საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს - პაატა იმნაძე
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს - პაატა იმნაძე

A+ A-

11:00 22/01/2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, - აცხადებს მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

იმნაძის განმარტებით, კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.

„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.

„რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.