შემოვდივარ პოლიტიკაში - გიორგი ქობულია
შემოვდივარ პოლიტიკაში - გიორგი ქობულია

A+ A-

13:19 13/01/2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც ასევე, ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან ისე გადააყენა, რომ საზოგადოებამ ამ საკადრო ცვლილების მიზეზი ვერ გაიგო, პოლიტიკაში მიდის.

ყოფილი მინისტრი “2020NEWS“-თან საუბარში ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოდის, თუმცა პოლიტიკური სტარტის თარიღს ვერ აკონკრეტებს.

როგორც ქობულია სააგენტოსთან აღნიშნავს, პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების მიზნით, ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკოსთან კონსულტაციებს აწარმოებს.

“გადაწყვეტილი მაქვს, რომ პოლიტიკაში შემოვიდე, მაგრამ ამ მომენტში პაუზას ვიღებ. პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ იმ კონფიგურაციას, რომლის მიხედვით მექნება საშუალება, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში შედეგს მივაღწიო. პრინციპულად გადაწყვეტილი მაქვს, რომ პოლიტიკაში შემოვიდე, ოღონდ აქ ლაპარაკია მხოლოდ დროზე. ის გუნდი, რომელიც მინდოდა შემეკრიბა, ვერ შევკრიბე. არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ “2020NEWS” რამდენიმე თვის წინ წერდა. მაშინ ქობულია პოლიტიკაში მოსვლას არც უაყოფდა და არც ადასტურებდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე