ახალი წლის ღამის სიზმარი
ახალი წლის ღამის სიზმარი

A+ A-

12:30 13/01/2020

ახალ წლის ღამეს ერთ-ერთ მშფოთვარე ინტელიგენტს შიშით გამოეღვიძა. თავის ხმელ სარეცელზე წამოჯდა. არც ხმას იღებდა და არც ინძრეოდა, მისი მუდამ მშფოთვარე ორგანიზმი ქანდაკებასავით იყო გაშეშებული. მისი მუდამ მღელვარე თავის ქალა თითქოს მთლათ გაყინულიყო, არავითარი აზროვნება იქ არ ჭაჭანებდა.

მხოლოდ მარტო შეამჩნევდით, რომ მის ფართო მკერდს ძლიერი მოძრაობა ეტყობოდა, მისი გმირული გული ბუდიდან გადმოხტომას აპირებდა. რა ნახა? რა ესიზმრა?... ნუთუ სიზმარში ნახა, რომ რაც საქართველოში ქვევრები იყო უეცრად დაცლილიყო? - არა! ის დრო წავიდა, როდესაც ქართველ ხალხს ქვევრების დაცარიელება ძილშიც აწუხებდა. ჩვენ მშფოთვარე ინტელიგენტს სულ სხვა რამ ესიზმრა:

გაზაფხულის საოცნებო დილაა. მუდამ ნაგვით და მტვრით სავსე თბილისის  ქუჩები დაგვილ დაწმენდილი და ვარდყვავილებით მოფენილია. ყველა გრძნობს დიდებულ დღესასწაულს.

ერევნის მოედნიდან რკინის გზის სადგურამდე ქუჩის ორივე მხრით ხალხის კედელია აღმართული. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი ყველა ქუჩაში დგას და ელიან დიდებულ სტუმარს. ხალხის ორ კედელს შუა თეთრ ლაფშაზე მჯდომარე მშფოთვარე ინტელიგენტი წესრიგს იცავს.  ცალ ხელში მოგრძო კვერთხი უჭირავს, რომელსაც ხან მარჯვნივ გადაიქნევს და ხან მარცხნივ  და ორივე მხარეს წესრიგი მყარდება. მას გვერდ და გვერდ მისდევს შავ, გამხდარ ჯორზე მჯდომარე მხედარი, მას მოხუცებულობა უკვე ეტყობა. მხართ მარჯვნივ მისდევს გამხდარი ახალგაზრდა, ისიც ჯორზე მჯდომარე.

 სამი რაინდი მხედარი დაუახლოვდა რკინის გზის სადგურს.  აქ კიდევ უფრო თვალის წარმტაცი სანახაობაა.  მთელი სადგური სისხლისფერ დროშებშია ჩაფლული. ახლო მოედანი ხალხით გაჭედილია.

უცებ გაისმა საყვირის ხმა.

 სადგურის ზარებს ჩამოჰკრეს. ხალხმა სული განაბა.

 სადგურის კარები გაიღო და ქურქში ჩაფლული მოტვლეპილი თავი გამოჩნდა.

-      ვლადიმერ პირველი - გაისმა თეთრ ლაფშაზე მჯდომი მხედრის მჭექარე ხმა და მთელმა ქალაქმა მუხლი მოიდრიკა, ხალხის კედელი ორად დაიკეცა.

 ქურქში ჩაფლული თავი  კიბეზე გადმოდგა.

-ურა! ურააა!- გაისმა გრგვინვა.

 ვლადიმერ პირველი კიბეს ჩამოჰყვა და იქვე მდგომ შავ ტაიჭზე აღიმართა და სამ მხედართა შუა ერევნის მოედნისკენ წავიდა.

სადგურიდან დაწყებული ერევნის მოედნამდე ხალხი მუხლს უდრეკდა, სიხარულით მოხუცნი სთვლემდნენ, ქალები ჭორიკანობდნენ და ძუძუმწოვარა ბავშვები საზარლად ჭყიპინებდნენ. ....

მხედრებმა ერევნის მოედანს მიაღწიეს. ქალაქის საათის ზარმა საშინელი რაკრაკი ასტეხა. ვლადიმერ პირველის დანახვაზე ყველაფერი მოიღუნა, ყველამ მუხლი მოიდრიკა. მხედრებმა ხალხს ჩამოუარეს და დიდი წრე გააკეთეს. ვლადიმერი ტაიჭიდან გადმოხტა და შუა ალაგას აღმართულ ტრიბუნაზე ავიდა :

-      მოქალაქენო, წყალობითა ღვთისათა  მე მოგევლინე თქვენ! - გაისმა მქუხარე ხმა და მოტვლეპილი თავი ნელ ნელა ამოცოცდა ქურქიდან - პირველად ვარ კეკლუც კავკასიაში, არ მეგონა თუ ასე გაგეხარდებოდათ ჩემი ჩამოსვლა. როგორც სჩანს, ბოლოს ჭკუაზე მოსულხართ და შეგიგნიათ, რომ მე თქვენთვის დიდი სიკეთე მინდა.  წინათ, პატარაობიდანვე მე მდევნიდნენ, ეხლა კი მე  ვდევნი ყველას და ყველაფერს, მთელი რუსეთის ლაგამი ხელში მიჭირავს.

