რატომ არ ირჩევენ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ შალვა თადუმაძეს?
რატომ არ ირჩევენ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ შალვა თადუმაძეს?

A+ A-

15:02 13/01/2020

ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევას არ ჩქარობს. საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, რომელიც საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას უკავშირდებოდა, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის მთავარი ინსტანციის მათთვის სასურველი მოსამართლეებით დაკომპლექტება შეძლო. შესაბამისად, დღის წესრიგში სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა დადგა.

როგორც "2020NEWS”-ს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესახებ მსჯელობა საბჭოს ამ დრომდე არ დაუწყია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი და უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი შალვა თადუმაძე, ჯერ მხოლოდ უზენესის სასამართლოს სისხლის სამართლოს საკასაციო პალატის თავმჯდომარეა, რომლის „უდიპლომობის“ შესახებ საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის.

კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებს შორის უნდა აირჩიოს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს.

თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან ორი კვირის შემდეგ, კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

კანონის მიხედვით შესაძლებელია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეც აირჩეს.

შეგახსენებთ, შალვა თადუმაძე უკვე აირჩიეს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა უზენაეს სასამართლოში.

ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად მოსამართლე მზია თოდუა ასრულებს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიების ნომერ პირველი იურისტი და მილიარდერის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.