ხორავას ქუჩის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება - ზაზა სარალიძე სხდომას არ დაესწრება
ხორავას ქუჩის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება - ზაზა სარალიძე სხდომას არ დაესწრება

A+ A-

11:00 22/01/2020

ხორავას ქუჩის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება - ზაზა სარალიძე სხდომას არ დაესწრება.

როგორც “2020NEWS“-ს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის  მამის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა დაზარალებულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო წინა სასამართლო ინსტანციების პოზიციას გაიზიარებს და მსჯავრდებულების, გიორგი ჯანაშიასა და ბუბა ბარბაქაძისადმი გამოტანილ განაჩენს ძალაში დატოვებს.

ლონდარიძე სააგენტოსთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ საქმეში მონაწილე  პირები კიდევ გამოიკვეთოს.

სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

,,უზენაეს სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესს მე და ბატონი ზაზა სარალიძე არ დავესწრებით, დაზარალებული მხარისათვის პირველი სხდომა არ არის გადამწყვეტი.

მოლოდინი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლოები გაიზიარებს იმავე პოზიციას, რომელიც განაჩენის სახით უკვე მიიღეს.

დაზარალებულ მხარეს იგივე პოზიცია გვაქვს, რაც წინა  სხდომებზე  გვქონდა და სასამართლო განაჩენს  სრულიად ვუჭერთ მხარს,  თუმცა ყურადღებას გავამახვილებთ იმაზეც, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დამატებით   საქმის წარმოება მიმდინარეობს.

ჩვენი ძირითადი პოზიცია არის, რომ ეს არის საქმე, რომელზეც აუცილებელია, ყველას ის პირი დაისაჯოს, რომელიც საქმეში მონაწილეობდა. 

მართალია, ამ ეტაპზე  მიხეილ კალანდიას მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა  არ გამოვრიცხავთ,  საქმეში მონაწილე რომელიმე პირი  კიდევ გამოიკვეთოს“, - განაცხადა ლონდარიძემ. 

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

ანა ქორჩილავა