მთლი ჩემი ძალაუფლება დამყარებულია იმ ძლევამოსილ ჯარის ხიშტებზე, რომელმაც სასიქადულოდ დაიცო ფრონტი და ეხლა იარაღით ხელში სახლში მიიჩქარის რევოლუციის დასაცავათ. გზა და გზა ეს ჯარი რევოლუციონურ ცეცხლს ანთებს გლეხთა ჩალით დახურულ ქოხების სახურავებზე, იერიში მიაქვს კონტრ-რევოლუციონურ რკინის გზის სადგურებზე და შაქრით და ფქვილით დატვირთულ ვაგონებზე. მოქალაქენო! დაბადებიდანვე ერთი სურვილი მქონდა მომეცა თქვენთვის მიწა, თავისუფლება, პური, წყალი და სხვა. დღეს მივაღწიე ამ სურვილს, მაგრამ სანამ ყველა ამას მიიღებდეთ,  ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ.

მოქალაქენო! გულწრფელად მიპასუხეთ: გწამთ თქვენ „სახალხო კომისრების მთავრობა?“

- გვწამს და ვაღიარებთ, დიდ არს სახელი მისი - გაისმა ხალხის ხმა და ეს ხმა  გრიგალივით მოედვა მთელ თფილისს, უცბათ მონაბერმა  ნიავმა ჰაერში აიტაცა და შორს გადასტყორცნა, რომ მთელს კავკასიას ბანი მიეცა ამ ხმისთვის.

- მოქალაქენო! ამ თქვენი გულწრფელი პასუხის შემდეგ, შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ის წყალობა, რომლებიც ჩვენ მოგიმზადეთ . მოქალაქენო, გინდათ ზავი?

- გვინდა, ბატონო, გვინდა, შებღავლა ხალხმა.

- მაშ, ის უკვე მოდის თქვენკენ. ცოტა ხნით ბრესტში შეჩერდა დასასვენებლათ და თუ დარმა ხელი შეუწყო, ჩქარა მოვა.

- დიდ არს სახელი თქვენი და თქვენი „კომისარების“ მთლი რუსეთის წინაშე.

- მოქალაქენო! გინდათ პური?

- გვინდა ბატონო, გვშია. რამდენი ხანია თფილისში პური სანატრელი გახდა. ლამის არის მჭადიჭამია გურულები გავხდეთ.

- მოქალაქენო! მაპატიეთ, რომ ცოტა პური წამოვიღე თან და გზაში შემომეხარჯა, მაგრამ დავბრუნდები თუ არა, უეჭველად მოგაწვდით, მხოლოთ შავი პური იქნება, რუსეთში თეთრი პურის მოსავალი ცოტა იყო. მანამდე როგორმე გაიტანეთ თავი: სჭამეთ ქვა, ჯოხი და სხვა მაგარი ნივთეულობა. შიმშილობის დროს ყველაფრის ჭამა შეიძლება.

- გმადლობთ, დიდო ბატონო. ჩვენი სტომაქი ყველაფრის ჭამას შეჩვეულია. თეთრ პურს ისე გადავეჩვიეთ, რომ გთხოვთ აღარ გამოგვიგზავნოთ, ვერ მოვინელებთ.

- მოქალაქენო! გინდათ მიწა?

- გვინდა, ბატონო, გვინდა. ქალაქში ისეთი სივიწრივეა, რომ ქუჩაში ერთი მეორეს გვერდებს ვამტვრევთ.

- მაშ, თქვენია მთელი რუსეთი!

- დიდ არს სახელი ვლადიმერისა! იგრიალა ხალხმა

- მოქალაქენო, გინდათ თავისუფლება?

- გვინდა ბატონო, გვინდა. სროლის თავისუფლების გარდა ყველაფერი გვინდა.

- მოქალაქენო! ისეთი თავისუფლება, როგორიც თქვენ გინდათ შეუძლებელია მიიღოთ თუ შემდეგი ცვლილებები არ მოხდა.

- ბრძანეთ, ბატონო, ბრძანეთ!

- დაიხუროს ყველა გაზეთი კავკასიაში ბალშევიკების „ჩია“ გაზეთების გარდა.

- დაიხუროს! დაიხუროს!

- დატუსაღებულ იქნას მთლი რუსეთის შეგნებული ნაწილი!

- დავატუსაღოთ! დავატუსაღოთ!

- ფარნის ბოძზე ჩამოვახრჩოთ ამიერკავკასიის კომისარიატის წევრნი და ყველა, ვინც სასახლეში დაიბუნაგა!

- ჩამოვახრჩოთ! ჩამოვახრჩოთ!

- ჩამოერთვას ყველას სახლები და თქვენ მოგეცესთ;

- ჩამოერთვას! ჩამოერთვას!

- გაეხადოს ყველას თფილი ქურქები და თქვენ მოგეფინოთ ზურგზე.

- გაეხადოს! გაეხადოს!

- მოეჭრას ყველა მანდილოსანს ფეხები, ვისაც მაღალ ყელიანი ფეხსაცმელები აცვია!

- მოეჭრას! მოეჭრას- გრგვინავს ხალხი და აღფრთოვანება უმწვერვალეს წერტილს აღწევს.

- აფეთქებულ იქნას ქალაქის თვითმართველობის შენობა და მის  ნანგრევებზე აშენდეს ახალი. მაშ, გაუმარჯოს თავისუფლებას! სახალხო„კომისარებს“.

- გაუმარჯოს! გაუმარჯოს! იბღავლა ხალხმა, ვლადიმერი ტრიბუნას მოაძრო და მძლავრათ აქეთ-იქეთ გააქან-გამოაქანა.

ხალხის მოძრაობამ თეთრი ლაფშა დააფრთხო და ზედ მჯდომი მშფოთვარე ინტელიგენტი ყირამალა ძირს გადმოსვა.

სწორეთ ეს იყო მიზეზი , რომ მას ასე უდროოდ გამოეღვიძა.

გაზეთი „ერთობა“,  1918 წელი. 

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