იტალიის სადეპორტო განყოფილებაში, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ვახო ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
იტალიის სადეპორტო განყოფილებაში, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ვახო ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

A+ A-

12:44 03/02/2020

იტალიაში, სადეპორტო განყოფილებაში, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, ვახო ჯოხაძე სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.

ვახო ჯოხაძეს მშობლიურ ქალაქ ჭიათურაში 4 თებერვალს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ჭიათურის ხარების სახელობის ტაძარში შედგება.

იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მიცვალებულზე ჩატარებული ექსპერტიზის წერილობითი დასკვნა 60 დღეში გახდება ცნობილი.

პირველადი ინფორმაციით, კი 37 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის შეშუპება გახდა.

ცნობისთვის, ექსპერტიზას, რომელიც 27 იანვარს ჩაუტარდა ვახო ჯოხაძის ცხედარს, სახალხო დამცველის მიერ საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრებოდა.

ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ვახო ჯოხაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრული სიმართლე გაირკვევა.

შეგახსენებთ, 19 იანვარს გრადისკა დიზონცოს მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვახო ჯოხაძე გარდაიცვალა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს.

სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.