მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა - გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა - გია ვოლსკი

A+ A-

18:20 13/01/2020

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება შეაფასა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას.

„გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტნციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. უტიფრობაა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების, ჯაშუშების ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედიასაშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე, თავისუფლებაზე და საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდნენ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე.

„მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა გამოძიებას კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან, მისი პირდაპირი, უშუალო კავშირის შესახებ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.