მშიერი ხალხის მთავრობა შავი ჯიპებიდან არ გადმოდის - რატომ  არ თქვა უარი ამ კომფორტზე  ივანიშვილის ხელისუფლებამ?!
მშიერი ხალხის მთავრობა შავი ჯიპებიდან არ გადმოდის - რატომ  არ თქვა უარი ამ კომფორტზე  ივანიშვილის ხელისუფლებამ?!

A+ A-

15:54 11/02/2020

მთავრობა გადმოვა შავი ჯიპებიდან - ახარა საზოგადოებას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუსტად 2 წლის წინ.  პიარ-ექომ მოიცვა ივანიშვილის პოლიტ-ელიტაც. შავი ჯიპების ეპოქა დასრულდა - გუგუნებდა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. დეპუტატები, მინისტრები და სხვა „ოცნებელები“ განცხადებების გაკეთებაში ერთმანეთს ეცილებოდნენ.

გამოცხადდა ტენდერიც, უფრო ზუსტად ტენდერებიც, მაგრამ ელიტარულ ავტომანქანებზე ამხედრებული ივანიშვილის მთავრობა შავი ჯიპებიდან არ გადმოვიდა. მეტიც, არა მხოლოდ არ გადმოვიდა, ბოლო მოდელისა და მაღალი კლასის ჯიპების რაოდენობამ მთავრობის ავტოპარკში თვალშისაცემად იმატა.

„2020NEWS“ დიდი ხანია ცდილობს გაარკვიოს, რატომ არ გადმოდის მთავრობა შავი ჯიპებიდან და რატომ მოატყუეს საზოგადოება, მაგრამ უშედეგოდ. ფაქტია, მთავრობა კომფორტზე უარს არ ამბობს და შავი ჯიპებიდან არ გადმოდის!

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურების წარმომადგენლების სიბრიყვეს რომ საზომი არ აქვს, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია, მაგრამ ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათთან ხშირად გვიწევს დაკონტაქტება.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - ჩვენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ერთადერთი და კონკრეტული კითხვით მივმართეთ: „როდის გადმოვა მთავრობა შავი ჯიპებიდან, რაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ დააანონსა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა?“, - რაზეც ბუნებრივია, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენჯერმე გადამისამართება-გადმომისამართების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან ასეთი პასუხი მოვიდა:

“როდესაც თქვენს მიერ დასახელებული განცხადება (იგულისხმება კვირიკაშილის განცხადება) გაკეთდა, წესი მაშინვე შეიცვალა და მას შემდეგ ტენდერი ფერის მითითებით ცხადდება. არსებული ავტოპარკის განახლება ან გადაღებვა მხოლოდ ფერის შეცვლის გამო, არც იგეგმებოდა. სხვა დეტალებზე, ტენდერებთან დაკავშირებით, შესყიდვების სააგენტოს უნდა მიმართოთ. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ავტომანქანები არ შეუძენია“,- გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს მთავრობის შავი ჯიპებიდან გადმოსვლა-არგადმოსვლის საკითხი კი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2018 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხმაურიანი სიახლე დაანონსა.

„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ. “არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა (სტილი დაცულია).

ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ევალებათ, რომ მათ ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილი, რომელთა გამოყენება გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება და შეკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკარგავად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისამდე გადასცენ. გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, აღნიშნული მოთხოვნა ეხება საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

ყველა სამინისტროს ევალება, რომ 2018 წლის 25 აპრილამდე სპეციალურ სამთავრობო კომისიას წარუდგინოს როგორც სამინისტროების, ისე მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა. სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი კომისია 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი (მინისტრის მოადგილე), ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. აღნიშნულ კომისიას სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადება და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის კონტროლი ევალება, - განაცხადა მაშინ კვირიკაშვილმა.

მიუხედავად ამ ბრძანებისა, დღეს შავ ჯიპებზე სხედან - პრეზიდენტი, მინისტრები, დეპუტატები, ფორმალური თუ არაფირმალური მმართველები, მოსამართლეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ცდუნებას ვერ გაუძლო, კომფორტზე უარი ვერ თქვა და შავ  ჯიპებში  ჩარჩა!