რატომ არ იწყებს "ემ კვადრატი“ "სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ბინების მშენებლობას და რას დავობს "სფერო ჰოლდინგი?
რატომ არ იწყებს "ემ კვადრატი“ "სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ბინების მშენებლობას და რას დავობს "სფერო ჰოლდინგი?

A+ A-

18:07 13/01/2020

კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები საკუთარი ბინების მშენებლობის გაგრძელებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ხმაურიანი ბრიფინგის შემდეგ, სადაც მან შეჩერებული მშენებლობების გაგრძელება დააანონსა და 2500 დაზარალებულს საზეიმოდ ახარა, რომ მშენებლობას კომპანია “ემ კვადრატი“ გააგრძელებდა, რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ ამ დაზარალებულებმა არც ამ მშენებლობის გაგრძელების ვადა იციან და არც ის პირობები, რასაც კომპანია “ემ კვადრატი“ სთავაზობს მათ.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად სულაც არ არის, რადგან ამ მშენებლობათან დაკავშირებით სასამართლოში პროცესებია ჩანიშნული, სადაც კიდევ ერთი დეველოპერული კომპანია “სფერო ჰოლდინგი“ დავობს.

“2020NEWS” შეეცადა გაერკვია, როდის და რა პირობებით გაგრძელდება მშენებლობა და რის შესახებ დავობენ მხარეები. როგორც სააგენტოს “ემ კვადრატში“ განუცხადეს, პროექტის განსახორციელებლად მცირე დეტალებია დასაზუსტებელი, რის შემდეგაც “ემ კვადრატი“ უკვე შეძლებს მშენებლობების დაწყებას. ხოლო სასამართლოში მიმდინარე დავა, კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ ხელს არ უშლით.

“ჩვენ ახლა ველოდებით მერიისგან ოფიციალურ დოკუმენტს, რის შემდეგაც კომპანია მშენებლობების განახლებას შეძლებს. ჩვენ ალბათ, იანვრის ბოლოდან დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. ანუ მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე.

მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან 3 წლის ვადაში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება “ემ კვადრატის“ მიერ. რაც შეეხება იმას, რა ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული “სვეტს“ “სფერო ჰოლდინგთან“, არ ვიცით და არც ჩვენი პრობლემა არ არის,”- განუცხადეს “2020NEWS”-ს სამშენებლო კომპანიაში.

სააგენტოს დედაქალაქის მერიაში უთხრეს, რომ ნებართვის გასაცემად მცირე დეტალებია დარჩენილი, რაც იანვარში შეთანხმდება და კომპანიას იანვრის ბოლოდან შესაძლებლობა ექნება მშენებლობა დაიწყოს.

“ემ კვადრატს“ მერიაში შემოტანილი აქვს განაცხადები. ეს განაცხადები არის უკვე განხილული და საჭიროებს რამდენიმე საკითხის დაზუსტებას. ეს საკითხები დაზუსტდება, მერია მიიღებს გადაწყვეტილებას და გადაუგზავნის საკრებულოს დასამტკიცებლად. სავარაუდოდ, ეს პროცესი იანვრის ბოლოსთვის დასრულდება“ , - განუცხადეს “2020NEWS“-ს მერიაში.

შესაძლოა ნებართვების საკითხი მოგვარდეს, მაგრამ მშენებლობის გაგრძელება რამდენად მოხდება, ძნელი სათქმელია. საქმე ის არის, რომ “სვეტის“ წინააღმდეგ კომპანია “სფერო ჰოლდინგმა“ 2018 წლის 2 სექტემბერს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის საფუძველი კი ის ხელშეკრულებაა, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა და რომლის მიხედვითაც, “სვეტს“ შეჩერებული მშენებლობები “სფერო ჰოლდინგისთვის“ უნდა გადაეფორმებინა.

ხელშეკრულების მიხედვით, “სფერო ჰოლდინგი“ მზად იყო გადაებარებინა კომპანია სვეტის 100%-იანი წილი და დაეკმაყოფილებინა დაზარალებული მენაშენეები და დაეტოვებინა ის საშეღავათო პირობები, რომელიც არსებობდა - 10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება. თავის მხრივ, “სვეტი“ ვალდებულებას იღებდა, შეჩერებული მშენებლობები “სფერო ფოლდინგისთვის“ გადაეფორმებინა. რადგან “სვეტმა“ ეს ვალდებულება არ შეასრულა, “სფერო ჰოლდინგმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამ სარჩელის მიუხედავად, კალაძემ “სვეტი“ “ემ კვადრატს“ გადაულოცა - 2019 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია “ემ კვადრატ უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, “ემ კვადრატი“ იღებს პასუხისმგებლობას გადაიბაროს თბილისში მდებარე კომპანია “სვეტის“ 3 შეჩერებული პროექტი - მირცხულავას ქუჩის #9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის #125ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის #22-ში. რა პირობებით გადაიბარებს “ემ კვადრატი“ “სვეტის“ დაზარალებულებს, ბუნდოვანია.

“2020NEWS“-ის ინფორმაციით, “ემ კვადრატი“ საშეღავათო პირობებს მინიმუმამდე ამცირებს. კერძოდ, 10 წლიანი უპროცენტო შიდა განვადება 3 წლიან შიდა განვადებაზე ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მენაშენეებმა ბინების ღირებულება, სრული თანხა, 3 წელიწადში უნდა დაფარონ. “ემ კვადრატში“ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავს იკავებენ. კომპანია “სფერო ჰოლდინგში“ კი აცხადებენ, რომ მენაშენეებისთვის საშეღავათო პირობების სრულად შენარჩუნება იყო ხელშეკრულების შესრულების ერთ-ერთი მთავარი პირობა. კომპანია “სვეტს“ სულ 5 გაჩერებული ობიექტი ჰქონდა - 4 თბილისში და ერთი ბათუმში.

რა ბედი ეწია დანარჩენ 2 ობიექტს და რატომ არ აიღო ვალდებულებად მისი დასრულება კომპანია “ემ კვადრატმა“, გაუგებარია. “სვეტის“ შეჩერებული სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.

აღსაღნიშნავია, რომ თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას „სვეტის“ მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებით, წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნას. “სვეტის“ დამფუძნებლები, რომლებიც ახლა პატიმრობაში იმყოფებიან, ღიად აცხადებენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ლობირებდა კომპანია “სვეტს“, აქვე საგულისხმოა, რომ ლილუაშვილის მეუღლე მაია ჭეიშვილი კომპანია “სვეტის“ თანამშრომელი იყო.

სხვა შემხვევაში, კომპანია ნებართვის გარეშე მშენებლობებს ვერ განახორციელებდა. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები, მათშორის, დირექტორი - გივი ჯიბლაძე, 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ თაღლითობას, კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავება.

უწყების ცნობით, გამოძიება კომპანია “სვეტის” მენაშენეთა განცხადების საფუძველზე 2018 წლის 29 მაისს დაიწყო. აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად, მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეთა თანხებს და კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ გააჩნდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა მენაშენეთა პროტესტი და შიმშილობა “სვეტის” ოფისში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია სხვისდებოდა. დაზარალებულთა მოთხოვნა იყო, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობდა კომპანიის წილს და როდის დასრულდებოდა მშენებლობა.