სად მიდის ვანო მერაბიშვილი?
სად მიდის ვანო მერაბიშვილი?

A+ A-

15:34 11/02/2020

„2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების“ პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „მატროსოვის“ ციხეში დატოვებისთვის ახალ საქმეებზე მუშაობს.

პარალელურად, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ექს-მინისტრი, საპატიმროს დატოვების შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

სად მიდის ვანო მერაბიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში? – “2020NEWS”-ის ეს კითხვა უპასუხოდ და უკომენტაროდ დატოვა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დამ მარინა მერაბიშვილმა.

"არ ვიცი რა გეგმები აქვს ვანოს. სად წავა და რას აპირებს და საერთოდ, ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განუცხადა "2020NEWS”-ს მარინა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ადასტურებს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი.

“ქმნის თუ არა ვანო მერაბიშვილი პარტიას, ნამდვილად არ ვიცი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ პოლიტიკური ცხორვების გაგრძელებას აპირებს. რა ფორმით, ეს ჩემთვის უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს უახლოეს მომავალში“,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კულუარული ინფორმაციის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ევროპული საქართველოს“ გუნდს არ შეუერთდება და თავად შექმნის პარტიას.

ამ ვერსიას პერსპექტივის არმქონედ აფასებენ ექსპერტები.

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ახლა ვანო მერაბიშვილის პარტიაში მიღება “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “ევროპულ საქართველოს“ არ აწყობს, რადგან მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

მისივე განცხადებით, მერაბიშვილს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაუჭირდება.

“ვანო მერაბიშვილს დამოუკიდებლად პოლიტიკური პარტიის შექმნა ძალიან გაუჭირდება. თუკი პარტიას შექმნის, ამ პოლიტიკური ძალის მომავალი ფაქტობრივად, ნულის ტოლი იქნება. მას საზოგადოებაში გავლენა არ აქვს, რადგან ის როგორც ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ფიგურა, არც არსებობდა და არც ახლა არსებობს.

თუკი მერაბიშვილი პარტიას შექმნის და პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გადაწყვეტს, “ნაციონალურ მოძრაობსა“ და “ევროპულ საქართველოს“ გული ნამდვილად არ დაწყდებათ, რადგან მოსახლეობაში მის მიმართ ნეგატიური განწყობა საკმოდ მაღალია“,- განაცახდა ვახტანგძ ძაბირაძემ.

პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ მერაბიშვილი ბუნებით ლიდერი არ არის. ამიტომ თუკი მას პარტიის შექმნის განზრახვა აქვს, ეს პროცესი მისთვის დიდი წარმატებით ვერ დამთავრდება.

“ვანო მერაბიშვილი უნიჭო კაცი არ არის, მაგრამ მაინცდამაინც არც დიდი ლიდერია. მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის აქტივობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუკი მერაბიშვილი რომელიმე გუნდში შევა, ეს ფაქტი პარტიას რაღაცას შემატებს. მის ყოფნას “ნაციონალურ მოძრაობაში“კი დიდი პერსპექტივა არ აქვს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რამდენიმე დღის წინ კი, ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს დასვენება ურჩია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას",- განაცხადა სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2013 წლის მაისში დააკავეს, პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს.

მერაბიშვილი სასჯელს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე იხდის. მას სასჯელის შთანქმის პრინციპით, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე