ანაკლიის ნაცვლად, სახელმწიფომ რუსეთისთვის საინტერესო ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი ნახევარი მილიონით დააფინანსა - ხაზარაძე
ანაკლიის ნაცვლად, სახელმწიფომ რუსეთისთვის საინტერესო ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი ნახევარი მილიონით დააფინანსა - ხაზარაძე

A+ A-

13:07 14/01/2020

„სახელმწიფო ყაზბეგისკენ მიმავალი გზის ასაშენებლად ნახევარ მილიონ ვალს იღებს და დებს პროექტში, რომლითაც რუსეთს აძლევს კომფორტულად ტანკების შემოყვანის ახალ შესაძლებლობას... ყველა ის პირი, რომელმაც ანაკლიის პორტის  პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  სასამართლოში შესვლის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, მათ სურთ საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილება, თუმცა ისინი ამ დავისთვისაც მზად არიან.

„მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია  ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად. არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, როცა სახელმწიფო ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, ხოლო გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე ამბობს უარს, ეს იმას  ნიშნავს, რომ  სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი გადახაროს  რუსეთისკენ.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ქვეყნისთვის: აქ შეიქმნებოდა 10 წელიწადში 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემოვიდოდა 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 3 მილიარდი განზრახულებათა ოქმი გვქონდა აზიის განვითარების ფონდიდან. ანაკლია გახდებოდა კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ჩვენ გავხდებოდით ტვირთების გადამანაწილებელი მთელ მსოფლიოში, მთელ რეგიონში, ჩინეთის ჩათვლით. არ გამოიჩინა სახელმწიფომ ნება და არ მოგვცა 50 მილიონის გარანტია, ამ დროს, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიონად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიონს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, შეამოწმეს „თიბისი ბანკი“, მათ შორის, აქტივების დარეზერვების მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფომ „ანაკლიის კორსორციუმს“  9 იანვარს ხელშეკრულება შეუწყვიტა.