ცესკოს ჯერ არ დაუდგენია, ვინ ჩაიბარებს "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მანდატს
ცესკოს ჯერ არ დაუდგენია, ვინ ჩაიბარებს "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მანდატს

A+ A-

18:14 14/01/2020

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი “2020NEWS“-თან ვერ აკონკრეტებს, პოლიტიკიდან წასული კარლო კოპალიანისა და ოთარ ჩრდილელის ნაცვლად, სადეპუტატო მანდატებს ვინ ჩაიბარებს.  სავარაუდოდ, ჩრდილელის ნაცვლად, სადეპუტატო მანდატს, რიგითობის მიხედვით, ვალერი გელაშვილი გადაიბარებს.   

როგორც მაჭარაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების“ მომავალი დეპუტატების ვინაობას დაადგენს.   

“ოთარ ჩრდილელსა და კარლო კოპალიანს ვინ ჩაანაცვლებს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ცენტრალური საარჩვენო კომისია იკვლევს და დაადგენს, ვის მოუწევს პარლამენტში შესვლა. როცა ცესკო აღნიშნულ პროცესს დაასრულებს, დოკუმენტაციას პარლამენტს გამოუგზავნის “, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 პარლამენტის წევრთა ჩანაცვლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტი “ქართლი ოცნების“დეპუტატებმა ოთარ ჩრდილელმა და კარლო კოპალიანმა დატოვეს.  

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ჩრდილელის მაგივრად, სადეპუტატო მანდატს პარლამენტიდან საკუთარი ნებით წასული, “გავრილოვის ღამის“ შემოქმედი ზაქარია ქუცნაშვილი დაიკავებს, ეს სამართლებრივად სწორი არ იქნება. 

“ზაქარია ქუცნაშვილი ალბათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს. სამართლებრივად სწორი არ არის, როცა საკუთარი სურვილით პარლამენტს დატოვებ და შემდეგ მანდატს ისევ ჩაიბარებ. არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგანი გახდეს“,- განაცახდა გურამ მაჭარაშვილმა.

ქუცნაშვილის შემდეგ კი ამ ადგილის პრეტენდენტი ვალერი გელაშვილი ხდება, შეგახსენებთ, ვალერი  გელაშვილი 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში, ხაშურში,  მაჟორიტარულ ორთაბრძოლაში „მრეწველების“ კანდიდატთან, სიმონ ნოზაძესთან დამარცხდა.