დედამ და ექიმებმა ბავშვი 13 000 დოლარად გაყიდეს - დაკავებულია 7 პირი
დედამ და ექიმებმა ბავშვი 13 000 დოლარად გაყიდეს - დაკავებულია 7 პირი

A+ A-

10:35 12/02/2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, 7 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების 2 ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მეორე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.