია საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გამო და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების არასათანადო სამიზნედ ქცევისა და შევიწროების გამო“, – ნათქვამია კონგრესმენ უებერის წერილში.

კონგრესმენი თავის გზავნილში ამბობს, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს. ეს აქტი მიზნად ისახავს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის რუსეთის აგრესიისგან დაცვას.

თუმცა, კონგრესმენი ამბობს, რომ აქტი არ ითვალისწინებს „აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი არ ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას“, – აცხადებს ამერიკელი კანონმდებელი.

კონგრესმენი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში 50%-ით არის შემცირებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობა. თუმცა, ამერიკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ იმ გარემოში, რაც საქართველოში ინვესტორებს ექმნებათ, გასაკვირი არაა ინვესტიციების რაოდენობის კლება.

„ამასთან ერთად, „თრანსფერესი ინთერნეიშენელის“ კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი განაგრძობს კლებას და 2015 წლიდან ვხედავთ სტაგნაციას. ამ ანგარიშის მიხედვით, არასასურველი ზეგავლენა წამყვან ინსტიტუტებზე საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება და ძალაუფლების კერძო პირებთან კონცენტრაცია ასევე არის მიმდინარე გამოწვევა საქართველოში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ქულებში პროგრესის არქონა მიუთითებს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე.

ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტისა და ექსპროპორციული თავდასხმების შემთხვევები. ამის ნათელი მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჩემი მშობლიური შტატიდან, ჰიუსტონიდან „ფრონტერა რესურსი“. გაუარესებული გარემოს კიდევ ერთი მაგალითი დაკავშირებულია ამერიკულ კომპანია „ფეისბუქთან“, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღმოაჩინა და დახურა საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანგარიშების ქსელი, რომლებსაც არასათანადო, არაავთენტურ ქცევაში დასდეს ბრალი, რისი მიზანიც იყო ქართული ოპოზიციის განადგურება და ანტიდასავლური განწყობის წინ წაწევა, განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-ს“,- წერს უებერი.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი, კონგრესმენი უებერი პირველია, რომელმაც თავის მიმართვაში ამერიკულ სანქციებზე მკვეთრი მინიშნება გააკეთა.

„შემჩნეული ნეგატიური ტენდენციების გამო, მნიშვნელოვანი ყოველწლიური უცხოური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები. შევუერთდი კონგრესის მზარდი რაოდენობის წევრებს რეფორმებისკენ მოწოდებაში „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ თანასპონსორობით, რომელიც წარდგენილია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.

საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, მეგობრებს შორის გულწრფელი საუბარი მომავალ წლებში ურთიერთობებს გაამყარებს. ამ კონტექსტში, ასევე იმედი მაქვს, თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, რომ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ქმედებები შეაჩეროს, წაახალისოს ამერიკიდან მზარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ერთმნიშვნელოვნად იპოვის გზებს, რათა რეაგირება მოახდინოს შემაშფოთებელ ნიშნებზე, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – წერს რენდი ვებერი.

“2020NEWS“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებდა ქვეყნის დემოკრატიული პროცესების შეფერხებას, ოპონენტთა პოლიტიკური დევნას მართლმსაჯულების საშუალებით და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არ შექმნიდა ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და პირადად არაფორმალი მმართველი ამერიკულ სანქციებამდე აუცილებლად მივიდოდა.

უგულავას დაკავებამ იმდენად დააზიანა ხელისუფლება, რომ როგორც ჩანს, სტარტეგიული პარტნიორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები, მათ შორის ორივე პარტიის - „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები საქართველოს მმართველი ისტებლიშმენტისთვის სანქციების დაწესებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ და ეს მინიშნება კონგრესმენის წერილით გაკეთდა.

მმართველი ძალის მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა  ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს,  საქართველო, როგორც კონგრესმენი ადამ კიზინგერი ამბობს, ამერიკის "მომავლისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა“. შესაბამისად, ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის „ბიძინას ბოსტნად“  გადაქცევის  საშუალებას მეგა სახელმწიფო არ მისცემს.

რუსა მუმლაძე